დღეს ბევრი რამ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენი სხვადასხვა კუთხის წარსულ ტრადიციებში ბევრი რამ არის დღევანდელი გადასახედიდან გასაოცარი და უჩვეულო.
ეს ცნობილი ქართველი მწერლის, მთარგმნელის, ეთნოგრაფის, ლექსიკოგრაფის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, თედო სახოკიას ჩანაწერებიდან გახლავთ ამონარიდი...
როგორ ვიზრდებოდით ძველად - გაძიძავება სამეგრელოში
დავიბადე 1868 წლის მარტის 2, სოფელ ხეთაში, მღვდლის ოჯახში... ბებიამ ჭიპის მოჭრასთან ერთად პირში ჩხიკვის ფრთა გამომავლო თურმე - ენას ადრე ამოიდგამსო...
ოჯახში შვილის და ისიც ვაჟის შეძენაზე ხარება დიდი ყოფილა, გაუთავებელი სროლა გამართულა კაჟიანი თოფისა თუ დამბაჩისა. მახარობლისათვის მილოცვა, ქათინაურები დედას, მამას...
მოსალოცავად შორიდან მოსულან ნათესავ-მოყვრები.
უმთავრესი მიზეზი სამეგრელოში ბავშვის გაძიძავებისა გახლდათ ისა, რომ იმ დროის "კეთილშობილ" დედას ეთაკილებოდა თავისი შვილის აღზრდა, მაშინაც კი, როცა ძუძუში რძე ჰქონდა და შეეძლო თვითონ ეწოვებინა ბავშვისათვის. შვილის აღზრდა სირცხვილად, "კეთილშობილისათვის" შეუფერებლად ითვლებოდა. საერთოდ, მაშინ ბავშვის აღზრდა შესაფერი იყო იმისთვის, ვინც სოციალურ საფეხურზე ყველაზე დაბლა იდგა. მაგალითად, თავადი თავის შვილს აღსაზრდელად აძლევდა აზნაურს, აზნაური - გლეხს. ყოფილა შემთხვევა, როცა, ამავე მოსაზრებით, გლეხს გლეხისათვის მიეცეს შვილი აღსაზრდელად, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ორ გლეხს შორის ეკონომიური მდგომარეობით დიდი განსხვავება უნდა ყოფილიყო: გლეხის კვალობაზე ერთი ძალიან შეძლებული უნდა ყოფილიყო, თითქმის აზნაურის ტოლი და სადარი, მეორე კი - ძალზე ღარიბი. მღვდელი პრივილეგიურ კლასს ეკუთვნოდა და ამასთან - სულმოდგმულს, ქონებრივად შეძლებულს. თავისთავად ცხადია, ჩემი აღზრდა უნდა ეკისრა გლეხის ცოლს...
დედაჩემს მოჰგვარეს ერთი საშუალო შეძლების გლეხის ცოლი, რომელსაც თან მოჰყოლია ჩემი მომავალი მამამძუძე უთუთია იოსავა. ძიძას რძე ბლომადა ჰქონია და გარეგნულადაც ჯანსაღი ყოფილა.
სოფელში, სადაც მიმიყვანეს, ძიძის სამი უფროსი შვილი, ცოტა არ იყოს, მტრულად მომგებებია ვიღაც გადმოხვეწილს, რომელიც უბოდიშოდა ვწოვდი თურმე მათი დედის ძუძუს. ჩემდამი ეს მტრული განწყობილება შემდეგშიაც კარგა ხანს გრძელდებოდა.
ძიძას თავისი მოვალეობის მეთვალყურედ ჰყავდა იმავე სოფელში, სამი კილომეტრის მოშორებით მცხოვრები მამაჩემის ბიძა. კვირაში ერთხელ მაინც დახედავდა ძიძაჩემს, მოიკითხავდა თავის დის შვილიშვილს.
სახლი, სადაც შემიყვანა ძიძამ და სადაც უნდა გამეტარებინა ჩემი სიყრმე, ჩემს ძიძიშვილებთან ერთად, მრგვალი ძელებისგან იყო შეკრული და ისლით გადახურული. მთელი სახლი ისე იყო გაკეთებული, ერთ ლურსმანს ვერ იპოვიდით. სადაც ლურსმანი იყო საჭირო, იქ ეხმარათ გარეული თხილის ჩორჩალი. სახლის აქეთ-იქით, კედლების გასწვრივ, ტახტები გაეკეთებინათ, ზედ ეფინა ჭილობები და აკეცილი იყო საბან-გობანი. თავთით იდგა მჭვარტლისაგან გაშავებული ზანდუკი ხისა და შიგ ელაგა, რაც რამ ძვირფასი ებადა ძიძაჩემს.
ამ სახლს ჯარგვალი ერქვა, ე.ი. მრგვალი ხეებისგან შეკრული სახლი. ჯარგვალს შუაგულ ალაგას კერა ჰქონდა. სახლს საგანგებო საკვამლე, კვამლის ადვილად და სწრაფად ასასვლელი არა ჰქონდა.
პირველი მიზეზი ჩემი ტირილისა ეს კვამლი ყოფილა: არ დამინდო თურმე ახალი წევრი ოჯახისა, თვალები ამომწვა და ცრემლებით გამივსო. აკვანში არტახებით ჩაკრულს საშუალება არ მქონია, აბეზარი კვამლი მომერიდებინა, ვეღარ მომითმენია და საშინლად ავტირებულვარ, იქნებ რამე მიშველონ-მეთქი. ძიძას აკვანი დაურწევია. ოღროჩოღრო მიწურზე ჩემი აკვნის რახა-რუხი სათოფეზე ისმოდა, ალბათ. აკვანში მაგრად ჩაკრული ჩემი პატარა სხეული გაჩერებული იყო, სამაგიეროდ, ჩემი თავი აკვნის კედლებს განუწყვეტლივ ეწყვეტებოდა. ძიძას დიდი ენერგია არ დასჭირვებია, გავებრუვებინე და დავეძინებინე, გავჩუმებულვარ თუ არა, აკვნის რწევა შეუწყვეტია.