ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ქალი ეკითხება საკუთარ თავს: ,,რისთვის გავჩნდი?" ჩვენი დანიშნულება მრავალმხრივია, მაგრამ უპირველესი ბიოლოგიური როლი, სამწუხარო გამონაკლისების გარდა, სიცოცხლის გაგრძელებაა.
ბავშვის გასაჩენად იდეალური ასაკი 20-30 წელია. ამ პერიოდში ქალის რეპროდუქციული სისტემა ჩამოყალიბებულია, ფიზიოლოგიურად იგი მზად არის ინტიმური კავშირისთვის, ორსულობის შედეგად გამოწვეული ცვლილებებისთვის, ბავშვის აღზრდის და მისი ფინანსური უზრუნველყოფისთვის.
ფეხმძიმობისას ერთ სხეულში ორი სულია. მართალია, მეცნიერება ემბრიონს ცოცხალ არსებად არ მიიჩნევს, სანამ ქვეყანას არ მოევლინება, მაგრამ რელიგიურად და მორალურად იგი ადამიანია და სიცოცხლის ყველა ნიშანწყალი ახასიათებს: ზრდა-განვითარება (კიდურები, ორგანოები), გულისცემა, კვების მოთხოვნილება, მოძრაობა, რეაგირება ბგერებზე (ის დედის ხმას გამოარჩევს სხვებისგან და დაბადების შემდეგ სცნობს მას) და ა.შ.
თავდაცვის გარეშე სექსი ქალს დაორსულების საშიშროების წინაშე აყენებს, თუმცა კონტრაცეფციაც არ იძლევა არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აშორების გარანტიას. მეორე შემთხვევაში ქალი ნაკლებად ყურადღებიანია, ამიტომ შეიძლება ორსულობის სიმპტომები უყურადღებოდ დარჩეს. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის მიხედვით, ცხადი გახდება, გჭირდებათ თუ არა ორსულობის ტესტი ან ექოსკოპია.
ორსულობის სიმპტომები:
სისუსტე, სწრაფი გადაღლა, ადვილი გაღიზიანება, მენსტრუაციის შეკავება, ძუძუს დვრილებისა და მიმდებარე წრის ფერის ცვლილება, მკერდის მოცულობაში ზრდა, ტკივილი და შეშუპება, უსიამოვნო ან დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, ყაბზობა, გახშირებული შარდვა, გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სუნების მიმართ, ბაზალური ტემპერატურის მატება, ჰორმონული ცვლილებების ხარჯზე საშოდან გამონადენის გახშირება, მეოთხე კვირიდან საკვებთან დაკავშირებული ამოჩემებები, თავისა და ზურგის ტკივილი (აუცილებელი არ არის, ყველა სიმპტომმა შეგაწუხოთ. რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში გაიკეთეთ ტესტი ან მიმართეთ ექიმს).
ფსიქოლოგიური კრიზისი
ორსულობაზე საუბრისას შეუძლებელია არ შევეხოთ ფსიქოლოგიურ კრიზისს, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება - შიში და მარტოობა.
ფეხმძიმობისას ქალი გამუდმებით ფიქრობს მომავალზე, მშობიარობაზე, დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე, ცხოვრების სტილის ცვლილებასა და მსხვერპლშეწირვაზე (საკუთარი ინტერესების უკან დაყენებაზე, პირადი ცხოვრებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებაზე და მთლიანად შვილზე გადართვაზე). ახალბედა დედას არ ასვენებს ისეთი შეკითხვები, როგორებიცაა: ,,კარგი დედა ვიქნები?" ,,ბავშვს რამეს ხომ არ დავუშავებ?" ქალს ეშინია, რომ ყველაფერს თავს ვერ გაართმევს, ამიტომ დეპრესიაში ვარდება.
ქმარი მუშაობს, ქალი დედისგან შორს ცხოვრობს (ან არ ჰყავს), უახლოესი ნათესავები და მეგობრები შეიძლება ხშირად აკითხავენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველას თავისი ცხოვრება და ყოველდღიური საზრუნავი აქვს. დედობისთვის მზადების პროცესში ქალს არ ესმის საკუთარი თავის, შესაბამისად, თავისი განცდების სხვებისთვის გაზიარებაც უჭირს. მარტოობა ნელ-ნელა ეპარება, საბოლოოდ კი მთლიანად მოიცავს მის არსებას. სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება, თუ ნაყოფი არასასურველია ან მუცელს საზოგადოებისგან მალავენ.
ნაადრევი ორსულობა
ნაადრევ ორსულობად ითვლება განაყოფიერება 14-19 წლის ასაკში. სრულწლოვანობამდე ქალის შინაგანი (საკვერცხეები, ფალოპის მილი, საშვილოსნო, ვაგინა) და გარეგანი (სასირცხო ბაგეები, კლიტორი) სასქესო ორგანოები განვითარების პროცესშია. თუმცა ინდვიდუალურ შემთხვევებში გოგონები მომწიფებას ზრდასრულობამდეც ასრულებენ. ექიმები ირწმუნებიან, რომ მიუხედავად ამისა, მოზარდები ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ფეხმძიმობის და მშობიარობისთვის. ორივე პროცესი შეიძლება გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.
ნაადრევი ორსულობის უარყოფითი მხარეები:
1. შეუკავებლობა
ალბათ, არასდროს გიფიქრიათ, რომ შვილთან ერთად შეიძლება პამპერსი თქვენც დაგჭირდეთ. შარდის შეუკავებლობა ის პრობლემაა, რომელიც მშობიარობის შემდეგ უჩნდება ქალების გარკვეულ ნაწილს. ბავშვი საშვილოსნოდან თავით მოდის და საშოს გაფართოებისას ნერვებს აზიანებს. სირბილისას ან სწრაფი სიარულისას შეიძლება დედას გაეპაროს...
2. სისხლდენა
ცხრათვიანი შეკავების შემდეგ მენსტრუაცია ჭარბად მოდის. თავიდან იგი წითელია, შემდეგ მკვეთრ ფერს კარგავს და ვარდისფერი ხდება. ციკლმა შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გასტანოს.
3. თმის ცვენა და გამელოტების საშიშროება
ქალები ხშირად ვწუწუნებთ, რომ თმა ძალიან გვცვივა. ამ დროს გვპასუხობენ, რომ ვაზვიადებთ ან გველანდება. მშობიარობის შემდეგ ის პერიოდი დგება, როცა თმის ცვენას სავალალო შედეგამდე მივყავართ. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ქალი გამელოტდეს. მადლობა ღმერთს, თმის აღდგენა ბუნებრივად ხერხდება.
4. ბუასილი
ორსულობისას ხშირია ყაბზობა, რაც ბუასილის გაჩენას უწყობს ხელს. მშობიარობისას ჭინთვების შედეგად კი სწორი ნაწლავი გარეთ გამოდის.
5. ღიპი
ქალები იმედოვნებენ, რომ მშობიარობის შემდეგ მუცელი უცბად გახდება და ისინი უწინდელ ფორმაში ჩადგებიან. სწორედ ამიტომ ზოგს ორსულობამდე შეძენილი ჯინსებიც კი მიაქვს სამშობიაროში, რომ გამოსვლის დღეს ჩაიცვას. მათ იმედები უცრუვდებათ, რადგან მუცლისგან გათავისუფლებას საშუალოდ ექვსი თვე სჭირდება.
6. კბილებთან დაკავშირებული პრობლემები
ორსულობას თან სდევს კალციუმის ცვლის დარღვევა. მისი დეფიციტი აზიანებს კბილებს.
7. ფსიქიკური აშლილობა და შვილის სიძულვილი
გართულებული მშობიარობისა და გაუსაძლისი ტკივილის გადატანის შემდეგ შეიძლება ქალი ფსიქიკურად შეირყეს. ამ დროს იგი შვილს ადანაშაულებს, ჰგონია, რომ ჩვილმა ცხოვრება დაუნგრია და მისადმი სიძულვილის გრძნობა უჩნდება.
8. კანის გამოშრობა
ჯერ ორსულობის, მოგვიანებით - მშობიარობის შემდეგ, დედა მუდამ ხელებს იბანს, რაც კანს აშრობს.
9. საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და პრიორიტეტების შეცვლა
თქვენი თავი მხოლოდ თქვენ აღარ გეკუთვნით, თქვენი სურვილები და ინტერესები უკანა პლანზე გადაიწევს, მთავარი ბავშვი იქნება. საყვარელ მამაკაცთან ან მეგობრებთან ერთად გატარებული დრო მაქსიმალურად შემცირდება, გაქრება რომანტიკა. თუ დღეს შეგიძლიათ ახალ ფილმს უყუროთ, წიგნი წაიკითხოთ ან კლუბში იცეკვოთ, დედობისას თქვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვლება.
10. განათლების დეფიციტი
შვილიანი გოგონები ცუდად სწავლობენ ან საერთოდ ვერ ახერხებენ მეცადინეობას. მე მყავდა კურსელი, რომელმაც სკოლა მედალზე დაამთავრდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შვილის გამო უნივერსიტეტს პირველივე კურსზე თავი დაანება. ნაადრევად დაორსულების შემდეგ გოგონა უმეტესწილად ინტელექტუალურ განვითარებას წყვეტს. რა თქმა უნდა, სასიხარულო გამონაკლისები არსებობს.
11. არასრულფასოვნების კომპლექსი
უდიპლომო და გაუნათლებელ ადამიანს კარგი სამსახურის პოვნისა და კარიერული წინსვლის არცთუ ისე დიდი შანსი აქვს, მით უმეტეს, გაცხოველებული კონკურენციის პირობებში. თვითრეალიზებული მეგობრების ფონზე ქალი საკუთარ წარუმატებლობას ორმაგად მტკივნეულად აღიქვამს და არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება.
12. ფინანსური კრიზისი და სხვაზე დამოკიდებულება
ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის აღზრდა, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჩვილისა და პირადი მოთხოვნილებების დამკაყოფილება და მრავალი სხვა გოგონას ფინანსური კრიზისის წინაშე აყენებს. იგი დამოკიდებულია მშობლებზე ან პარტნიორზე. თუ მეორე ნახევარი ერთ დღეს მასთან დაშორებას მოისურვებს, მშობლები კი ზურგს აქცევენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება. უკიდურეს შემთხვევაში ბავშვის თავშესაფარში დატოვებაც კი მოუწევს.
,,მედალს ორი მხარე აქვს", ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია ნაადრევი ფეხმძიმობის პლუსებზე საუბარიც:
1. ორსულობისას ადგილს გითმობენ ტრანსპორტში
2. აიღებთ დეკრეტს (თუ მუშაობთ)
3. გაგეზრდებათ მკერდი
4. დაგიტოვებენ გემრიელი ტორტის ბოლო ნაჭერს
5. დიდი შანსია გეყოლოთ ბიჭი (კვლევამ აჩვენა, რომ ნაადრევი ორსულობისას ბიჭები უფრო ხშირად ჩნდებიან, ვიდრე გოგონები)
6. შეგიმცირდებათ ან სრულიად გაგიქრებათ აკნე
7. შვილი დაგიძახებთ: ,,დედა! დედუნა! დედიკონა!"
8. თქვენი პარტნიორი გაგანებივრებთ 9 თვის განმავლობაში
9. გეყოფათ ენერგია შვილთან სათამაშოდ
10. თაობებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავების გამო იმეგობრებთ შვილთან
11. დიდი შანსია, მოესწროთ შვილთაშვილებს
12. თავს დაანებებთ მავნე ჩვევებს: მოწევას, დალევას...
თათული ღვინიანიძე