ყველაზე ცნობილი ფაშისტების ოჯახის წევრებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, თუმცა ადოლფ ჰიტლერის ცოლი ევა ბრაუნი მათ არ ჰგავდა. მიუხედავად იმისა, რომ ევა მუდმივად განიცდიდა ღალატს მეუღლის მხრიდან, იყო მორჩილი, მშვიდი და თავს ყველაზე ბედნიერ ქალად თვლიდა მსოფლიოში.
2018 წლის შემოდგომაზე გერმანული გამოცემის Bild-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ექსკლუზიური ინტერვიუ ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილებთან, რომლებიც მესამე რაიხის ფიურერის უკანასკნელი ნათესავები არიან. ძმებმა, სტიუარტმა და ჰიუსტონმა, გააფორმეს ფარული პაქტი, რომ არასდროს დაქორწინდებიან და საკუთარი გვარის ბოლო წარმომადგენლები იქნებიან, რათა ადოლფის გენი არ გაგრძელდეს.
როგორც ძმები ჰყვებიან, ადოლფ ჰიტლერი გამორჩეული იყო ქალებთან ურთიერთობისას, იჩენდა განსაკუთრებულ ჯენტლმენობას, თავაზიანობას, ხელგაშლილობას... ამის გამო ბევრი ქალი ცდილობდა მისი გულის მოგებას, თუმცა ჰიტლერის რჩეული ევა ბრაუნი გახდა.
პირველი შეხვედრა
პირველი შეხვედრისას ევა 17 წლის იყო, ჰიტლერი კი 40-ის. ეს მოხდა ფიურერის პერსონალური ფოტოგრაფის, ჰაინრიხ ჰოფმანის სახელოსნოში, სადაც გოგონა ასისტენტად მუშაობდა. ჰიტლერი წარდგენილი იყო, როგორც ჰერ ვულფი. ის მაშინვე დაინტერესდა მიმზიდველი ყავისფერთმიანი ქალით, რომელსაც ჰქონდა სუსტი ფეხები. ევამ პირველად იგრძნო მიზიდულობა მამაკაცისადმი და მათ შორის კავშირი იმ წამებშივე გაჩნდა. მას შემდეგ, რაც ევამ შეიტყო, რომ ადოლფს მოსწონდა ქალები დიდი მკერდით, მან დაიწყო წინდების ჩადება ბიუსტჰალტერში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ, რადგან ჰიტლერს ურთიერთობა გელი რაუბალისთან ჰქონდა, თუმცა გელიმ ოჯახში პრობლემების გამო თავი მოიკლა და ახლა ევასა და ადოლფს თამამად შეეძლოთ ურთიერთობის აწყობა.
ამის პარალელურად, დადიოდა ხმები, რომ ადოლფ ჰიტლერი ინტიმურ ურთიერთობას მამაკაცებთან ამყარებდა და ევა ბრაუნი უბრალოდ სასიამოვნო გარეგნობის გამო მოეწონა.
ევა ბრაუნთან ჰიტლერის ურთიერთობა ჰარმონიული არ ყოფილა. გოგონამ თვითმკვლელობაც კი სცადა, როცა გაიგო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალს, გერმანელ მსახიობ რენატა მიულერს ხვდებოდა. მშვენიერმა რენატამ, რომელსაც ცისფერი თვალები, შავი თმა, სწორი ცხვირი და ულამაზესი თვალები ჰქონდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ფანჯრიდან გადახტა. კიდევ ერთი ქალი, რომელსაც ჰიტლერთან ჰქონდა ურთიერთობა, უნიტიმ მიტფორდი იყო. მიტფორდმა, რომელსაც ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, 9 წელი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გაატარა. დამთხვევაა, რომ ჰიტლერის გარშემო ყველა ქალმა სცადა თვითმკვლელობა?
თავად ევა ბრაუნმა თავის მოკვლა ორჯერ განიზრახა. საბედნიეროდ, ის ორივეჯერ გადაარჩინეს. ამის შემდეგ ჰიტლემა ევას ყვავილები მიართვა და პატიება სთხოვა, ბინის ყიდვასაც დაჰპირდა და სწორედ ახალ სახლში, ბავარიის ალპებში გაატარა ევამ დრო 1936 წლიდან 1945 წლამდე. მესამე რაიხის არაოფიციალური პირველი ლედი ირგებდა დიასახლისის როლს და ყოველ საღამოს ელოდა ფიურერს გაშლილ მაგიდასთან.
ევა პოლიტიკით არ იყო დაინტერესებული, მთელი დღის განმავლობაში სახლში საქმიანობდა და ჰიტლერიც ბედნიერი იყო. ევას ფოტოების გადაღება უყვარდა და სწორედ მან შემოუნახა ისტორიას ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ადამიანის კადრები არაფორმალურ გარემოში.
ჰიტლერი და ბრაუნი ერთად 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ამ ხნის მანძილზე ჰიტლერი გამუდმებით ღალატობდა ცოლს და საკუთარი გრძნობების საჯაროდ გამოხატვას უკრძალავდა. ადოლფს სურდა, გამოჩენილიყო, როგორც მიმზიდევლი კაცი, ამიტომ ის ევასთან ერთად არასდროს ჩნდებოდა და ხალხს აფიქრებინებდა, რომ მას პარტნიორი არ ჰყავს.
„ყველაზე უბედური ქალი მსოფლიოში“ - ასე აღწერდა ევა ბრაუნს მისი პირადი მძღოლი. თავად ევა კი წერდა, რომ ადოლფს მისთვის დრო საერთოდ არ ჰქონდა, თუმცა ახერხებდა მის კონტროლს - უკრძალავდა ცეკვას, მოწევას, საჯარო სივრცეებში გამოჩენას, სხვა მამაკაცებთან ყოფნას... ჩანაწერში, რომელიც დათარიღებულია 1935 წლის 11 მარტით, ევა წერს: "რატომ შევხვდი მას? ეს საშინელებაა... ჯობდა ეშმაკს გავყოლოდი ცოლად. არ შეიძლება ოდესმე უარესად ვიყო, ვიდრე ახლა ვარ... მას მე მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის ვჭირდები." ზოგიერთი ცნობის თანახმად, ჰიტლერი მას აიძლებდა, სახლსი შიშველს ევლო და ამ მდგომარეობაში მას ფოტოებსაც კი უღებდა. ევა ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა, თუმცა ჰიტლერისამდი სიყვარულს მაინც გრძნობდა.
ევას ძალიან უნდოდა, რომ საყვარელ მამაკაცზე ოფიციალურად დაქორწინებულიყო და ამას მოთმინებით ელოდა. როგორც იქნა, ჰიტლერი ამ წინადადებას დათანხმდა, თუმცა ეს ევას გარდაცვალებამდე 36 საათით ადრე მოხდა. 1945 წლის 29 აპრილს მათი ქორწილი შედგა. პატარძალს უბრალო შავი კაბა ეცვა. 30 აპრილს, დღის სამის ნახევარზე კი, ევამ და ადოლფმა თავი მოიკლეს.
2013 წელს გერმანიაში გამოიცა წიგნი "ნაცისტების ცოლები", რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ფრაგმენტები ევა ბრაუნის წერილებიდან მისი მეგობრის, ჰერტა შნაიდერისადმი. „ჩვენ არ ვთმობთ, მაგრამ მეჩვენება, რომ დასასრული ახლოვდება. მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ვარ, რადგან ადოლფი ჩემთანაა”, - წერდა იგი სიკვდილამდე 11 დღით ადრე.