თანამედროვე, ახალგაზრდა ორსული ქალები და გამოუცდელი დედები ხშირად სვამენ ისეთ კითხვებს, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს, როგორც მუცლადმყოფი ბავშვის განვითარებას, ასევე ახალშობილი ჩვილის მოვლას.
ამ მხრივ შედარებით გამოცდილი ქალბატონები კი პრაქტიკულ რჩევებს უზიარებენ მათ. თუმცა, დაგვეთანხმებით, ალბათ, რომ კიდევ ბევრი რამ არის, რისი ცოდნაც აუცილებელია, როგორც ახალგაზრდა დედებისთვის, ასევე მთელი ოჯახისთვის, რომელიც პატარას ელოდება და რაც მთავარია, ყველა საჭირო ინფორმაცია ასეთ დროს მათთვის უნდა იყოს მიწოდებული პროფესიონალი ადამიანების მიერ. სწორედ ამ მიზნით უმაღლესი კვალიფიკაციის პედიატრთა და მეან-გინეკოლოგთა ჯგუფმა მოამზადა სახელმძღვანელო, რომელიც მკითხველს დაეხმარება მშობიარობამდე და მშობიარობისშემდგომი პროცესების სწორად მართვაში, ბავშვის მოვლაში ჩასახვიდან ზრდასრულობამდე.
თუ რით არის გამორჩეული „დედის სახელმძღვანელო - ჩანასახიდან ზრდასრულობამდე“ სხვა მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოებისგან, ამის შესახებ თავად წიგნის ძირითადი ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი ქეთევან ნემსაძე გვესაუბრება.
• როდის გაჩნდა სახელმძღვანელოს შექმნის იდეა?
2006 წელს მქონდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეფექტური პერინატალური მოვლის სახელმძღვანელოს მომზადებაში. ამ საქმიანობისას კიდევ უფრო გამყარდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბავშვის განვითარებაზე ზედამხედველობის დაწყების მომენტი არა ბავშვის დაბადება, არამედ მისი ჩასახვა უნდა იყოს. სწორედ ეს ნოვაცია და ამ სფეროში არსებული უახლესი მონაცემები აისახა ქართველი ექიმების ფართო მონაწილეობით მომზადებული წიგნის ვერსიებში. ამასთან, წიგნი მთლიანად მორგებულია და სრულად შეესაბამება ქართულ რეალობას.
• რა მიზანს ემსახურება „დედის სახელმძღვანელო - ჩანასახიდან ზრდასრულობამდე“ და რით არის ის გამორჩეული სხვა მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოებისგან?
„დედის სახელმძღვანელოს - ჩანასახიდან ზრდასრულობამდე“ მიზანია თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება დედასა და სამედიცინო პერსონალს შორის; ეს ნიშნავს მჭიდრო ფსიქოლოგიურ კავშირს, ურთიერთპატივისცემაზე, ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას დედასა და სამედიცინო პერსონალს შორის; დედა ბავშვის ზედამხედველობაზე მეთვალყურეობის პროცესის აქტიური მონაწილე უნდა გახდეს და არა მხოლოდ ექიმის მითითებების შემსრულებელი. ყოველივე ზემოხსენებულის უპირველესი პირობაა დედების განათლება.
ჩვენთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში ვერ მოვიძიეთ მსგავსი წიგნი.
• რა სახის ინფორმაციას მოიცავს „დედის სახელმძღვანელო“?
წიგნში ასახულია განვითარებისთვის ხელშეწყობა ჩანასახიდან ზრდასრულობამდე, ბავშვის კვებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის გზები, ბავშვის სოციალიზაციის ხელშემწყობი ფაქტორები, სხვადასხვა ასაკში ბავშვის სიჯიუტესთან გამკლავების მეთოდოლოგია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დედის მიერ გადაუდებელ პრეჰოსპიტალურ დახმარების აღმოჩენას, საშიშროების ნიშნების ამოცნობას. წიგნი დედას სათანადო ცოდნას აძლევს საიმისოდ, რომ ბავშვზე ზრუნვის აქტიურ თანამონაწილედ, ექიმის დამხმარედ იქცეს და მასთან ერთად მართოს ბავშვის განვითარება. წიგნი დედას ასევე ასწავლის განვითარების შეფერხების დროულად ამოცნობას, ბავშვის ქცევის მართვის მეთოდებს, რაც გონებრივად და ფიზიკურად სრულფასოვანი, განვითარებული და თანამედროვედ მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობებია.
იმისათვის, რომ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია სახელმძღვანელოს შესახებ, უნდა ეწვიოთ 24 იანვარს, 19:00 საათზე "ბიბლუსი გალერეას" (კანდელაკის#7) და დაესწროთ წიგნის პრეზენტაციას. წარდგენის პარალელურად ასევე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, სადაც ყველა ოჯახისთვის საჭირო და აუცილებელი წიგნის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/886225508222957/