ბლოგი

"მათი სიყვარული ნამდვილად დიდი იყო. ჯემალ ჭკუასელმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა!"

"მათი სიყვარული ნამდვილად დიდი იყო. ჯემალ ჭკუასელმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 6 თვეს იცოცხლა!"
"შევკრიბე ბატონი ჯემალის მეგობრები და ვუთხარი, - ვერ ვბედავ, ბატონ ჯემალს ეკას ხელი რომ ვთხოვო, ამიტომ თქვენ გთხოვთ თქვენი ძმაკაცის ქალიშვილის ხელს და ჩათვალეთ, თითქოს მას ვთხოვ-მეთქი. გაეცინათ, ბატონმა ჯემალმა კი ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ მიიღო. მერე მე და ეკა გავიპარეთ..."

ბატონი ჯემალ ჭკუასელის ქალიშვილის - ეკა ჭკუასელის მეუღლე, მომღერალი და ამჟამად ანსამბლ "ერისიონის" მენეჯერი ივანე ჩხაიძე, ფაქტობრივად, სკოლის ასაკიდან იცნობდა ბატონ ჯემალს, მისი აღზრდილიც იყო და - სიძეც. ამიტომ სწორედ მას ვთხოვე, ამ
დიდ ადამიანზე მოეთხრო:

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. დედა წარმოშობით სამეგრელოდან იყო, მამა - გურიიდან. ზოგადად, სიმღერა ჩემი ოჯახისთვის ძალიან ტრადიციული, ახლობელი გახლდათ. ჩემი წინაპრებიც მღეროდნენ, მშობლებიც და მეც ბავშვობიდან ვმღეროდი. მე-8 თუ მე-9 კლასში ვსწავლობდი, ბავშვები ნელ-ნელა ხალხურ სიმღერას რომ მიუბრუნდნენ. მაშინ საქართველოში ორი ხალხური საბავშვო ანსამბლი იყო - თბილისში "მართვე" და ქუთაისში "საუნჯე". ბიჭობის პერიოდი მქონდა, ხალხური სიმღერა დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ დედის დაჟინებული თხოვნით მაინც მივედი ქუთაისის ხალხური სიმღერის ბავშვთა ანსამბლში. მერე, 1980 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის შექმნაც უშუალოდ ბატონ ჯემალ ჭკუასელს უკავშირდება. იგი იყო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ანსამბლის ქორეოგრაფი კი ბატონი რეზო ჭანიშვილი გახლდათ. დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ნამდვილად დიდებული ანსამბლი იყო. მანამდე კი ბატონი ჯემალი თბილისში, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მღეროდა. სწორედ იმ ანსამბლში, რომელსაც მოგვიანებით "ერისიონი" ეწოდა და რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი, შემდეგ კი - მთავარი დირიჟორიც თავად იყო, და რომლის "ოქროს ხანაც" სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება... ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის შესაქმნელად კი მეგობრების - ჯანო კახიძის, დათო ბერძენიშვილის, მერაბ გამყრელიძის, ზაურ ბოლქვაძის, მიშიკო შენგელიას, ჯანო გიორგაძის... (მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს, რადგან მას დიდი შემოქმედებითი სამეგობრო ჰყავდა) და ქუთაისის იმჟამინდელი ქალაქკომის პირველი მდივნის - ნუგზარ რუხაძის ძალისხმევით ჩამოვიდა და მართლაც საოცარი, შესანიშნავი ანსამბლი ჩამოაყალიბა. სწორედ ამ ანსამბლის შექმნიდან იწყება ჩემი კავშირი ბატონ ჯემალ ჭკუასელთან. მასთან კი მიმიყვანა ბატონმა ზაურ ბოლქვაძემ, რომელიც ოზურგეთში მამიდაჩემის მეზობელი იყო, კარგად მიცნობდა, ალბათ, რაღაც შესაძლებლობა დაინახა ჩემში, - ბაღანას სიმღერა უნდაო და, - ჯერ კიდევ მეათე კლასში ვსწავლობდი, ბატონ ჯემალთან რომ წარმადგინა....

- რადგან მიგიღოთ, ალბათ, ბატონ ჯემალსაც მოეწონეთ...

- სასიძოდ მაშინ ნამდვილად ვერ მიმიღებდა, ამას ვერც გაიფიქრებდა, თორემ შეიძლება ანსამბლშიც არ მივეღე (იღიმის), მაგრამ ჩემი სიმღერა, ალბათ, მოეწონა და... მიმიღო. ერთ წელიწადში სკოლაც დავამთავრე და მას შემდეგ ანსამბლის სრულფასოვანი წევრი გავხდი. აი, მაშინ მოხდა ჩემს აზროვნებაში რაღაც ისეთი, რამაც ცხოვრების მიმართულებად სიმღერა ამარჩევინა და ეს ბატონ ჯემალთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბავშვობიდან მშობლიური იყო ჩემთვის, სცენაზე გამოსვლამ, გასტროლებმა, მსმენელის აპლოდისმენტებმა სულ სხვაგვარად შემაგრძნობინა ხალხური სიმღერის მადლი. სიმღერის ავ-კარგს, სიღრმეს, შესრულების ოსტატობას საოცრად გიხსნიდა ჯემალ ჭკუასელი, ბოლომდე იხარჯებოდა და სიმღერისადმი თავის დამოკიდებულებას ისე გადმოგდებდა, ისე შეგაცნობინებდა, რომ შენც ბოლომდე უნდა მიჰყოლოდი. სხვაგვარად მასთან ურთიერთობა რთული იქნებოდა. შესანიშნავი მომღერლები და შესანიშნავი ლოტბარები დაზარდა თავის შექმნილ ანსამბლში, რომელიც სიმღერასთან ერთად ცეკვის ანსამბლიც იყო. მართალია, შესანიშნავი ქორეოგრაფი, ბატონი რეზო ჭანიშვილი ქმნიდა ცეკვას, მაგრამ ბატონი ჯემალი, როგორც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვალდებულიც იყო, ქორეოგრაფისთვის საკუთარი შეხედულებები გაეზიარებინა. მაგრამ სხვაა, როგორ გამოგდის და როგორ ამართლებს ამ კუთხით შენი მიწოდებული აზრი. ფაქტია, ბატონ ჯემალს ამ თვალსაზრისითაც დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლში. შემდეგ მას ქუთაისის ანსამბლში კიდევ ორ შესანიშნავ ქორეოგრაფთან - ბატონ ლექსო ნიკოლაძესთან და ენვერ გუჯაბიძესთან მოუწია მუშაობა...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93