საბედისწერო ანდერძი - ლამაზი სახლის სევდიანი ისტორია - Marao

საბედისწერო ანდერძი - ლამაზი სახლის სევდიანი ისტორია

2020-10-27 12:00:06+04:00

ჩემი ინტერესი შენობების მიმართ მაშინ დაიწყო, როდესაც "ერთი ღამის სასახლე" აღმოვაჩინე და მის შესახებ ინფორმაციის მოგროვება დავიწყე. პროცესი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, მხოლოდ ამ სასახლეზე არ შევჩერებულიყავი და ეს ციკლი გამეგრძელებინა. გავაგრძელე კიდეც და თბილისი სულ სხვა თვალით დავინახე.

ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს, ზოგი მათგანი კი - განსაკუთრებულია.

ასე გაჩნდა რუბრიკა - "შენობის ისტორია". - მე ვიყავი სასახლეში, რომელიც აგრაფინა ჯაფარიძეს ერთი ღამის სანაცვლოდ აუშენა პრინცმა ოლდენბურგმა. ვიყავი "ეშმაკის სახლში", "გრანდ ოტელში", სადაც მოკლეს ედვარდ მუნკის მუზა - დაგნი და კიბეებზე ასვლისას წარმოვიდგინე, როგორ ადიოდა ერთ დროს ულამაზესი, ჟღალთმიანი ქალი კაბის შრიალით და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, რომ ერთი საათის შემდეგ მას მოკლავდნენ... ვიპოვე სახლი, სადაც ცხოვრობდა უდიდესი მაგი – გურჯიევი... და კვლავ ვაგრძელებ ისეთი შენობების აღმოჩენას, რომლებსაც საინტერესო ისტორიები უკავშირდება.

P1140835

ეს ჩვენი წარსულია და ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ქალაქს!

ამჯერად ერთი ლამაზი სახლის შესახებ გიამბობთ, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე - №149-ში მდებარეობს.

მეცხრამეტე საუკუნის გერმანული არქიტექტურის ნიმუში, - ორსართულიანი სახლი, ეზოს სიღრმეში დგას. ეზოში პატარა შადრევანია, ხოლო ჭიშკარს - მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ლომის ქანდაკებები ამშვენებს. სახლი აგურისაა და მისი გარე ფასადი ქვის ლამაზი ფილებითაა მოპირკეთებული. ფანჯრებს ზემოთ ლამაზი მწვანე ფერის კარნიზებს მოჩუქურთმებული ჭვირულები ამშვენებს.

saxli4

ეს სახლი თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის - პაულ შტერნის აშენებულია, რომელსაც არაერთი ცნობილი შენობა ეკუთვნის.

P1140819

მრავალი წლის წინ საქართველოში შუშელი ვაჭარი და ნავთის მწარმოებელი - ავეტიქ ღუკასიანი ჩამოვიდა. ის ძალიან მდიდარი იყო და ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში, ქველმოქმედებით იყო განთქმული. მას მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი - თამარი ჰყავდა. სახლის მეპატრონეებს მეორე სართული ეკავათ, ხოლო პირველ სართულზე განთავსებული იყო თავლები და ცხოვრობდნენ მსახურები. სომეხი კათოლიკოსი თბილისში ჩამოსვლისას სწორედ ამ სახლის საპატიო სტუმარი იყო.

თბილისის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ღუკასიანმა მუზეუმისთვის შენობა ააშენებინა, რომელსაც 25 000 მანეთი გადასცა. ამ ფულით იბეჭდებოდა ჩვენი კლასიკოსი მწერლების შემოქმედება, რომელიც იაფად იყიდებოდა. წიგნების ნაწილს ღარიბ გოგონებს აძლევდა მზითევში, ან ურიგებდა ღატაკებს.

მისი ფულით ასევე გაიცემოდა სხვადასხვა ლიტერატურული სიგელი.

ღუკასიანი ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა სასწავლებელს, ხოლო დანარჩენი ქონება - მილიონნახევარი მანეთი, უანდერძა თავის ერთადერთ ქალიშვილს, მხოლოდ ერთი პირობით: - თამარი არ უნდა გაჰყოლოდა ცოლად სხვა ეროვნების კაცს.

ანდერძის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მისი ქალიშვილი გარდაიცვლებოდა 18 წლის ასაკამდე, მთელი ქონება სომეხ ერს სომეხი კათოლიკოსის და კოპოლისის პატრიარქის ხელით უნდა გადასცემოდა, რომელიც მოხმარდებოდა ზოგადსაგანმანათლებლო საქმეებს.

ალბათ, სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობენ, - კარმააო, რადგან ღუკასიანის ცოლი და ქალიშვილი მოულოდნელად უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. თამარმა ვერ იცოცხლა 18 წლამდე. გადმოცემის თანახმად, ის დედასთან ერთად გემზე დაიღუპა.

P1140831

სწორედ ღუკასიანის მიერ აშენებული მუზეუმის ეზოში დაკრძალეს მისი ცოლი და ქალიშვილი.

ანდერძის პირობა შესრულდა. ღუკასიანის უძრავ-მოძრავი ქონება გაიყიდა და ბაქოში სასწავლებლის ასაშენებლად გადაეცა ზემოთ აღნიშნულ პირებს.

გაზეთი "მშაკ" №34, სტატიაში წერია:

  1. სახლი მიქაელიანის ქუჩაზე, რომლის ბაღი გამოდის ელიზავეტინსკის ქუჩაზე 1000 საჟენი მიწით. საწყისი ფასი - 100 000 მ.
  2. ოჯახური ავეჯი საზღვარგარეთული, დაანგარიშებული ყველაზე დაბალი ფასებით 5028 მ;
  3. ხელზე ბანკების თანხა 200 125 მ;
  4. 5% ფასიანი ქაღალდები 70 470 მ;
  5. მისაღები ვალების ქაღალდები 55 739 მ.
  6. აქციები 2500 მ.
  7. თბილისის სამეფო საგანძურში 1913 წ. 10 მაისს შეტანილია 16 385 მ. რომელიც თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკან უნდა მიეცეს;
  8. ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები, საუკეთესო ვერცხლის ხელსაწყოები და მაგიდის ვერცხლეული 3521 მ.

ვიმედოვნებთ, რომ სისხლით მორწყულ სომხეთში, ერის წარმომადგენლები, ა. ღუკასიანის თანხით ააშენებენ ისეთ სასწავლებელს, რომელიც გაუნათლებელ ხალხს მისცემს განათლებას.

სამარადისო ხსოვნა მოანდერძე ღუკასიანის სახელს. უღრმესი მადლობა კორექტული და სამაგალითო ანდერძის შემსრულებლებს."

ჟურნალი "... და ქალი" (მაისის ნომერი)