ჩემი ინტერესი შენობების მიმართ მაშინ დაიწყო, როდესაც "ერთი ღამის სასახლე" აღმოვაჩინე და მის შესახებ ინფორმაციის მოგროვება დავიწყე. პროცესი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, მხოლოდ ამ სასახლეზე არ შევჩერებულიყავი და ეს ციკლი გამეგრძელებინა. გავაგრძელე კიდეც და თბილისი სულ სხვა თვალით დავინახე.
ეს ჩვენი წარსულია და ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს ქალაქს!
ამჯერად ერთი ლამაზი სახლის შესახებ გიამბობთ, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე - №149-ში მდებარეობს.
მეცხრამეტე საუკუნის გერმანული არქიტექტურის ნიმუში, - ორსართულიანი სახლი, ეზოს სიღრმეში დგას. ეზოში პატარა შადრევანია, ხოლო ჭიშკარს - მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ლომის ქანდაკებები ამშვენებს. სახლი აგურისაა და მისი გარე ფასადი ქვის ლამაზი ფილებითაა მოპირკეთებული. ფანჯრებს ზემოთ ლამაზი მწვანე ფერის კარნიზებს მოჩუქურთმებული ჭვირულები ამშვენებს.
ეს სახლი თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის - პაულ შტერნის აშენებულია, რომელსაც არაერთი ცნობილი შენობა ეკუთვნის.
მრავალი წლის წინ საქართველოში შუშელი ვაჭარი და ნავთის მწარმოებელი - ავეტიქ ღუკასიანი ჩამოვიდა. ის ძალიან მდიდარი იყო და ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში, ქველმოქმედებით იყო განთქმული. მას მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი - თამარი ჰყავდა. სახლის მეპატრონეებს მეორე სართული ეკავათ, ხოლო პირველ სართულზე განთავსებული იყო თავლები და ცხოვრობდნენ მსახურები. სომეხი კათოლიკოსი თბილისში ჩამოსვლისას სწორედ ამ სახლის საპატიო სტუმარი იყო.
თბილისის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ღუკასიანმა მუზეუმისთვის შენობა ააშენებინა, რომელსაც 25 000 მანეთი გადასცა. ამ ფულით იბეჭდებოდა ჩვენი კლასიკოსი მწერლების შემოქმედება, რომელიც იაფად იყიდებოდა. წიგნების ნაწილს ღარიბ გოგონებს აძლევდა მზითევში, ან ურიგებდა ღატაკებს.
მისი ფულით ასევე გაიცემოდა სხვადასხვა ლიტერატურული სიგელი.
ღუკასიანი ფინანსურად ეხმარებოდა სხვადასხვა სასწავლებელს, ხოლო დანარჩენი ქონება - მილიონნახევარი მანეთი, უანდერძა თავის ერთადერთ ქალიშვილს, მხოლოდ ერთი პირობით: - თამარი არ უნდა გაჰყოლოდა ცოლად სხვა ეროვნების კაცს.
ანდერძის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მისი ქალიშვილი გარდაიცვლებოდა 18 წლის ასაკამდე, მთელი ქონება სომეხ ერს სომეხი კათოლიკოსის და კოპოლისის პატრიარქის ხელით უნდა გადასცემოდა, რომელიც მოხმარდებოდა ზოგადსაგანმანათლებლო საქმეებს.
ალბათ, სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობენ, - კარმააო, რადგან ღუკასიანის ცოლი და ქალიშვილი მოულოდნელად უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. თამარმა ვერ იცოცხლა 18 წლამდე. გადმოცემის თანახმად, ის დედასთან ერთად გემზე დაიღუპა.
სწორედ ღუკასიანის მიერ აშენებული მუზეუმის ეზოში დაკრძალეს მისი ცოლი და ქალიშვილი.
ანდერძის პირობა შესრულდა. ღუკასიანის უძრავ-მოძრავი ქონება გაიყიდა და ბაქოში სასწავლებლის ასაშენებლად გადაეცა ზემოთ აღნიშნულ პირებს.
ვიმედოვნებთ, რომ სისხლით მორწყულ სომხეთში, ერის წარმომადგენლები, ა. ღუკასიანის თანხით ააშენებენ ისეთ სასწავლებელს, რომელიც გაუნათლებელ ხალხს მისცემს განათლებას.
სამარადისო ხსოვნა მოანდერძე ღუკასიანის სახელს. უღრმესი მადლობა კორექტული და სამაგალითო ანდერძის შემსრულებლებს."
ჟურნალი "... და ქალი" (მაისის ნომერი)