„უკვე ხანში იყო შესული, თუმცა ის სინათლე და სათნოება თვალებში მაინც შემორჩენოდა“ - ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრაზე - Marao

„უკვე ხანში იყო შესული, თუმცა ის სინათლე და სათნოება თვალებში მაინც შემორჩენოდა“ - ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრაზე

2023-03-07 13:30:48+04:00

ჟურნალისტი, მთარგმნელი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და "ემის" ჯილდოს ლაურეატი ნუგზარ რუხაძე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილია. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას არაერთ ცნობილ და საინტერესო პიროვნებასთან შეხვედრა მოუწია. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ჰოლივუდის ლეგენდასთან, ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრის დეტალებს იხსენებდა:

„გამიმართლა, რომ ერთი დღე ოდრი ჰეპბერნთან ერთად გავატარე, როცა ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. ჩემმა ტელევიზიამ დავალება მომცა, რომ სიუჟეტი გამეკეთებინა ვარსკვლავზე. უკვე ხანში იყო შესული მეტ-ნაკლებად, თუმცა ის სინათლე და სათნოება თვალებში მაინც შემორჩენოდა. დღე იყო სრულიად დაუვიწყარი. იმდენად თბილად მომექცა, რომ სახელითაც მომმართა – ნუგ, როგორც ტელევიზიაში მეძახდნენ.

ეს ძვირფასი ფოტო შემთხვევით გადაიღო ერთმა უცნობმა ფოტოგრაფმა. იმ კეთილმა კაცმა მოგვიანებით სიურპრიზი მომიწყო და კონვერტით მომართვა სურათი.

კაცობრიობის ისტორიამ ოდრი დაიმახსოვრა, როგორც ნამდვილი კლასიკა, რომელსაც ასაკი არ ეხება, თუმცა ჩვენი შეხვედრისას ის ძალიან გამხდარი იყო და სახეც შესამჩნევად დანაოჭებული ჰქონდა. ეს ანგელოზი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. სიტყვები არ მყოფნის მისი კაშკაშა სილამაზისა და სინაზის გადმოსაცემად, რომელიც მხოლოდ ეკრანზე მქონდა ნაგრძნობი. დაუჯერებელია, რომ ცხოვრებაში ვნახე და ველაპარაკე კიდეც.”