დადგა წლის ცხელი სეზონი და აქტუალური გახდა დასვენების საკითხი. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანა განებივრებულია კურორტების მრავალფეროვნებით, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოში დასვენება ძალიან ძვირი ჯდება და იმავე ფასად ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მოახერხებს ადამიანი დასვენებას. ამ თემასთან დაკავშირებით სალომე შარვაძეს და ქეთა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ:
სალომე შარვაძე:
- როცა ჩემი შვილი - მართა, პატარა იყო, უფრო მთის კურორტებს ვანიჭებდი უპირატესობას, რის შემდეგაც ზღვაზე მივდიოდით ხოლმე. ახლა, ვინაიდან ჩემი სამსახური ბათუმში მდებარეობს, თბილისიდან გასვლა საკმაოდ
ადრე მიწევს და უკვე მეორე წელია, დაახლოებით სამ თვეს ვატარებთ ზღვაზე.
- სამსახური ახსენე, სად მუშაობ?
- ერთ-ერთი სასტუმროს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ, სეზონზე ივენთების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-გაკეთებაც მევალება. ამიტომ ზაფხულში ძირითადად იქით ვართ, თბილისში სერიალის გადაღებებისთვის ჩამოვდივარ ხოლმე. კიდევ კარგი, მართა მგზავრობას კარგად იტანს და პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს. როცა ბათუმში ვართ, ვცდილობ, მართა იქაც დაკავებული იყოს წრეებით, დამყავს ცურვაზე, ხატვაზე, ინგლისურსა და რუსულზე, ამ სამ თვეში რომ არ დაავიწყდეს და ცოდნა განამტკიცოს, ზაფხულშიც ვსწავლობთ. დილით - ზღვა, შემდეგ - დასვენება, მერე - მეცადინეობა, საღამოს კი - ისევ ზღვა და გართობა, - ასეთია მართას რეჟიმი.
- საქართველოში ბევრი კურორტი ნამდვილად კარგად გაკეთდა, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება იქ დასვენება, რომ იმავე ფასად შესაძლებელია საზღვარგარეთ წასვლა... თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- კი, ნამდვილად ასეა, მით უმეტეს, უკვე უვიზო მიმოსვლით შეგვიძლია ვისარგებლოთ, აღარაა საჭირო საელჩოში შესვლა, ვიზის ლოდინი და ა.შ. ვისაც ამის დრო აქვს, მართლა შეიძლება იმავე ფასად დაისვენო უცხოეთში, რაც აქ დასვენება დაგიჯდება. თურქეთში და ევროპის ქვეყნებშიც მოინახება ისეთი ადგილები, სადაც ხელსაყრელ ფასად შესაძლებელია დასვენება, ბევრი კარგი ტურისტული კომპანია გვთავაზობს ხელმისაწვდომ პაკეტებს და თუ თადარიგს დაიჭერ და ცოტა ადრე დაგეგმავ ზაფხულს, კიდე უფრო ნაკლებ ფასად შეიძენ ბილეთს.
- რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და მომსახურების სფეროს, ამასთან დაკავშირებითაც ისმის ხოლმე პრეტენზიები ქართულ კურორტებთან მიმართებაში...
- ამ ბოლო დროს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველო ძალიან განვითარდა, მაღალი კლასის სასტუმროები გვაქვს, კარგი პირობებითა და კვებით, მაგრამ საშუალო ფენისთვის ფასები ძალიან მაღალია და ესაა მთავარი პრობლემა. ბავშვს 2 დღით ვერ გაიყვან ქალაქიდან. მინიმუმ 10 დღე რომ ასეთ სასტუმროში დაისვენო, საკმაოდ დიდ თანხებზე ახვალ. თუმცა, ამას გარდა, ასევე არის საოჯახო სასტუმროები, ე.წ. გესთჰაუსები, სადაც შედარებით დაბალი ფასებია და აქ უფრო შეიძლება ნორმალურ ფასად დასვენება. ჩემს შემთხვევაში, მე ბათუმში რაღაც-რაღაცებში ფული არ მეხარჯება, აქ ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს, მიწყობენ ხელს ბავშვთან დაკავშირებით, დატოვების პრობლემა არ მაქვს, ხან მე მცალია, ხან მათ და ასე ვეხმარებით ერთმანეთს.
- როგორ ფიქრობთ, დაახლოებით რამდენია საჭირო იმისთვის, რომ ზაფხულში ნორმალურად დაისვენო? ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ mshoblebi.ge-ზე