ქართული კინოს ლეგენდები, ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი, როგორც ცნობილია, მეგობრები იყვნენ. იმასაც ამბობენ, რომ ვერიკოს სესილია 1937 წელს, რეპრესიების დროს, დიდი განსაცდელისგან უხსნია. მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე უბრალო მიზეზითაც კი იჭერდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, სესილიამ თეატრის ფოიეში ანტისამთავრობო ანეკდოტი მოყვა. მეორე დღეს კი თეატრში კრება მოიწვიეს და ხუმრობის ავტორის ვინაობის დადგენა დაიწყეს. ვერიკო ანჯაფარიძემ იცოდა, რომ ანეკდოტი სესილია თაყაიშვილმა მოჰყვა. მიხეილ ჭიაურელი სტალინის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი რეჟისორი იყო, ამიტომ მის მეუღლეს ანეკდოტის გამო ნამდვილად არ დაიჭერდნენ. სესილია თაყაიშვილი კი შეიძლება დაეჭირათ და დაესაჯათ კიდეც.
ვერიკო ანჯაფარიძემ მეგობრის გადარჩენა გადაწყვიტა და მისი “დანაშაული” დაიბრალა - ანეკდოტი მე მოვყევიო.
კრება დასრულდა. ვერიკო ანჯაფარიძე არავის არსად დაუბარებია და არც საყვედური გამოუცხადებია. მისი წყალობით კი სესილია თაყაიშვილი დასჯას გადაურჩა.