ყველა ადამიანს აქვს რაღაც საკრალური, ჩვევა, რაც მხოლოდ მისია... რაც ეხმარება ცხოვრების რთულ მომენტებში, რასთან ერთადაც მარტო რჩება საკუთარ თავთან; იმუხტება ახალი ენერგიით და გრძნობს, რომ ისევ სავსეა...
ეს რაღაც, შეიძლება ადგილი იყოს, შეიძლება რაიმე ნივთი ან თუნდაც ადამიანი... შეიძლება იყოს უბრალოდ ჩვევა... მიზანი ერთია! - ადამიანები პერიოდულად ვსაჭიროებთ "გადატვირთვას"...
ჩემთვის ეს რაღაც - შენობებია, რომლებიც წარსულთან მაკავშირებენ... მაკავშირებენ რაიმე ლეგენდასთან, საიდუმლოსთან, ისტორიასთან...
ბევრი ადამიანისაგან მსმენია, რომ სააკაძის მოედნის ქვეშ, საკმაოდ დიდ ფართობზე მიწისქვეშა ლაბორატორიაა. მოგეხსენებათ, როგორ ვრცელდება ხალხში მსგავსი თემები... მეც გადავწყვიტე, მეპოვნა ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ლეგენდის თანახმად, სამხედროები გაურკვეველ ცდებს ატარებდნენ...
ჭორები იქით იყოს და ძიებამ ძალიან საინტერესო სიმართლე მაპოვნინა. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ქართველებს ყველაზე დიდი სასწავლო შახტი-ლაბორატორია გვქონია, მთელ მსოფლიოში... ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია!
მისი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16-დან 30 მეტრამდეა, ხოლო გვირაბების სიგრძე - 1200 მეტრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ნებართვით, მიწისქვეშა შახტ-ლაბორატორიაში საათზე მეტი გავატარე და ყველაფერს გავეცანი.
თქვენც გეძლევათ საშუალება, ჩემთან ერთად იმოგზაუროთ ვირტუალურად და ბევრი საინტერესო შეიტყოთ უნიკალური შახტი-ლაბორატორიის შესახებ, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია!
მისი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16დან- 30 მეტრამდეა, ხოლო გვირაბების სიგრძე – 1200 მეტრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ნებართვით, მიწისქვეშა შახტ-ლაბორატორიაში საათზე მეტი გავატარე და ყველაფერს გავეცანი. მოგზაურობა – ძალიან საინტერესო, ხოლო შთაბეჭდილება – დაუვიწყარი იყო.
შახტი- ლაბორატორია ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებით, საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებითა და მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით.
ლაბორატორიას, რომლის კოლექტივიც ადრე 12 კაცისაგან შედგებოდა და ოთხ „დამლაგებელს“ მოიცავდა, ამჯერად 2 დამლაგებელი უვლის. მათი წყალობით დღემდე ფუნქციონირებს ყველა მექანიზმი თუ მოწყობილობა. ეს ორი ადამიანი გახლავთ სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის სრული პროფესორი – უშანგი კავთიაშვილი და სასწავლო შახტი-ლაბორატორიის ლაბორანტი – მერაბ მაისურაძე, რომელთაც დამათვალიერებინეს შახტი-ლაბორატორია და მომიყვნენ ის, რასაც ახლა მე თქვენ გიამბობთ…
ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, რა რთული და სარისკოა მიწისქვეშა სამუშაოები? რამხელა რისკზე მიდიან ადამიანები, რომლებიც პროფესიად მიწისქვეშეთს ირჩევენ? სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა მოპოვება, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა ძალიან სახიფათო საქმიანობაა და დიდ ფსიქოლოგიურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, რაც განსაკუთრებით მძიმეა დამწყები სამთო ინჟინრისათვის. ბევრი ვერ უძლებს მიწისქვეშეთში მუშაობას და წარმოებას ტოვებს.
მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა პროცესების მთელი კომპლექსის გათვალისწინებით დაპროექტდა სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომლის მშენებლობა და სათანადო მანქანებით, მექანიზმებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და დანადგარებით აღჭურვა 1986-1991 წლებში განხორციელდა. ამ ორიგინალური სასწავლო ობიექტის ავტორთა კოლექტივს, 1993 წელს, მისი შექმნისათვის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ.
შახტი-ლაბორატორია დაკავშირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსთან და იქ მოხვედრა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი: – ლიფტითა და სათადარიგო საკიბე განყოფილებით (რომელიც მესამე კორპუსშია), ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან შახტში შესვლა ხდება კაპიტალური თარაზული გვირაბით-შტოლნით, საიდანაც დაიწყო გვირაბის მშენებლობა.
შახტში ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურა – 16-18 გრადუსია. გვირაბის მშენებლობას მილიონნახევარი მანეთი მოხმარდა. დანარჩენი აღჭურვილობა და მექანიზმები, ლაბორატორიას ყოფილის სტუდენტების მიერ (რომლებიც ამჟამად სამთო საწარმოების მთავარი ინჟინრები არიან) უსასყიდლოდ გადაეცა.
ჰორიზონტალურ გვირაბს – კვერშლაგი ჰქვია. დახრილს კი – ბრემსბერგი. ბრემსბერგი აღჭურვილია ჯალამბრით (საშახტე ვაგონის მაღლა ასატანი მოწყობილობა), რომელიც ცალბოლოიანი ბაგირით აწევას ემსახურება. ასეთ გვირაბებში, როგორც წესი, ფეხით მოძრაობა აკრძალულია, რადგან ტროსის გაწყვეტისა და ვაგონის დაგორების საფრთხე არსებობს. ხალხის გადასაყვანად ბრემსბერგის სასვლელში დამონტაჟებულია კიდული მონოსავარძლური საბაგირო გზა, რომლითაც გადაადგილების საშუალება მეც მომეცა.
გვირაბის სანგრევებში სტუდენტები სრულყოფილად ითვისებენ გაყვანის ოპერაციათა მთელ კომპლექსს, მათ შორის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხო შესრულების ჩვევებს, რითაც საშუალება ეძლევათ, რეალურად აითვისონ ამფეთქებლის პროფესია.
შახტი-ლაბორატორიაში აგებულია სხვადასხვა დანიშნულების კამერები: წყალამოსაღვრელი, ელექტროქვესადგურის, ელმავლების დეპოს, ხანძარსაწინააღმდეგო მატარებლის, ბრემსბერგის ჯალამბრის, საბაგირო გზის ამძრავის, ტექნოლოგიური მოწყობილობის გამშვები აპარატურის, რის საშუალებითაც სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ საშახტო სტაციონარული დანადგარების ექსპლუატაციის, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების, ავტომატური მართვისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს.
შახტაში ელექტრო მომარაგება 24 საათის განმავლობაში 6000 ვოლტიანი კაბელის საშუალებით ხორციელდება, რომელიც ტრანსფორმატორების საშუალებით დაიყვანება სამომხმარებლო დონეზე. რასაც შახტაში მომუშავე მექანიზმები მოიხმარს. მიწისქვეშა ელექტროქვესადგური კამერული გვირაბში (დიდი კვეთის, მაგრამ მოკლე სიგრძის გვირაბი) მდებარეობს.
გვირაბში ასევე გაედინება მიწისქვეშა წყლები, რის გამოც ყველაფერი, რაც მეტალისაა იჟანგება. მიწისქვეშა წყლები 3 მ. სიღრმის და 4 მ. სიგანის ავზში იკრიბება და მტკვარში გადაიტუმბება. როდესაც წყლის დონე აიწევს, ავტომატურად ირთვება სატუმბე დანადგარი, რომელიც წყალს გადატუმბავს.
ლაბორატორიაში სასწავლო პროცესისადმი დიდი ინტერესი გამოიჩნეს აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საემიროს უმაღლესი განათლების მუშაკებმა, ყოფილი სსრკ კავშირის განათლების სახელმწიფო კომიტეტის სამთო განათლების სასწავლო-მეთოდური გაერთიანების სპეციალიზებული საბჭოს წევრებმა და სამთო მექანიკაში საკავშირო კონფერენციის მონაწილეებმა. იუნესკოს გენერალური დირექტორის სპეციალური წარმომადგენლის თხოვნით, რომელიც გაეცნო სასწავლო ლაბორატორიას, იუნესკოში გასაგზავნად გადაღებულ იქნა შახტი-ლაბორატორიის ამსახველი სპეციალური ფირი, რომელიც დაურიგდა მსოფლიოში არსებულ ყველა სამთო პროფილის ინსტიტუტს.
გვირაბებსა და კამერებში დამონტაჟებული დანადგარები ფეთქებადუსაფრთხო კონსტრუქციისაა. საშახტო ფეთქებად-უსაფრთხო ნათურები, რომლებიც დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოვიდა, დიმიტრი შაშკინის დაფინანსებით შეცვალეს ახლით, რისთვისაც 50 000 ლარი იქნა გამოყოფილი.
აქ შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისათვის. გვირაბებში დამონტაჟებული კამერების საშუალებით, სასწავლო კორპუსის სპეცაუდიტორიებში სალექციო თეორიული კურსის გადაცემა ხორციელდება. სამწუხაროა, რომ მექანიზმების სრულყოფილად ამუშავება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან თითოეული მათგანი დიდი რაოდენობით სამანქანო ზეთს მოიხმარს (100, 200 ლიტრი).
როგორც უკვე მიხვდით, ეს მიწისქვეშა შახტი-ლაბორატორია ერთ-ერთია იმ სიმდიდრეთაგან, რომლითაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია იამაყოს. ასეთი საგანძური არც ისე ბევრი გვაქვს და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა წყალობითაც სასწავლო შახტი-ლაბორატორია დღემდე არსებობს და ფუნქციონირებს.