ბლოგი

„მახინჯი ადამიანი არ არსებობს... იდეალური არავინაა, დროსთან ერთად კი სხეულის ყველა ნაკვთი ბერდება და წარმავალია“ - თათა გიორგობიანი

„მახინჯი ადამიანი არ არსებობს... იდეალური არავინაა, დროსთან ერთად კი სხეულის ყველა ნაკვთი ბერდება და წარმავალია“ - თათა გიორგობიანი
მომღერალი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მას 76 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ. ამჯერად თათამ ერთ-ერთი გოგონას ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც თვითშეფასებასა და საკუთარი თავის სიყვარულს ეხებოდა:

„გამარჯობა. მოკლედ, გოგო ვარ და მაქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება, რაც მაწუხებს. ყველა ლამაზი მგონია, ჩემ გარდა (არ გეგონოთ, რომ ეს ფაქტი ”მგრუზავს” ან სხვისი სილამაზის მშურს, არა! უბრალოდ, ცუდი განცდაა, როცა საკუთარი თავი მახინჯი გგონია და რომ გიყურებენ, მაგაზეც კი
კომპლექსდები. “ვერ წარმომიდგენია, რომ მყავდეს შეყვარებული, რადგან არ ვარ ლამაზი” - ეს არის ჩემი ფიქრი, თუ ვინმე ბიჭი მომეწონება. ხალხთან კომუნიკაციისაც მეშინია, ვინმე თბილად თუ დამელაპარაკება, მგონია, რომ დამცინის. ვიცი, რომ საკუთარი თავი უნდა მიყვარდეს ჯერ, მაგრამ არ გამომდის და ბევრი მიზეზიც მაქვს ამისთვის (ტრავმებიდან გამომდინარე). ადრე ასე არ იყო, ძალიან მომწონდა ჩემი თავი და უზომოდ თბილი, კომუნიკაბელური ადამიანი ვიყავი, მაგრამ იმდენი ცუდი რაღაც დამატყდა თავს, ნელ-ნელა გაქრა ჩემი თვითშეფასება. მირჩიეთ რამე” - ერთ-ერთი გოგონას ეს ანონიმური პოსტი, ვფიქრობ, ბევრი გოგონას (და არამხოლოდ) შინაგან მდგომარეობას ასახავს. მათ შორის, ჩემს ძველ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან. მეც ვიყავი მანდ... თუ ახლა შენ ხარ მათ რიცხვებში, ვისაც ერიდება თქვას: მე მომწონს ჩემი თავი, იცოდე, რომ მახინჯი ადამიანი არ არსებობს!! სიცოცხლე სამყაროს სასწაულია. არსებობს საკუთარ თავთან დისკომფორტში მყოფი ადამიანი. აქ აუცილებელია გავიაზროთ, რისი შეცვლა შეგვიძლია და რისი არა. თუ რამის შეცვლა შეგვიძლია, და ნამდვილად საჭიროა (!) კომფორტის და სიმშვიდის მისაღწევად, ამ მიმართულებით დავიწყოთ სისტემური და გააზრებული, შეუპოვარი მუშაობა. დავიცვათ ზომიერება და ინდივიდუალიზმი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღო შენი სხეული ისეთი, როგორიც არის და შეიყვარო, მოუარო და პატივი სცე, რადგან მან უნდა გატაროს მთელი ცხოვრება. იდეალური არავინაა. არც ყოფილა. არც იქნება. ნაკლი აქვს ყველას და ეს ადამიანურია. დროსთან ერთად კი სხეულის ყველა ნაკვთი ბერდება და წარმავალია“, – წერს თათა გიორგობიანი.


ბეჭდვა
e87a93