პოპულარულ ტელესერიალ „დიდებულ საუკუნეს“ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. სწორედ ამ სერიალის დამსახურებაა ის, რომ ბევრი ადამიანისთვის ჰარემში ცხოვრება ზღაპარს ჰგავს. იქ ლამაზ გოგონებს ეცვათ ძვირად ღირებული ტანსაცმელი, ატარებდნენ ლამაზ ვარცხნილობას და ცხოვრობდნენ საინტერესოდ. ნამდვილი ჰარემის რეალობა კი, გარკვეულწილად, განსხვავდებოდა იმისგან, რაც ეკრანზე იყო ნაჩვენები.
ცხოვრება ჰარემში
სერიალში ჩანს, რომ გმირებს ტანსაცმლით სძინავთ. ზოგიერთი მკვლევარი ამას რელიგიას უკავშირებს, ზოგი კი ამბობს, რომ დიდი საძინებლების გათბობა რთული იყო და იმისთვის, რომ არ გაციებულიყვნენ, ქალები სამოსს არ იხდიდნენ. მაღალი სოციალური სტატუსის ქალებს კი ჰქონდათ შესაძლებლობა, სპეციალური ბეწვის ტანსაცმლით დაეძინათ.
სულთნის რჩეულის ტანსაცმელი
სერიალში მაყურებელს შეეძლო ენახა, თუ როგორ ემზადებოდა სულთნის რჩეული მასთან შესახვედრად. ტანსაცმლის არჩევაში, ვარცხნილობის გაკეთებასა და მოწესირიგებაში მას მსახურები ეხმარებოდნენ. მთავარი ატრიბუტები კი სამკაულები იყო - სულთანი ქალს ხშირად ჩუქნიდა ძვირად ღირებულ სამკაულებს, ეს მისი ვალდებულებაც კი იყო. მის რჩეულს უნდა სცმოდა ოქროს ძაფით შეკერილი სამოსი, უბრალო მოსახლეობა კი გაცილებით მოკრძალებულად იცვამდა.
სილამაზე და ჯანმრთელობა
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ჰარემის ლამაზმანებს შორის პირველ ადგილს ჯანმრთელობა იკავებდა. გოგონები ცდილობდნენ, ეძინათ საკმარისად და დაეცვათ ჰიგიენა. დილით ისინი ყოველთვის იბანდნენ წყლით ვერცხლის დოქებიდან, იწმენდნენ კბილებს სპეციალური ჯოხებით და იბანდნენ პირს სასარგებლო ბალახების ნახარშით.
კოსმეტიკა ჰარემში საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ გოგონები წარმოშობით სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა კონტინენტიდან იყვნენ, თითოეულს ნამდვილად ჰქონდა თავისი სილამაზის საიდუმლოებები. ზოგიერთი მალამოებსა და საცხებს საკუთარი ხელითაც კი ამზადებდა.
განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ექცეოდა ექსპრესიულ თვალებსა და მდიდრულ წარბებს. წამწამებისა და წარბების ზრდისთვის ისინი ნუშის ან ზეითუნის ზეთს იყენებდნენ. ძილის წინ ყოველთვის იკეთებდნენ სახისა და ტანის მასაჟს. ნიღბების გაკეთებისას კი მათთვის მთავარი ბუნებრივი ინგრედიენტები იყო. იმ დროს ქალებს განსაკუთრებით მოსწონდათ ღია ფერის კანი. ამიტომ ლამაზმანები ყველანაირად ცდილობდნენ მის გათეთრებას.
ჰარემის მკაცრი რეალობა
ცხადია, სერიალში ბევრი რამ შელამაზებული და რომანტიზებულია. გოგონები ცდილობენ, იცხოვრონ წესრიგით, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი სილამაზე, ამ ყველაფერს კი ჭორები და ინტრიგები, შეჯიბრებები და კონკურენცია მუდამ თან ახლდა.