ვინაიდან არჩევნები სულ ახლახან დასრულდა, შესაბამისად, მის ციებ-ცხელებას ჯერ კიდევ არ ჩაუვლია. ჯერ კიდევ უამრავი კითხვა გვაქვს ხელისუფლებასთან: რა ეშველება ელექტროენერგიაზე მიმაგრებულ ნაგვის გადასახადს, შემოვა თუ არა ყვითელი ტაქსები, კიდევ მოგვიწევს თუ არა სოფო ნიჟარაძის ყოველ 5 წუთში მოსმენა და სხვა საჭირბოროტო საკითხები...
თუმცა ეს ყველაფერი ზოგადია და ყველას აწუხებს, მაგრამ არსებობს კიდევ კონკრეტული საკითხები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ, ქალებს გვეხება და რომელიც ხელისუფლებას საზოგადოების მხოლოდ სუსტსქესიანმა ნაწილმა უნდა მოსთხოვოს.
მაშ ასე:
1. მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, სასწრაფოდ დააგოს ტროტუარებზე წესიერი ასფალტი!! თბილისში ქუსლებით სიარული, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა!
ეს უკვე ყველა საზღვარს სცდება. როდესაც გინდა, რომ ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდე, ბუნებრივია, რომ მაღალ ქუსლებზე შედგომაც გინდება, მაგრამ ამ ოღროჩოღრო ტროტუარზე სიარულისას კვატისა და ჩუპაკაბრას (ცხოველია ეგეთი) გენმოდიფიცირებულ შთამომავლებს ვემსგავსებით.
დავხტივართ აქეთ-იქით, რომ როგორმე ავაცილოთ ჩვენი ჯერ კიდევ შეუბღალავი ფეხსაცმელი ბოროტ "იამკებს", მისი ქუსლების გადარჩენას ვცდილობთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ყველა ეს ჩვენი მცდელობა კრახით სრულდება.
მახსოვს, ამ თემის განხილვისას ერთმა გოგონამ ასეთი აზრი გამოთქვა - ქუსლებზე სიარული რაღაც მძაფრსიუჟეტიან თამაშს ჰგავს, სახელწოდებით "მიაღწიე დანიშნულების ადგილამდე ცოცხალმა" და საბოლოოდ, როცა მიაღწევ, აღარც სექსუალურობის ნატამალი გაქვს შერჩენილი და ცოტაც და, ნერვებიც გიმტყუნებს... და ვინ იცის, ამის შემდეგ კიდევ რამდენ ხანს არ გავეკარებით მაღალ ქუსლებს?
ეს არის ქალებისთვის ქუსლებზე სიარულის უფლების მიზანმიმართული ჩამორთმევა!
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ქალი ქუსლებზე არ დგას, მას, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ მამაკაცს თავი მოაწონო, შემდეგ შეაყვარო, შემდეგ მისი საკუთარი თავი დაავიწყო, შემდეგ ცოლად გაყვე და ბოლოს ბავშვი გაუჩინო, საოცრად მცირდება!
დასკვნა - დაუგებელი ტროტუარები პირდაპირ და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელზე!!!
ასე რომ, როგორც სამანქანო გზაა დაგებული, ისე უნდა დაეგოს საქუსლე გზა! დაგვიგეთ, დაგვიგეთ, დაგვიგეთ ტროტუარები!!!
2. განხორციელდეს მამაკაცების იმპორტი
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 1 მამაკაცზე 7 ქალი მოდის. ეს საშინელი ტენდენციაა და თუ დავუფიქრდებით - ქალური საზოგადოების უმეტესობა ახლა მარტოა. როგორც მოგეხსენებათ, მარტო მყოფი ადამიანი მხოლოდ ნახევარია. ის ნახევარი ძალით შრომობს, რადგან მისი გონება სულ სხვა რამეზე ფიქრითაა დაკავებული.
ჰოდა, მოვითხოვთ: განხორციელდეს საქართველოში მამაკაცების იმპორტი! სასურველია - ესპანელები, იტალიელები, პორტუგალიელები, ბრიტანელები და შვეიცარიელები (თუმცა ეს უკანასკნელი სადავო საკითხია).
შენიშვნა: თუ ჩინური წარმოების მამაკაცები ჩინური წარმოების ტელეფონების მსგავსად ფუნქციონირებენ, მათი იმპორტი არ უნდა განხორციელდეს!
გარდა ამისა, ყველა იმპორტირებულ მამაკაცს უნდა მოყვებოდეს საგარანტიო ფურცელი მინიმუმ ერთწლიანი ვადით.
მეტი იმპორტირებული მამაკაცი ქალს!
დამიჯერეთ, ხელისუფალნო, როდესაც საქართველოში შეიცვლება მდგომარეობა და 1 კაცზე 7 ქალი კი არა, 1 ქალზე შვიდი კაცი მოვა... უი, არა, ეს უკვე ძალიან გარყვნილებაა:D
იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში არც ერთი ქალი არ უნდა იყოს მარტო!
გარდა ამისა, მარტოხელა ქალების არსებობა ჩვენც - მამაკაციანებსაც გვიქმნის პრობლემას: 1. ჩვენ ვკომპლექსდებით იმით, რომ მათზე კარგად ვართ; 2. კაცების უკმარისობის გამო მათ შეიძლება ჩვენს კაცს დაადგან თვალი. ასეთი ფაქტების შემდეგ შესაძლოა დაიწყოს მასობრივი არეულობა და ქვეყანა ქაოსმა მოიცვას, რაც არც თქვენ გჭირდებათ და არც ჩვენ.
ასე რომ, იმპორტირებული კაცები, კაცები, კაცები ჩქარა!
3. ახალი კანონი, ახალი წონა!!!
ის, რომ პრობლემა წონასთან თითქმის ყველა ქალს აქვს, ახალი ამბავი არავისთვის არ არის. მესმის, რომ ეს ეკონომიკისთვის კარგია :) ქალი ღამის 2 საათზე მიდის მაღაზიაში და ყიდულობს ტკბილეულს (აქედან ფული შედის ბიუჯეტში). შემდეგ ჭამს და სუქდება, ვარდება დეპრესიაში, იწყებს მკურნალობას (აქედანაც ფული შედის ბიუჯეტში).
მაგრამ ჩვენ ისედაც ძალიან ბევრს ვხარჯავთ ტანსაცმელში, აქსესუარებსა და ჰიგიენის საშუალებებზე. ჩვენ ისედაც ვაყვავებთ ქვეყნის ეკონომიკას. გარდა ამისა, თუ ქალი კარგ ფორმაშია, კაცი მას საჩუქრებით ანებივრებს. აქედანაც ფული შედის ბიუჯეტში.
ასე რომ, თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, ვთქვათ, რომ ეს უკვე ზედმეტია! დაასრულეთ ქვეყნის გამდიდრება კრემიანი ნამცხვრების და ჩვენი დანგრეული ნერვების ხარჯზე! იზრუნეთ თქვენს მოქალაქე ქალებზე!
მოვითხოვთ, გამოიყოს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სიმპათიური მამაკაცებით, რომლებიც 6 საათის შემდეგ შინ გვესტუმრებიან, ნამუსზე შეგვაგდებენ და გვაიძულებენ, რომ არ ვჭამოთ!!!
თქვენ ჩვენი ხელისუფლება ხართ!
არ გვაჭამოთ! არ გვაჭამოთ, არ გვაჭამოთ 6-ის მერე!!!
პეტიციას ხელს აწერს საქართველოს ქალების უმეტესობა - "დაჟე" ქართლის დედაც კი!
ქეთო პატარქალიშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(ოქტომბრის ნომერი)