"მამა ქალიშვილებს ეუბნებოდა, რომ "მახინჯი იხვის ჭუკები" იყვნენ, განსაკუთრებით - სინდის, რადგან მას სახეზე ხალი ჰქონდა" - სინდი კროუფორდის პირადი ცხოვრება და კარიერა - Marao

"მამა ქალიშვილებს ეუბნებოდა, რომ "მახინჯი იხვის ჭუკები" იყვნენ, განსაკუთრებით - სინდის, რადგან მას სახეზე ხალი ჰქონდა" - სინდი კროუფორდის პირადი ცხოვრება და კარიერა

2023-03-22 17:09:02+04:00


1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკელი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, დღესაც აოცებს საზოგადოებას თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და მშვენიერებით.

სინთია ენ კროუფორდი 1966 წლის 20 თებერვალს აშშ-ის ილინოისის შტატში, დე-კალბში დაიბადა. გოგონას მშობლები - ჯონ და ჯენიფერ კროუფორდები, უბრალო ოჯახში ცხოვრობდნენ. ჯონი მემანქანე იყო, ჯენიფერი 17 წლის იყო, როცა ისინი დაქორწინდნენ, რადგან გოგონა პირველ შვილზე - კრისზე იყო ორსულად. მომავალ მოდელსა და ტელეწამყვანს ორი და და ერთი ძმა ჰყავს.

და-ძმების გარდა, ის ძალიან დიდ ოჯახში გაიზარდა, ბებოსთან, ბაბუსთან და სხვა ახლო ნათესავებთან ერთად, რომლებიც სინდისთან ახლოს ცხოვრობდნენ. გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა იცოდა, რომ მომავალში დიდ ქალაქში უნდა ეცხოვრა... პატარაობისას მას ბირთვული ფიზიკა მოსწონდა და ამ სფეროს სპეციალისტობაც სურდა.

კროუფორდი 6 წლის იყო, როცა მის უმცროს ძმას - ჯეფს, ლეიკემია აღმოაჩნდა. 2 წლის შემდეგ ჯეფი გარდაიცვალა, რაც ოჯახის უდიდეს ტრაგედიად იქცა. ამ ტრავმამ ოჯახის ყველა წევრზე იმოქმედა, განსაკუთრებით კი - სინდის მამაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება სურდა, ვაჟი ჰყოლოდა. ის გოგონებს ძალიან მკაცრად ექცეოდა, მაკიაჟის გაკეთებას, გართობას, 9 საათის შემდეგ სახლში მისვლას და ხმამაღლა საუბარსაც კი უკრძალავდა. მამა ქალიშვილებს ეუბნებოდა, რომ „მახინჯი იხვის ჭუკები“ იყვნენ. ასე განსაკუთრებით სინდის მიმართავდა, რადგან ბავშვს სახეზე ხალი ჰქონდა. გოგონები განიცდიდნენ ძმის გარდაცვალებას და გადაწყვიტეს, ისე ეცხოვრათ, რომ მშობლებს ეამაყათ. ვაჟის გარდაცვალებიდან 4 წელში მშობლები დაშორდნენ. ჯენიფერი, სინდის დედა, იძულებული გახდა, საავადმყოფოში ექთნად დაეწყო მუშაობა. მომავალი სუპერმოდელისთვის მშობლების განქორწინება დიდი დარტყმა იყო. ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ბევრი ესწავლა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა სინდი სკოლის მოსწავლე იყო, ადგილობრივი ბუტიკიდან დაურეკეს და მოდელობა შესთავაზეს. მანამდე მას არ უფიქრია მოდელი გამხდარიყო, თუმცა ახალმა შემოთავაზებამ იმდენად გაახარა, მაშინვე დათანხმდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი ცუდი ხუმრობა იყო, რომელიც სინდის კლასელებმა მოიფიქრეს... ის ამ ცუდმა ხუმრობამაც არ დააბრკოლა და ერთ წელში, როგორც მოდელმა, პირველი ჰონორარი გამოიმუშავა. ჟურნალ Chicago Tribun-ში გამოქვეყნებული ფოტოსთვის, რომელშიც მოდელი ბიუსტჰალტერში პოზირებს, სინდი კროუფორდს 150 დოლარი გადაუხადეს. გოგონას ფოტო სკოლაშიც ნახეს, თუმცა მას უკვე არ აღელვებდა, რას იფიქრებდნენ სხვები... ის პატარა ქალაქის ვარსკვლავად იქცა.

როგორ დაიწყო წარმატებული კარიერა?

როგორც თავად სინდი კროუფორდი იხსენებს, ერთხელ ადგილობრივმა ფოტოგრაფმა როჯერ ლეგელმა მას მაშინ გადაუღო ფოტო, როცა სინდი აუზთან იწვა. ფოტო გამოცემა DeKalb Nite Weekly-ში დაიბეჭდა, ამის შემდეგ გოგონამ თავად დაურეკა ადგილობრივ სამოდელო სააგენტოებს, 17 წლის ასაკში კი მიიღო მონაწილეობა კონკურსში Look of the Year, რომელსაც ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტო - Elite Model Management ატარებდა. ის ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა და სააგენტომ სინდისთან კონტრაქტი გააფორმა. ამ პერიოდში გოგონამ სკოლაც დაამთავრა და როგორც მამას დაჰპირდა, ფრიადოსანმა სინდიმ სტიპენდია მოიპოვა და უნივერსიტეტის სწავლა მთლიანად დაუფინანსეს.

მან უნივერსიტეტში, ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, ზაფხულში არდადეგებზე ევროპაში მოდელად მუშაობდა, სექტემბერში კი ჩიკაგოში უნივერსიტეტში სასწავლებლად დაბრუნდა. ცდილობდა, ლექციებს დღის პირველ ნახევარში დასწრებოდა, საღამოს კი ჩვენებებზე გამოსულიყო და ემუშავა. პირველი პროფესიონალური ფოტოსესია კი ფოტოგრაფ ვიქტორ სკრებენსკისთან ჰქონდა, რომელმაც გოგონას პოზირება ასწავლა.

წაიკითხეთ სრულად