ვის არ უნატრია ახალგაზრდობის წლების დაბრუნება... ბევრი ვარსკვლავი უკვე დიდი ხანია გამოეთხოვა "სინორჩის წლებს", მაგრამ მათთვის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ ნებდებიან
და ყველანაირად ამტკიცებენ, რომ წლები მათთან უძლურია. პირიქით - ასაკში ისინი უფრო მშვენიერნი, მეტად ელეგანტურები და... ახალგაზრდულებიც არიან!
ვნახოთ და ვისწავლოთ მათგან, როგორ არ უნდა გააჩერო დრო.
ჯენიფერ ლოპესი, 42 წლის
იყო დრო, როცა ჯენიფერ ლოპესი რეპეტიციებზე მეტროთი იმ იმედით მიდიოდა, რომ ოდესღაც რომელიმე "კარგი მომღერლის" მოცეკვავეთა დასში მოხვდებოდა.
და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვარსკვლავი ამტკიცებს, რომ იგივე ჯენია, რაც უწინ, მაინც ბევრი რამ დაივიწყა წარსულიდან - მეტროზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მან ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვა მუქ პომადაზე, რომელიც 20 წლის გოგოს 40 წლის ქალის შეხედულებას აძლევდა; ასევე - ბუნებრივ კანის ფერზე, რომელიც, ცოტა არ იყოს, მკრთალად გამოიყურებოდა.
დღეს ის წელიწადის ნებისმიერ დროს გარუჯულია, მუქი პომადის ნაცვლად გამჭვირვალე ტუჩის მბზინავ საცხს იყენებს, კულულების მაგივრად მოვლილი თაფლისფერი თმა აქვს.
ამას დაუმატეთ ხელოვნური წამწამები, ძვირფასი სამოსი და 15 პროფესიონალისგან შემდგარი მოცეკვავეთა საკუთარი დასი. რა მიიღეთ? ნამდვილი ქალღმერთის სახე, რომელმაც შეძლო და დაამარცხა დრო.
ქსენია სობჩაკი, 30 წლის
ტელეწამყვანზე ამბობენ, რომ არა პლასტიკური ოპერაციები, ასაკს ვერსად გაექცეოდაო. თუმცა თავად ქსენია ამტკიცებს, ოდესმე ქირურგიისთვის რომ მიემართა, პირველ რიგში, ყბას დაიპატარავებდა (შეგიძლიათ დააკვირდეთ მის ძველ და ახალ ფოტოებს. აშკარაა, ყბაც და ცხვირიც უცვლელია).
სავარაუდოდ, სობჩაკს არაფერიც არ შეუცვლია. უბრალოდ, დროთა განმავლობაში უდარდელი და თავზეხელაღებული გოგონა დახვეწილ ქალბატონად იქცა - თუმცა სტილისტებისა და ვიზაჟისტების დიდი დამსახურებით.
იქნებ მოღვაწეობის სფეროს შეცვლამაც განაპირობა ყოველივე ეს? ქვეყნის ბედზე ზრუნვა ხომ აკეთილშობილებს ადამიანს?!
მეგან ფოქსი, 25 წლის
თუმცა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ არ შეგვეძლო ამ რეიტინგში არ ჩაგვერთო. მეგან ფოქსი დღითიდღე უმტკიცებს მსოფლიოს, რომ პლასტიკური ქირურგის სკალპელი ახლოსაც კი არ მიკარებია.
ჩვენ, უბრალოდ, გთავაზობთ, შეადაროთ მარჯვენა და მარცხენა ფოტო ერთმანეთს და იპოვოთ განსხვავება. ფოქსის გულწრფელობა მის სინდისზე იყოს. მთავარია, რომ ის დღეს შეუდარებელია.
სახის ნაკვთები ბევრად თხელი აქვს, წარბები, პირიქით, - უფრო სქელი, წამწამები - ხშირი. და არანაირი რუჯი! რუჯი, როგორც თავად მსახიობი ამტკიცებს, ძალიან აბერებს. ეს კი მას არაფერში სჭირდება.
უკეთესობისკენ შეცვლაში ფოქსს, რა თქმა უნდა, სტილისტებიც დაეხმარნენ - რომ არა ისინი, ალბათ Giorgio Armani ბრენდის სახედ გოგონას მარცხენა ფოტოდან არ აიყვანდა.
ლამაზმანს მარჯვენა სურათიდან, რა თქმა უნდა, ბევრად გაუმართლა.
ვიქტორია ბექჰემი, 38 წლის
ის გულახდილად ამბობს, რომ არასოდეს მოსწონდა საკუთარი თავი - არც ახალგაზრდობაში და არც ახლა. ზოგიერთს კომპლექსები თვითგანადგურებისკენ უბიძგებს, ზოგს კი, პირიქით, სრულყოფს. მანამ რაფინირებულ ლედიდ გადაიქცეოდა, ვიქტორიას ბევრის გადატანა მოუწია:
რამდენჯერმე ჩაიდგა და ამოიღო მკერდის იმპლანტანტი; დაიგრძელა თმა იქამდე, რომ ცვენა დაეწყო, შემდეგ შეიჭრა და სრულიად გაიუფერულა...
ექსპერიმენტებისა და შეცდომების შემდეგ ვიკი მიხვდა, რომ მთავარია - ზომიერება. არანაირი თამამი სამოსი, თმის უცნაური ფერები და მკვეთრი მაკიაჟი.
ცნობილი სპორტსმენის მეუღლეს, ოთხი შვილის დედასა და წარმატებულ დიზაინერს ეს არაფერში სჭირდება. და ვინ იტყვის, რომ დღეს ვიქტორია უკეთ არ გამოიყურება, ვიდრე 20 წლის წინ?
კეიტ უინსლეტი
3D-ფორმატის "ტიტანიკის" ახლახან გამართულ პრემიერაზე კეიტ უინსლეტი არჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 15 წლის წინ იგივე ფილმის ჩვენებაზე წითელ ხალიჩაზე ის ასე მომხიბვლელად ნადვილად არ კაშკაშებდა.
"ყველაფერი იცვლება ამქვეყნად, - იხუმრა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა, - მაშინ ლეონარდო დი კაპრიო ბევრად გამხდარი იყო, მე კი - ბევრად სრული.
ახლა კი - ყველაფერი პირიქითაა!" და მართლაც: ამ ხნის განმავლობაში კეიტი გახდა და ნამდვილი სუპერვარსკვლავივით გაბრწყინდა, რაშიც, ალბათ, ფრანგულ კოსმეტიკურ ფირმა Lancom-თან დადებული კონტრაქტიც დაეხმარა.
თუმცა მარტო კოსმეტიკაში როდია საქმე. "როცა ქალი უყვართ და მამაკაცის ყურადღებით არის განებივრებული, ის იფურჩქნება", - ამბობს კეიტი.
უინსლეტი მეორე ქმართან, რეჟისორ სემ მენდესთან განქორწინების შემდეგაც არ მოდუნებულა და აყვავების ხანა მსახიობისთვის გრძელდება.
ევა მენდესი, 38 წლის
"მეტი არასოდეს!" - ასე ლაკონურად გამოთქვა თავისი აზრი რამდენიმე წლის წინ ევა მენდესმა ქვედა ქუთუთოს შიგნით ფანქრის წასმაზე.
ახალგაზრდობაში მსახიობი, მისივე თქმით, ბოროტად იყენებდა ფანქარს; ასევე - ღაწვების ვარდისფერ ჩრდილს (რუმიანას).
მაგრამ მთავარია - დროულად შეჩერდე! დღეს ევა, როგორც ხედავთ, ბევრად ახალგაზრდად და დახვეწილად და ერთმნიშვნელოვნად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე 10-15 წლის წინ.
ეს თმის ფერის შეცვლის დამსახურებაცაა: მუქი თმა მენდესს აშკარად ბევრად უხდება. თავად მსახიობი ამტკიცებს, რომ ფორმის შენარჩუნებაში მას ისიც ეხმარება, რომ რამდენიმე წელია, არ მიირთმევს ხორცს (ამასთანავე, არ სჯერა დიეტების).
ასევე იმისათვის, რომ მისი კანი "ბრწყინავდეს", ევა დღეში მინიმუმ 3 ლიტრ წყალს სვამს.
კელი ოსბორნი, 27 წლის
ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება შეიცვალოს ქალი ისე, რომ არ უღალატოს საკუთარ თავსა და პრინციპებს. თმასაც უწინდებურად საყვარელ მოვარდისფრო-ლურჯად იღებავს!
თვალებიც ისევ მკვეთრად აქვს შეღებილი, ოღონდ ახლა მის მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე სპეციალისტები ზრუნავენ. როგორც თავად კელი ამბობს, გარეგნული მეტამორფოზებისკენ ახლო დაქალმა, ქრისტინა აგილერამ უბიძგა.
სიმსუქნისა და უცნაური ვარცხნილობის გამო ქრისტინა კელის გამუდმებით დასცინოდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო. "გარდასახული დედოფლების" სიაში ქრისტინა აგილერა არ მოხვდა.