როგორ გახდა გოგონა ღარიბი ოჯახიდან საბჭოთა კრიმინალური სამყაროს "დედოფალი" და როგორ სცადა თვითმფრინავის გატაცება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად - ამბავი წარსულიდან - Marao

როგორ გახდა გოგონა ღარიბი ოჯახიდან საბჭოთა კრიმინალური სამყაროს "დედოფალი" და როგორ სცადა თვითმფრინავის გატაცება საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად - ამბავი წარსულიდან

2023-03-29 11:18:23+04:00


რეალური ამბების რუბრიკაში ამჯერად საბჭოთა პერიოდის გაუხმაურებელ ამბავს გადავავლებთ თვალს და ქალის ამბავს, რომლის შესახებ არც ისე დიდი ხანია გახდა ცნობილი...

1970-იან წლებში კალინა ნიკიფოროვა "კანონიერ ქურდად" ითვლებოდა, მაგრამ რადგან ის ქალი იყო, ეს სტატუსი მხოლოდ არაოფიციალურად ჰქონდა. კალინას ანგარიშზე მრავალი თაღლითობა, ქურდობა, ძარცვა და ძალადობის ფაქტებია. ნიკიფოროვამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საშიში ქალის ტიტული მოიპოვა და მას "ყველა ქურდის დედას" უწოდებდნენ. ქალს შეეძლო, ბრწყინვალე მეცნიერი გამხდარიყო, თუმცა შესანიშნავი გონება სულ სხვა საქმეზე გადართო. ღარიბი გოგონადან მილიონერ ქალად გადაიქცა და ეს ყველაფერი თაღლითობის, ძარცვის, სპეკულაციების, ტყუილისა და დაშინების გზით მოახერხა.

კალინა მიწისქვეშა კლუბებს, საიდუმლო ქარხანასა და საიუველირო დაწესებულებას ფლობდა. საჭირო დროს პოლიციასთან მოლაპარაკება შეეძლო და ორმაგ თამაშს თამაშობდა. ცხოვრებაში კი მისი ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილება თვითმფრინავის გატაცება იყო, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცევა სურდა. ამის შემდეგ ნიკიფოროვა მძიმედ დაავადდა და სიცოცხლე მოულოდნელად დაასრულა...

კალინა ჩვეულებრივი ბავშვი იყო. არავის მოსვლია აზრად, რომ მომავალში მთელ კრიმინალურ სამყაროში სახელს გაითქვამდა და საშინელ საქმეებს ჩაიდენდა. როდესაც გოგონა რამდენიმე თვის იყო, ის და მისი მშობლები ბაქოდან მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, 7 წლის ასაკში კი პირველ კლასში შევიდა. თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. კალინა მასწავლებლების ფავორიტი მოსწავლე გახდა: თავაზიანი იყო, ყველას მომხიბვლელი თვალებით უყურებდა, თანაკლასელებს ეხმარებოდა და რაც მთავარია, შესანიშნავად სწავლობდა. მასწავლებლებმა მას წარჩინების სერტიფიკატი, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარება და ბრწყინვალე კარიერა უწინასწარმეტყველეს, მაგრამ ნიკიფოროვამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რადიკალურად განსხვავებული გზა აერჩია.

იგი ღარიბ ებრაულ ოჯახში გაიზარდა. ამიტომ უმაღლეს განათლებაზე, კარგ სამსახურსა და სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებაზე კი არ ოცნებობდა, არამედ სიღარიბისაგან თავის დაღწევა და გამდიდრება სურდა. 18 წლის ასაკში მდიდარ მამაკაცს შეხვდა და მიხვდა, რომ ეს მისი ოცნების ასრულების ერთ-ერთი გზა იყო. მამაკაცი ცნობილი იუველირი იყო და კალინას ბაბუად შეეფერებოდა, მაგრამ გოგონამ მასზე დაქორწინება მაინც გადაწყვიტა.

ნიკიფოროვა ერთ ღამეში ღარიბი გოგონადან მდიდარ ქალად გადაიქცა. უამრავი ძვირად ღირებული სამკაული, ჩასაცმელი, საჭმელი ჰქონდა, რომლებზეც ადრე ვერც კი იოცნებებდა. ქორწილიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისი ქმარი გარდაიცვალა და მთელი ქონება კალინას დარჩა.

გაგრძელება იქნება