დედების კლუბი

რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით

რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ნამდვილი შოკოლადი ერთ-ერთი აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია როგორც ბავშვების, ასევე დიდებისათვის, თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ როგორ შეარჩიოს ნამდვილი შოკოლადი, რა ასაკიდან მისცეს ბავშვს და რა ოდენობით შოკოლადის ჭამაა დაშვებული დღის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”ჰუმანას” სამედიცინო კონსულტანტი
ნატო შენგელია გვიზიარებს.
- რას ნიშნავს ხარისხიანი შოკოლადი, რით განსხვავდება მისი შემცველობა ჩვეულებრივი შოკოლადებისგან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება?
- მსოფლიოში ორი ქვეყნის შოკოლადია გამორჩეულად ხარისხიანი - ბელგიური და შვეიცარიული. ბელგიურ შოკოლადში ოდნავ მაღალია კაკაოს შემცველობა, ვიდრე შვეიცარიულში. ხარისხიანი შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს ფქვილს, რადგანაც სუფთა შოკოლადის დამზადებას ფქვილი საერთოდ არ სჭირდება. ამ ინგრედიენტს საღებავებთან ერთად მასის გასაზრდელად ამატებენ. ასეთ ტკბილეულში ფქვილი მეტია, ვიდრე კაკაო. ასევე, შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს კარტოფილის, ხორბლის, სიმინდის და სხვა სახამებელს.

- ნებისმიერ წარმოებაში ქიმიური დანამატები, ემულგატორები და არომატიზატორები გამოიყენება. ამ მხრივ კარგი შოკოლადი რამდენად დაცულია?
- შოკოლადს, თუ იგი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, არ სჭირდება არომატიზატორების, კონსერვანტებისა და საღებავების დამატება. შოკოლადის შერჩევისას აუცილებელია, კარგად გავეცნოთ მის შემადგენლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ კაკაოს შემცველ ტკბილეულს მიიღებთ სასარგებლო ნივთიერების ნაცვლად.
- ეტიკეტმა რომ ”მოგვატყუოს”, ჩვეულებრივმა მომხმარებელმა როგორ უნდა გავარჩიოთ ნამდვილი შოკოლადი უხარისხოსგან?
- შოკოლადი, თუ ნამდვილად ხარისხიანია, 20 გრადუსი ტემპერატურიდან ნელ-ნელა იწყებს დარბილებას და დნობას. თუ 25-27 გრადუს ტემპერატურაზე შოკოლადი ისევ მაგარია, ესე იგი, უხარისხოა და შეიცავს დანამატებს.
- შოკოლადს ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. კონკრეტულად, რისთვის არის სასარგებლო ეს პროდუქტი?
ნამდვილი შოკოლადი აუმჯობესებს ტვინის უჯრედებში იმპულსების გადაცემის ხარისხს, რაც გონებრივი დატვირთვისას ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ კარგად მოქმედებს, როდესაც მოზარდი ან მოზრდილი გონებრივად მუშაობს ან სწავლობს.

შავი შოკოლადი, ნორმის ფარგლებში, აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სისხლძარღვების შევიწროება აწუხებს.
შოკოლადი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მავნე ტოქსინების, თავისუფალი რადიკალებისა თუ სხვა ორგანიზმისათვის არასასურველი ნივთიერებების განეიტრალებაში.
ბავშვებსა და მოზარდებში მაღალი ხარისხის შოკოლადის მოხმარება აუმჯობესებს კონცენტრაციას და ორგანიზმის ტონუსს, ტვინის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით, დასწავლის დროს.
შოკოლადის მიღებისას ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რომელიც იწვევს ბედნიერების შეგრძნებას და წარმოქმნის პოზიტიურ განწყობას. ასე რომ, ნამდვილად ღირს კარგი შოკოლადის ჭამა.

- რა ასაკიდან და რამდენი გრამი შეიძლება ვაჭამოთ ბავშვს დღეში?
- მსგავს კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა გამორიცხულია, რადგანაც რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული:
ბავშვებისათვის შოკოლადის მიცემა 2-2.5 წლის შემდეგ პატარ-პატარა პორციებით არის რეკომენდებული, თუმცა არავითარ შემთხვევაში საღამოს ან ძილის წინ, რადგანაც შოკოლადში შემავალი კოფეინი იწვევს ორგანიზმის ტონუსის მატებას და ბავშვებს ხელს შეუშლის მშვიდად ძილში და მოსვენებაში.
საერთოდ, პატარა ასაკში სასურველია ბავშვებს არ მისცეთ კარამელიანი, ტკბილი შიგთავსიანი ან შაქრის დიდი პროცენტული შემცველობის მქონე შოკოლადი, რადგანაც ბავშვებში შაქარი გვერდით ეფექტებს იწვევს, მაგალითად, როგორიც არის: თავის ტკივილი, სიმსუქნე, რაც თავისთავად საწინდარია დიაბეტისა. ამიტომაც ყოველთვის მოვარიდოთ ბავშვები დიდი ოდენობით შაქრის შემცველ შოკოლადს. დღიური ნორმა საშუალოდ არის 25 გრ მოზრდილობის ასაკამდე.


ბეჭდვა
e87a93