80 წლის ჯოსლინ ვილდენშტეინი არაერთხელ მოხვდა პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლთა სიაში. დასავლური მედია არ იღლება იმის წერით, თუ რა ოპერაციები გაიკეთა „კატა ქალმა“, თუმცა ამ ოპერაციების მიღმა ჯოსლინს საკმაოდ საინტერესო ბიოგრფიაც აქვს, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.
ორიოდე წლის წინ ჯოსელინ ვილდენშტეინმა დიდი ხნის შემდეგ პირველად მისცა ინტერვიუ და თქვა, რომ ქირურგიული ოპერაცია არასდროს გაუკეთებია და მისი გარეგნობა მისი გენეტიკის დამსახურებაა. ის საკუთარი სახის მოყვანილობას „შვეიცარიულ წარმოშობას“ მიაწერს და ამბობს, რომ გამოკვეთილი ყვრიმალები და „კატის თვალები“ ყოველთვის ჰქონდა. ოპერაციების შესახებ ჭორები კი მისმა გარდაცვლილმა ქმარმა ალეკ ვილდენშტეინმა შურისძიების მიზნით გაავრცელა. „კატა ქალი“ ირწმუნება, რომ თავისი გარეგნობით კმაყოფილია და მას ხშირად ადარებენ ბრიჯიტ ბარდოს.
არსებობს სხვა ვერსიაც. სავარაუდოდ, ვილდენშტეინის პატარძალი (როგორც საზოგადოებამ მას ფრანკენშტაინის პატარძლის ანალოგიით უწოდა) პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდა, როცა ცდილობდა, რომ მოღალატე ქმარი როგორმე შეენარჩუნებინა. ყველაზე გამოცდილი სპეციალისტებიც კი ვერ ითვლიან მის მიერ ჩატარებული ოპერაციების რაოდენობას. მართალია, განქორწინების შემდეგ მან კვლავ განაგრძო "გაახალგაზრდავება" და, ჭორების თანახმად, ყოფილი მეუღლისგან მემკვიდრეობით მიღებული მრავალმილიონიანი ქონება მთლიანად ამ ოპერაციებზე დახარჯა.
2016 წელს ვილდენშტეინმა განაცხადა, რომ გაკოტრდა და არ შეეძლო სურსათის ყიდვაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ბინის გადასახადზე Trump Tower-ში, სადაც ის მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იმის გასაგებად, თუ როგორ აღმოჩნდა „კატა ქალი“ ასეთ სავალალო სიტუაციაში, გადავხედოთ მის წარსულს.
პარიზი
ჯოსელინ ვილდენშტეინი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია, რომელიც დაიბადა შვეიცარიაში. მშობლიურ ლოზანაში მისი ბავშვობის შესახებ, პრაქტიკულად, არ არსებობს ინფორმაცია. სპორტული საქონლის გამყიდველის ქალიშვილი არასდროს იხსენებს თავის ადრეულ წლებს, თუმცა ცნობილია, რომ 17 წლის ასაკში გოგონას ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა: იგი შეხვდა შვეიცარიელ პროდიუსერს, კირილ პიგეტს. ჯოსელინის და კირილის რომანი სწრაფად განვითარდა და ორი წლის ურთიერთობის შემდეგ ისინი საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ. ამბობენ, ჯოსელინი შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლიდაო. ერთხელ თავად პერისმა ინტერვიუში მიანიშნა, რომ ეს ჭორები არც ისე შორს არის სიმართლისგან.
მალე იტალიური წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა სერჯო გობიმ მოახერხა შვეიცარიელი ლამაზმანის გულის დაპყრობა, თუმცა ხუთი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ. ჯოსელინი არ ფიქრობდა განათლების მიღებაზე, მისთვის საინტერესო მხოლოდ რომანები და გლამურული ცხოვრება იყო.
მომავალი ქმრის გაცნობა
1977 წელს ჯოსელინის მეგობარმა, საუდელმა იარაღის დილერმა, ადნან ხაშოგიმ მიიწვია იგი ლომებზე სანადიროდ კენიაში, ოლ ჯოგის რანჩოში. სწორედ იქ გაიცნობს გოგონა თავის მომავალ მეუღლეს, ალეკ ვილდენშტეინს. ფრანგ-ამერიკელსა და შვეიცარიელს შორის ვნება მყისიერად გაჩაღდა. მათ ორი დღე გაატარეს ერთად: ნადირობდნენ, მოტოციკლს ატარებდნენ და ერთობოდნენ... თუმცა, როცა შაბათ-კვირა დასრულდა, მათ მოუწიათ წასვლა არამხოლოდ საკუთარ სახლებში - სხვადასხვა ქვეყანაში.
რამდენიმე დღის შემდეგ ალეკმა, რომელიც, სხვათა შორის, იმ დროს მოდელ მარია კიმბერლის ხვდებოდა, გაუგზავნა ასობით თეთრი ორქიდეა ჯოსლინს, რომელიც იმ დროს ასევე დაკავებული იყო. ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ. მეოთხე პაემანზე ჯოსელინს ალეკმა ცოლობა შესთავაზა, ჯოსელინი დათანხმდა. ერთი წლის შემდეგ მათ ლას-ვეგასში იქორწინეს, მოგვიანებით კი ცერემონია ლოზანაშიც გამართეს. ქორწილში ალეკის მამა არ იმყოფებოდა, რადგან ის ამ კავშირის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამისა, წყვილის ცხოვრება იდეალური იყო და შვილებმა ეს ბედნიერება კიდევ უფრო გააძლიერეს.
პირველი ოპერაცია
როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარი ძალიან ღელავდა, რომ ისინი ბერდებოდნენ და სახეზე ნაოჭები უჩნდებოდათ. ამიტომ ერთად გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ კორექცია. ჯოსელინისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. არავინ იცის, რატომ ისურვა მან ამდენი ოპერაციის გაკეთება, თუმცა ამბობენ, რომ ქმრის გარშემო მუდმივად მყოფი ახალგაზრდა ქალების გამო ცდილობდა, თავადაც გაეახალგაზრდავებინა თავი.
ალეკის თქმით, ჯოსელინი შეპყრობილი გახდა საკუთარი გარეგნობით. მან გაიკეთა რამდენიმე უცნობი ინიექცია, წარბების აწევა, ბლეფაროპლასტიკა, გაიკეთა იმპლანტები ლოყებსა და ნიკაპში... „ყოველთვის ბოლოს ვიგებდი ოპერაციების შესახებ. არასდროს მისმენდა, რას ვეუბნებოდი”- თქვა ვილდენშტეინმა.
ჯოსელინი ქმარს კიდევ ერთი უცნაური გატაცებით აოცებდა - ის სახლის დიზაინს საკუთარი გემოვნებით აწყობდა, მაგრამ მთავარი ისაა - როგორ. ოლ ჯოგის რანჩოზე აუზთან ტყვიაგაუმტარი მინის გამოქვაბული ააგო, სადაც ორი ვეფხვი ცხოვრობდა, ხოლო ნიუ-იორკში, ვილდენშტეინების ოჯახურ სახლში, წყვილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფოცხვერი ჰყავდა.
დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ მეუღლეებს არაფერი ჰქონდათ საერთო, გარდა აფრიკის სიყვარულისა: როდესაც ბავშვები სხვა ქალაქში სწავლობდნენ, ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ. 1990-იანი წლების დასაწყისში ალეკს დაეწყო დეპრესია მამასთან ურთიერთობისა და ბიზნესში პრობლემების გამო.
განშორება
ჯოსლინისა და ალეკის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 1997 წელს. მარტში ჯოსელინის მამა გარდაიცვალა. ის ელოდებოდა ქმარს, როდის ჩამოფრინდებოდა რანჩოდან, რათა დაკრძალვის საქმეები მოეგვარებინათ, თუმცა ალეკმა ათასი მიზეზი მოიგონა, რომ არ ჩასულიყო. საბოლოოდ, ჯოსელინმა მამა 14 დღის შემდეგ დაკრძალა, სახლში დაბრუნებისას კი ქმართან უსიამოვნო საუბარი ჰქონდა. ალეკმა უთხრა, რომ სხვა ქალს ხვდებოდა და მასთან განშორება უნდოდა. ჯოსელინი მზად იყო, ეპატიებინა ღალატი, თუ ის ნამდვილად სხვა ქალზე არ იყო შეყვარებული, თუმცა ალეკი საკუთარ აზრზე მყარად იდგა. ჯოსელინმა ალეკს მანამდე სთხოვა დარჩენა, სანამ მათი ქალიშვილი სტუმრად იქნებოდა მათ სახლში. ალეკი დათანხმდა და ცოტა ხნით ყველაფერი მოგვარდა.
მოგვიანებით, ჯოსელინი დაბრუნდა კენიაში, სადაც მან მიიღო დეპეშა ქმრისგან, რომ ნიუ-იორკში მდებარე თაუნჰაუსში აღარ დაბრუნებულიყო. ჯოსელინი პირიქით მოიქცა და სასწრაფოდ გაეშურა აშშ-ში. სახლში მისვლისას ჯოსელინმა საკუთარ საწოლში სხვა ქალი, მოდელი ინეს მისანი ნახა. ალეკმა სკანდალი მოაწყო, ცოლს იარაღითაც დაემუქრა, თუმცა ჯოსელინმა პოლიციაში დარეკა და მომდევნო დღე ალეკმა ციხეში გაატარა. ამის გამო ალეკის ბავშვებთან ურთიერთობა გაუარესდა. 1999 წელს კი წყვილი საბოლოოდ განქორწინდა. ჯოსლინმა მიიღო 2,5 მილიარდი დოლარი. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ყოველწლიურად 13 წლის განმავლობაში ალეკმა მას 100 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს. მალე ვილდენშტეინი დაქორწინდა ახალგაზრდა მოდელზე, ლიუბოვ სტუპაკოვაზე. ალეკი 2008 წელს გარდაიცვალა და შვიდი წლის შემდეგ მისმა ოჯახმა ჯოსლინისთვის კომპენსაციის გადახდა შეწყვიტა.
ახალი ცხოვრება
1999 წელსვე ჯოსელინმა დაიწყო რომანი თავის ადვოკატ კენეტ გოდთან. 2000 წელს ჯოსელინის ცხოვრებაში კიდევ ერთი შემობრუნება მოხდა: ის მივიდა წვეულებაზე, სადაც დიზაინერი ლოიდ კლაინიც იმყოფებოდა, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. როგორც აღმოჩნდა, გრძნობები ორმხრივი იყო, თუმცა ეს კავშირი მშვიდი და ბედნიერი არ ყოფილა. 15 წლის განმავლობაში წყვილი სასტიკად ჩხუბობდა, შორდებოდა, შემდეგ ისევ რიგდებოდა... 2016 წლის დეკემბერში ჯოსელინი სკანდალში გაეხვა. ვახშმის დროს, ჯოსელინი გაღიზიანდა, როცა მისი ქმარი კლაინი ლეპტოპში იყურებოდა, საქმეს აკეთებდა და მას ყურადღებას არ აქცევდა. მამ მოულოდნელად აიღო ანთებული სანთელი და ცვილი ქმარს შეასხა, ფრჩხილებით დაკაწრა და მაკრატელი მკერდში ორჯერ ჩაარტყა. ნიუ-იორკის სასამართლომ ჯოსელინი დამნაშავედ ცნო თავდასხმაში და აუკრძალა ლოიდთან მიახლოება 900 მეტრზე უფრო ახლოს. დიზაინერმა მალევე დაიწყო ტრანსგენდერ მოდელ ლორენ ფოსტერთან შეხვედრა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ კლაინი მიხვდა, რომ ვილდენშტეინის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო.
ისინი შერიგდნენ და მათ ცხოვრებაში სკანდალები და ჩხუბიც დაბრუნდა. ისინი ფიზიკურადაც ეხებოდნენ ერთმანეთს და ბრალი სასამართლომ ორივე მათგანს არაერთხელ წაუყენა.
მორიგი სკანდალი, რომელშიც "კატა ქალი" ჩავარდა, 2018 წელს მოხდა. ვილდენშტეინს 250 000 დოლარის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ, გასულ წელს, ჯოსლინმა და ლოიდმა გადაიხადეს Regal Jewelry-ში 65000 აშშ დოლარი ხუთ ნივთში, რომელიც მათ თან წაიღეს და დაჰპირდნენ, რომ მალე გადაიხდიდნენ სრულ თანხას. ფული არ გადაურიცხავთ, სამკაულები კი, შეყვარებულების თქმით, „სადღაც გაქრა“. თავგადასავლებისა და სკანდალების მოყვარული ჯოსელინი მედიას ალბათ კიდევ არაერთხელ შეახსენებს თავს.