არსებობენ დედოფლებად დაბადებული ქალები, რომელთაც ეპოქების განმავლობაში აღმერთებენ. მათ შორის არის ქართველი მზეთუნახავი სალომე ანდრონიკაშვილიც - ქალი, რომელიც ყოველთვის და ყველგან თაყვანისცემის ობიექტი იყო. რა იცის ისტორიამ სალომე ანდრონიკაშვილზე? მხოლოდ ბოლო წლებში გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც სრულად ვერ ასახავს ვერც მის ბოჰემურ და ვერც მის ავანტიურისტულ ცხოვრებას. შესაძლოა იმიტომაც, რომ არც ამერიკაში მცხოვრებ მის ერთადერთ ქალიშვილზეა რამე ცნობილი, თუმცა სალომე ანდრონიკაშვილის მსგავსი ქალები განუმეორებელი შარმისა და ნიჭის წყალობით მაინც ლეგენდად რჩებიან. გაირკვა, რომ ის პირველი ქართველი ჟურნალისტი ქალი იყო უცხოეთში და თანაც სტატიებს პრესტიჟულ ფრანგულ ჟურნალ "ვოგში" წერდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მის შესახებ ცნობებს ისტორიკოსი ნოდარ პაპოშვილი ლონდონში, იმ სახლშიც კი ეძებდა, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდა, თუმცა: "სამწუხაროდ, ამ სახლში დღეს სულ სხვა ხალხი ცხოვრობს, რომელთაც სალომეს შესახებ არც კი სმენიათ". ჩვენ ისტორიკოს ნატალია ხიზანიშვილს ვთხოვეთ, ეამბნა ამ განუმეორებელი ქართველი ქალის შესახებ.
- ქალბატონო ნატალია, სალომე ანდრონიკაშვილი ავანტიურისტადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ - სადაც უნდა ყოფილიყო, მის სურვილებს წინ ვერაფერი დაუდგებოდა და, ალბათ, არამხოლოდ მისი სილამაზის გამო...
- სალომე ანდრონიკაშვილი მართლაც იშვიათად საინტერესო პიროვნება იყო. მას თაყვანს სცემდა გასული საუკუნის დასაწყისის არაერთი ცნობილი ფიგურა. აღმერთებდნენ ეპოქის ცნობილი მამაკაცები, ლექსებს უძღვნიდნენ და ხატავდნენ გამორჩეული შემოქმედნი, თანაც - არაერთ ქვეყანაში.
თავად სალომეც არაჩვეულებრივად წერდა, თუმცა, სამწუხაროდ, მის შემოქმედებაზე ცოტა რამ არის ცნობილი. სავარაუდოდ, მისი ხასიათის გამო ეს ზღაპრულად მომხიბვლელი ქალბატონი ემიგრაციაშიც მუდამ ცნობილ პირთა შორის ტრიალებდა. მაგალითად, ლონდონში, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა, უინსტონ ჩერჩილის მეუღლესთან, კლემენტინა ჰიზერთან, მეგობრობდა, ამერიკაში კი - არისტოტელე ონასისთან.
სალომე ანდრონიკაშვილის მამა, თავადი ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი, სოფელ მელაანიდან იყო. განათლება მოსკოვში მიიღო და იქვე შეირთო ცოლად ლიდია პლეშჩეევა. სხვათა შორის, ლიდია, რომელიც რუსეთის ცნობილი ოჯახიდან იყო და ამ დროისთვის გათხოვილი გახლდათ, ამიტომ მეუღლეს სასწრაფოდ დაშორდა, ნიკოლოზს საქართველოში გამოჰყვა და სიკვდილამდე ერთად ცხოვრობდნენ. თავადი ნიკოლოზი 1916 წლამდე ბათუმის თავად (გამგებელი) მსახურობდა და სალომეც ამ ქალაქში იზრდებოდა უმცროს და-ძმასთან, მარიამსა და იესესთან ერთად.
სალომეს სილამაზემ პირველად ფურორი პეტერბურგში მოახდინა, სადაც სასწავლებლად ჩავიდა და მაშინვე შეუყვარდა ზინოვი პეშკოვს. ეს პეშკოვი მაღალი რანგის ბოლშევიკებთან დაახლოებული მწერლის, მაქსიმ გორკის შვილობილი იყო და მამობილის გავლენით არაერთხელ უშველა სალომეს. ციხიდანაც კი გამოიხსნა.
- ციხეში რა მიზეზით მოხვდა?
- ბოლშევიკური ხელისუფლების მიზეზით, თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრულად: თავად პეშკოვს სიძეობაზე სალომეს მშობლებმა სიღარიბის გამო უთხრეს უარი, რის შემდეგ 18 წლის სალომე 17 წლით უფროს რუს მთავარს გაჰყვა ცოლად...გაგრძელება