მსახიობობა სოფიკოს ბედისწერა იყო. იგი 1937 წელს დაიბადა ოჯახში, რომლისთვისაც კინოსა და თეატრის გარეშე არსებობა წარმოუდგენელი იყო. მამა ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იყო, დედა – ლეგენდარული ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. მათ ცნობილ სახლში, ფიქრის გორაზე, ყოველთვის იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები.
სოფიკო ლეგენდარული სერგო ფარაჯანოვის საყვარელი მუზა იყო. მის ფილმში „ბროწეულის ფერი" ერთდროულად ექვსი გმირის სახე შექმნა.

ბევრმა არ იცის, რომ "ვერის უბნის მელოდიების" არსებობას სოფიკო ჭიაურელის და გიორგი შენგელაიას შვილს, სანდროს უნდა ვუმადლოდეთ.
"ოლივერით" გატაცებულმა სანდრო შენგელაიამ მამას ასეთი კითხვა დაუსვა, შენც ხომ რეჟისორი ხარ, ასეთ ფილმს ვერ გადაიღებო?! ეს კითხვა შენგელაიამ სათავისოდ გაიხადა და გადაიღო მიუზიკლი, რომლის გარეშეც ჩვენთან ახალი წელი და შობა არ დგება... მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე ხანგრძლივი მოგზაურობისას გიორგი თურმე გულმოდგინედ ხსნიდა, ეს ფილმი სოფიკოს გამოხატავს, ყველა ის თვისება, რაც სოფიკოშია თავმოყრილი, ვარდოში ერთიანდებაო.

მერე იყო დაშორება და ბევრი ჭორი, მაგრამ ეს მერე იყო. წლების შემდეგ სოფიკო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: ”პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონი, მე მეწერა, რომ ორჯერ მყვარებოდა…” - ამის შესახებ საკუთარ პუბლიკაციაში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილი წერს.