თბილისის 56-ე ბაგა-ბაღში გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოზე აღსაზრდელების მასობრივი ქორწილია ასახული. როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ცერემონია ბაღში აღსაზრდელების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
ვიდეოს "ფეისბუქზე" ათობით გაზიარება და კომენტარი აქვს. "ფეისბუქმომხმარებლები" აღშფოთებას ვერ მალავენ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან ბაღის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რეაგირებას მოითხოვენ.
რატომ მიიღო საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მსგავსი შინაარსის ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება, ამის გასარკვევად ბაღის დირექტორს, ლამარა გოგინაშვილს დავუკავშირდით.
- ქალბატონო ლამარა, ვისი იდეა იყო პატარა ბავშვების დაწყვილება?
- ბავშვები იყვნენ ნამყოფი ქორწილში და თავად გამოთქვეს ამ ტიპის ღონისძიების გათამაშების სურვილი. თავიანთი ხელით გააკეთეს ფატა, მუყაოს ტორტი და ა.შ. როცა მათ ვკითხე, რა გახსოვთ ქორწილიდან-მეთქი, ერთმა ბავშვმა ისიც კი მითხრა, პატარძალი თაიგულს ისვრის და ვინც დაიჭერს, ის სწრაფად გათხოვდებაო. ჩვენ უბრალოდ გავითამაშეთ პროგრამით გათავალისწინებული ღონისძიება. ბავშვების დაწყვილება არ მომხდარა, ვინც დაამზადა ფატა, მას დავეხმარეთ ამ ფატის დახურვაში. შემდეგ ამოვირჩიეთ "სიძე". უმრავლესობას უნდოდა სიძეობა, მაგრამ ვინც სასიძოდ იყო გამოწყობილი, პირველი ის ვათამაშეთ. არავისთვის ჯვარი დაგვიწერია და მღვდელი არ მოგვიყვანია. ბიჭებმაც მიიღეს ორგანიზებაში მონაწილეობა, ყვავილები გააკეთეს, მუყაოს ტორტს ფერადი ლენტები შემოვაკარით და ა.შ. ამ ასაკის პროგრამაში წერია ასეთი დავალებები. ესენი არიან 4-წლიანი ბავშვები და ყოველდღიურად მივყვებით ამ პროგრამას.
- რა პროგრამით არის გათვალისწინებული ბაღში ქორწილების გათამაშება?
- პროგრამა სპეციალური წიგნია, "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის - აქტივობების წიგნი" და ამ წიგნს მივყვებით შეძლებისდაგვარად მეთოდისტთან ერთად. კვირის თემა დღესასწაულები იყო. ახალ წევრზეც იყო თემა, ისაუბრეს ბავშვებმა, დედიკომ მოიყვანა ძამიკოო, მაგრამ აღარ ვკითხეთ, საიდან მოიყვანა დედიკომ. ჩემზე უკეთესად იციან. მე პროგრამის ფარგლებში ვიხელმძღვანელე, მშობლებიც და ბავშვებიც კმაყოფილები იყვნენ. ვინმე უკმაყოფილო თუ დარჩა, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ოჯახში 5 წევრი მყავს და ერთი მუდმივად უკმაყოფილოა, თუნდაც იმიტომ, რომ ბორშს მარილი აკლია".
AMBEBI.GE დაინტერესდა, რა არის ბაღის დირექტორის, ლამარა გოგინაშვილის დასახელებული "სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ბაგა-ბაღებისათვის - აქტივობების წიგნი". როგორც ირკვევა, საპილოტე პროგრამა თბილისის მერიის შეკვეთითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით არის მომზადებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრში. გაგრძელება