"ოღონდ დაგვიბრუნდი!" - 17 წლის მოზარდს ეძებენ
"ბევრი ფიქრობს, რომ "მოვა დრო", არადა, დრო მიდის", - ასეთი სიტყვები წერია 17 წლის ქობულეთელი გოგი დოლიძის "ფეისბუკგვერდზე" და კიდევ ასეთი დამაფიქრებელი ფრაზა: "ერთადერთი, ვინც არასოდეს მიღალატებს და მოვა, სიკვდილია". რატომ ფიქრობდა სიკვდილზე XII კლასის მოსწავლე და სად გაუჩინარდა ის, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.
7 დეკემბრიდან ოჯახის წევრები და სამართალდამცველები უშედეგოდ ეძებენ ქობულეთის სოფელ ბობოყვათში მცხოვრებ 17 წლის მოზარდს. მისი და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ მისი ძმა დეპრესიული არ იყო, თუმცა ვერ აუხსნია, სად გაუჩინარდა მოზარდი. გოგი დოლიძე სწორედ 7 დეკემბერს გავიდა სახლიდან და მას მერე მის კვალს ვერსად მიაგნეს. იმ დღეს სკოლაში არ მისულა. დაკარგულის ოჯახის წევრები თავიდან ბავშვის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშს უკავშირებდნენ. მამა ეჭვობს, რომ ის "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, რადგან კომპიუტერის მონიტორზე ვეშაპის ფოტო აქვს დაყენებული:
- XII კლასშია ჩემი შვილი. 7 დეკემბერს, დილით სკოლაში წავიდა. იქ არც მისულა. მითხრეს, რომ ქალაქში ჩავიდა. მას შემდეგ კვალი იკარგება. ვეძებთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. გემუდარებით, დამეხმარეთ! თუ ვინმემ სადმე ნახა, დამიკავშირდით. აღარ ვიცი, სად ვეძებო ჩემი შვილი", - ამბობს დაკარგულის მამა ზორბეგ დოლიძე.
გოგის დის, თეონა დოლიძის თქმით, ოჯახმა სამართალდამცველები საქმეში მაშინვე ჩართო:
- სოფელ ბობოყვათში ვცხოვრობთ. ჩემი ძმა სოფლის "მარშრუტკას" ქობულეთში გაჰყვა. მას შემდეგ კვალი იკარგება. ტელეფონი გამორთული აქვს. პოლიცია ვერ პოულობს. ნათესავები, მეგობრები ყველანი ვეძებთ, თუმცა არავის აქვს ინფორმაცია. სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ. რუსულ თამაშს, "ჩორნი კიტს", ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე, კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული. ისიც მინახავს, ლურჯი ვეშაპი რომ დაუხატავს. ხელები დაკაწრული ჰქონდა, რის გამოც ვეჩხუბე, ის კი იცინოდა. ერთხელ რუსულად ასეთი პოსტიც დაწერა: "შავი ვეშაპი არ არის უბრალოდ თამაში, ეს სიკვდილი ან სიცოცხლეა, მაპატიეთ ყველამ". ერთი თვის წინ რომ ვნახე, ოთახიდან არ გამოდიოდა, საშინელებებს უყურებდა. ვუთხარი, რომ ეს მის ფსიქიკაზე აისახებოდა. ბოლო ფოტო აქვს გადაღებული გზაზე, სადაც ისრის მიმართულება მარცხნივ ინგლისურად მიუთითებს წარწერაზე "ენდ", რაც დასასრულს ნიშნავს. მე ყველაფერს თამაშთან ვაკავშირებ".
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, თუმცა ბიჭის კვალს ვერსად მიაგნო. სახლიდან წაიღეს მოზარდის კომპიუტერი და როგორც თეონამ გვითხრა, პოლიციამ გამორიცხა, რომ ბიჭი ინტერნეტთამაშს თამაშობდა. "შემოწმდა კომპიუტერი, თამაში გამოირიცხა. ლურჯი ვეშაპი მარტო დაგუგლული აქვსო, დარეგისტრირებული არ ყოფილა. ამ თამაშს უკვე გამოვრიცხავ", - გვითხრა თეონამ. ის თბილისშია გათხოვილი და ძმას გაუჩინარების წინა ღამეს ესაუბრა.
თეონა დოლიძე:
- გაოგნებულები ვართ. ამდენი დღე გავიდა და ბავშვს ვერსად ვპოულობთ. იყო ვერსია, თითქოს თბილისში ნახეს. პოლიციელებმა დაგვიბარეს და გვაჩვენეს კამერის ჩანაწერები, მაგრამ ის არ იყო ჩემი ძმა. სამწუხაროდ, ამ დრომდე არანაირი ხელჩასაჭიდი არაფერია. არ ვიცით, რატომ გააკეთა ეს და საერთოდ სად წავიდა. ინტერნეტში იმდენ სისულელეს წერენ, რომ ამის ატანა შეუძლებელია. ვითომ ოჯახში იჩხუბაო, რაც ცრუ ინფორმაციაა. მას სახლში არ უჩხუბია.
- თქვენ როდის ესაუბრეთ მას?
- წინა ღამით ველაპარაკე. ჩემს ქმართან იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს, ყველაფერს უყვება. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, გვეტყოდა. ჩემს ქმარს უთხრა, 50 ლარი მჭირდებაო და დავპირდით, რომ ორშაბათს ფულს ჩავურიცხავდით. მართვის მოწმობის აღება უნდოდა ძალიან, ჩაიჭრა გამოცდაზე და ვიფიქრეთ, ფასიან გამოცდაზე უნდოდა გასვლა. სახლში 100 ლარი ჰქონია, 20 ლარი აქვს წაღებული.
- დედა რას ამბობს, რა განწყობით გავიდა სახლიდან?
- დედა ერთი თვეა, თურქეთშია სამუშაოდ წასული. მამა სახლში იყო, ამბობს, სკოლაში წასვლა არ უნდოდა სახეზე დაზიანების გამოო. წინა დღეებში ამხანაგებმა იქეიფეს, დამთვრალა და გზაში დაცემულა, კბილი ჰქონდა ცოტათი მოტეხილი და სახეზე ნახეთქები. რადგან კბილი დაიზიანა, კომპლექსი ჰქონდა და პირბადეს იკეთებდა. დარტყმის კვალი ცხვირთან და თვალთან ეტყობოდა. სოფლის "მარშრუტკას" გაჰყვა ქობულეთის ცენტრში. მძღოლი ჩვენი ახლობელია და ამბობს, მე წავიყვანეო. მას მერე ბავშვის კვალი იკარგება. გადამოწმდა ზარები, მესიჯები, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერია. ბავშვს ვერსად ვპოულობთ. გადამოწმდა ყველაფერი, საავადმყოფოები, მორგები, ეკლესია-მონასტრები, მაგრამ არსად არის. გაგრძელება