39 წლის მაია, რომელიც მეცამეტე წელიწადია, ემიგრანტია და საბერძნეთში მუშაობს, საერთო ნაცნობის საშუალებით დამიკავშირდა და მთხოვა, მისი გულისტკივილის შესახებ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე დამეწერა.
მაია:
- ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე უნდა იყო მართალი და ამ მხრივ, სუფთა მაქვს სინდისი. თუმცა, მაინც მტკივა გული, როცა ნაცნობები მიკავშირდებიან და მსაყვედურობენ: პატიოსან გოგოდ გიცნობდით და შენი კარგი დედ-მამის სახელი ისე როგორ შეარცხვინე, რომ შენს ძმას შენი ხსენებაც აღარ უნდაო?..
უდანაშაულო ადამიანს თავის მართლება არაფერში სჭირდება. თანაც, ბიბლიაში მაქვს ამოკითხული: ნუ დაიფიცებ, რადგან ვისაც შენი არ სჯერა, ის არც ფიცით დაგიჯერებსო. მაგრამ თუ ჩემი ძმა ცდილობს, ჩირქი მოსცხოს ჩემს სახელსა და ცხოვრებას, მე რატომ არ უნდა დავანახვო ყველას მისი და მისი ცოლის ნამდვილი სახე?!
მამა ადრე გარდაგვეცვალა. დედა ექთანი იყო და ისე გაგვზარდა, არაფერი გვაკლდა, მაგრამ ჩემმა ძმამ ჩვიდმეტი წლის ასაკში შეირთო ცოლი, ერთ წელიწადში ბავშვი შეეძინათ და თავის გატანა უკვე ძალიან გაგვიჭირდა. მეტი გზა არ იყო და გადავწყვიტე, სამუშაოდ საზღვარგარეთ წამოვსულიყავი. იმაზე აღარ მოგიყვებით, რა ტანჯვით ჩამოვაღწიე უცხო ქვეყანაში და რამდენი დამცირება გადავიტანე, ვიდრე ენას ვისწავლიდი და სტაბილურ სამსახურს ვიშოვიდი. რასაც ვშოულობდი, ჩემი ძმის სახელზე ვგზავნიდი. არც მას და არც მის ცოლს არასოდეს უმუშავიათ. არადა, ბევრჯერ ვუთხარი ჩემს ძმას, სხვას თუ ვერაფერს მოიფიქრებდა, ჩემი ნაყიდი მანქანით "ეტაქსავა" და საჭმლის ფული მაინც შეეტანა ოჯახში: იმდენი "ტაქსი" მოძრაობს, რომ ვერაფერს ვიშოვი, მხოლოდ მანქანას გავცვეთო!
ათი წელიწადი მონურ სამსახურში გავატარე და "კაპიკიც" არ შემინახავს ჩემთვის. ორი წლის წინ დედას ინსულტი მოუვიდა და მძიმედ იავადმყოფა. დეიდა ადგა თავს და იმან მითხრა, რაც ხდებოდა: შენს რძალს ერთი ღამეც არ გაუთევია დედაშენისთვის და მგონი, არც გაუხარდა მისი გადარჩენა. გაგიკვირდება, ისე აგდებულად ექცევა მწოლიარეს. ვატყობ, თუ ფულს არ გამოუგზავნი, შენც შეგიძულებენ და ზედმეტი აღმოჩნდები. ამიტომ, ჭკუას მოუხმე და სანამ მუშაობა შეგიძლია, ფული დააგროვე, რომ აქ დაბრუნებულმა ბინა იყიდო და დედასაც მიხედო, თორემ დამიჯერე, შეიძლება, სახლშიც არ შეგიშვანო...
ავადმყოფი დედა მან სოფელში წაიყვანა და მეორე წელიწადია, დეიდა უვლის. ჩემი ძმა და რძალი არც კითხულობენ მის ამბავს და მივხვდი, მეც უნდა მივხედო თავს! შევატყობინე, რომ ბინისთვის დავიწყე ფულის დაგროვება და მათ ვეღარაფერს გავუგზავნიდი. რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი დღე დამაყარა ძმამ. დამირეკა და მლანძღა უკანასკნელი სიტყვებით: შენ ბოზობა მოგნდომებია, ვატყობ და იმიტომ გინდა ცალკე ცხოვრება. აქ ჩამოსვლა არ გაბედოო...
თავის მოკვლა მინდოდა, ისეთ ხასიათზე დამაყენა ძმის უსამართლობამ და უმადურობამ. ისევ დედის ხათრით ჩავყლაპე წყენა და გავაგრძელე მუშაობა. დედის წამლის ფულს დეიდას ვუგზავნიდი და მასაც მიუვარდა თურმე ჩემი ძმა, საცემრადაც გაუწევია ქალისკენ: შენ აურიე ჩემს დას გონება და მისი ფულით შენს ზარმაც შვილებს არჩენო... არადა, ჩემი ორივე დეიდაშვილი ჩემზე ადრე ჩამოვიდა საბერძნეთში და თავად არჩენენ დედასაც და თავიანთ ოჯახებსაც...გაგრძელება