რუსუდან ფეტვიაშვილი 1968 წლის 25 იანვარს დაიბადა. მამამისი, ვახტანგ ფეტვიაშვილი, მოქანდაკე იყო, დედამისი, მანანა აბრამიშვილი კი – პოეტი და დრამატურგი. მხატვრობის ნიჭი ბავშვობიდან გამოამჟღავნა და წლინახევრის ასაკში ხატვა დაიწყო. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოცდების გარეშე მიიღეს.
„მამაჩემი ამბობდა, რომ მხატვარი უნდა იყოს თავისუფალი, არავის აზრს არ უნდა ითვალისწინებდეს. როდესაც ტილოზე თავის დამოკიდებულებას, ფანტაზიას და გრძნობას მთლიანად გადმოსცემს, მაშინ ის ნამდვილი მხატვარიაო. აქედან გამომდინარე, ჩემს ნამუშევრებში ყველა თემა გახსნილი და თავისუფალია“ - ამბობდა რუსუდანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირველი გამოფენა თბილისში, ფილარმონიაში ჰქონდა. ეს ბავშვთა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა იყო, სადაც თავისი 80 ნამუშევარი წარადგინა. მეორე გამოფენა 12 წლის ასაკში გააკეთა. შემდეგი გამოფენა მოსკოვში გაიმართა, სადაც რუსუდანის ნამუშევრების სანახავად ბევრი ადამიანი მივიდა, მათ შორის, მთავრობის წევრები, ხელოვანები... შემდეგი გამოფენა უკვე პარიზში მოეწყო, რომელსაც სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქის მერმა რუსუდანის ნახატების გასარჩევად სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ხელოვნებათმცოდნეები, ფსიქოლოგები, ჟურნალისტები მიიწვია.

რუსუდანის გამოფენამ "ბავშვთა ხელოვნების გალერეა" დანგრევას გადაარჩინა.
"13 წლის ვიყავი, "ბავშვთა ხელოვნების მუზეუმში" ჩემი პერსონალური გამოფენა რომ მოეწყო. ეს შენობა გალერეისთვის უნდა წაერთმიათ. იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვთა გალერეისთვის არ შეიძლებოდა შენობის ჩამორთმევა, ჩემი გამოფენა 3 თვეს გაგრძელდა. ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა და "ბავშვთა ხელოვნების გალერეა" იმდენად ყურადღების ცენტრში მოექცა, რომ შენობა შეუნარჩუნდათ. მახსოვს, ამ გამოფენაზე პატრიარქიც მობრძანდა და შთაბეჭდილებების წიგნში თბილი სიტყვები ჩამიწერა, მერე მე და დედაჩემი თავისთან დაგვპატიჟა და ჯვარი მაჩუქა, რომელიც 30 წელზე მეტია, არ მომიხსნია, ასევე დავითნი და ნუსხა-ხუცური სახარება. მას შემდეგ ვიცოდი, თუ გამიჭირდებოდა, არსებობდა ადამიანი, ვისთანაც შემეძლო მისვლა.“
1987 წელს, სსრკ-ს მარგარეტ ტეტჩერი ეწვია. საქართველოში ჩამოსული პრემიერ-მინისტრი რუსუდან ფეტვიაშვილს შეხვდა, რომელმაც მას თავისი ნახატი აჩუქა.
რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი”, “ქართული ზღაპრები”, ეკა ბაქრაძის ლექსების კრებული. შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”. 30 მარტს კი, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, რუსუდან ფეტვიაშვილის სამხატვრო გალერეა გაიხსნა.
ამ გალერეის გახსნა დაემთხვა რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლის დაბადების დღეს:
„ეს დღე სამუდამოდ დამამახსოვრდება. ეს ისეთი დღეა, როცა ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე. რამდენიმე წელი ვფიქრობდით სამხატვრო გალერეის გახსნაზე და ბოლოს გადავწყვიტეთ. ნახევარი წლით ადრე ვიცოდი, რომ 30 მარტს უნდა მომესწრო…“