როგორ მოვუაროთ ჩვილს?

როგორ მოვუაროთ ჩვილს?
რაც უფრო დიდხანს წოვს ბავშვი ძუძუს, მით უფრო ძლიერი აქვს იმუნური სისტემა. ადამიანი, როგორც პიროვნება, პირველი სამი წლის განმავლობაში ყალიბდება. ყალიბდება მისი ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემა, მათ შორის - ნერვულიც, ამიტომ ბავშვი ამ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

უმთავრესი, რაც მას სჭირდება, მშობლების სიყვარული და მზრუნველობაა. გარდა ამისა, მშობელი უნდა ხვდებოდეს, რა აწუხებს ბავშვს, რატომ ჭირვეულობს.

გვესაუბრება ნეონატოლოგი ირინა მიმინოშვილი: - წლამდე ასაკის ბავშვები თავიანთ პრობლემებს ჭირვეულობითა და ტირილით გამოხატავენ. ჭირვეულობა და ტირილი ხშირად არ არის
უმიზეზო - ამით ბავშვი მიგვანიშნებს, რომ რაღაც აწუხებს, მაგალითად, სტკივა ყური, მუცელი, აქვს სიცხე. ექიმის მოსვლამდე მშობელი უნდა მიუხვდეს ბავშვს ჭირვეულობის მიზეზს, პირველი დახმარება, რომ გაუწიოს.

ჩვილის ნერვული სისტემის უმწიფრობა განაპირობებს ამა თუ იმ დაავადების ისეთი ზოგადი სიმპტომების სიჭარბეს, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, უგუნებობა, უმადობა. მშობელს უნდა შეეძლოს ამ სიმპტომების სწორი ინტერპრეტაცია. ჩვილს ხშირად აწუხებს ყურის ტკივილი.

ბავშვი ტირის, განუწყვეტლივ ჭირვეულობს, თავს ქაოსურად ამოძრავებს, ხელი მტკივან ყურთან მიაქვს. შესაძლოა, აუწიოს სიცხემაც, უარი თქვას ჭამაზე. ტკივილს შესაძლოა ახლდეს ყურიდან გამონადენიც.

ვიდრე ბავშვს ექიმთან მივიყვანთ, მტკივან ყურზე პატარა თბილი ბალიში უნდა დავაფინოთ, ხოლო თუ გამონადენი აქვს, მხოლოდ გარეთა სასმენი მილი გამოვუსუფთაოთ. ექიმის მოსვლამდე აკრძალულია ყურში რაიმე, თუნდაც ყურის წვეთების ან სპირტის ჩაწვეთება. ყურის ტკივილის პროფილაქტიკისათვის კი საჭიროა, ბავშვი ცხვირით თავისუფლად სუნთქავდეს.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს მუცელი სტკივა?

- მუცლის ტკივილის დროს ბავშვის ტირილი ჩვეულებრივისგან განსხვავდება - მას ერთგვარი წამოკივლება ახასიათებს. პატარა უარს ამბობს ჭამაზე, ფეხები მუცელთან მიაქვს ან ერთმანეთს უსვამს. ასეთი ტკივილი ხშირად შეტევითია და მას მეტეორიზმი (აირების დაგროვება) იწვევს.

ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ბავშვს მუცელზე ფრთხილად მოვუსვამთ ხელისგულს. აირების დაგროვების შემთხვევაში ასევე მისაღებია (ექიმის მითითებით) სწორ ნაწლავში სპეციალური პატარა მილის ჩადგმა და თბილი აბაზანები.

მუცლისა და ყურის ტკივილისგან განსხვავებით, ჩვილ ასაკში ძალიან ძნელია თავის ტკივილის ამოცნობა, არადა, ის ხშირად ახლავს მრავალ მწვავე ინფექციას: ფილტვების ანთებას, წითელას, მენინგიტს, ასევე - ყურის ანთებასა და გრიპს. მასზე მიანიშნებს მოწყენილობა, უმადობა, თუმცა ეს ნიშნები არასპეციფიკურია.

- წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად ერღვევათ ძილის რეჟიმი. როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში მშობლები?

- წლამდე ბავშვებს მართლა ხშირად ერევათ დღე და ღამე. მაგალითად, შეიძლება ღამით გაიღვიძონ და დიდხანს ითამაშონ. თუ ბავშვი არც ჭირვეულობს, არც ტირის, მხოლოდ თამაში უნდა, მშობელი ვერაფერს გააწყობს, გარდა იმისა, რომ მოთმინება მოიკრიბოს და მასთან ერთად იფხიზლოს, ეთამაშოს ან რაიმე წაუკითხოს. ეს არ არის პათოლოგია და საგანგაშო არაფერია; უბრალოდ, ასეთია ბავშვის ბიომექანიზმი.

- რას გვეტყვით ბუნებრივ კვებაზე, რა როლს ასრულებს ის ბავშვის იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში?

- დედის რძე ჩვილისთვის შეუცვლელი საკვებია. მასთან ერთად ბავშვს გადაეცემა ანტისხეულები, რომლებიც თანდაყოლილ იმუნიტეტს განაპირობებს, განსაკუთრებით - 4-6 თვემდე, ამიტომ რაც უფრო დიდხანს წოვს ბავშვი ძუძუს, მით უფრო ძლიერი აქვს იმუნური სისტემა.

ყველას შევახსენებ: არავინ იცნობს ბავშვს მშობლებზე უკეთ, ამიტომ პატარას ყოველგვარი ქცევა მათთვის უფრო მეტად უნდა იყოს გასაგები, ვიდრე ექიმისთვის. თუ მშობელს ცოტა რამ სხვადასხვა დაავადების სიმპტომებზეც ეცოდინება, ექიმის მოსვლამდე ბავშვს საჭირო დახმარებასაც გაუწევს.

ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93