ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ, იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია. მის ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. წყვილი ქორწინების შემდეგ საქართველოში დასახლდა, 2018 წელს კი სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს.
გასული წელი სამეფო ოჯახის წევრებისთვის სასიხარულო ამბით გამოირჩეოდა, იოანე და ქრისტინე პირველი შვილის მოლოდინში იყვნენ. 2021 წლის 19 იანვარს სამეფო ტახტის მემკვიდრე - ბაგრატ ბაგრატიონი დაიბადა.
ქრისტინე და იოანე ერთმანეთს საქართველოში შეხვდნენ: "ჩვენ ერთმანეთს შევხვდით საქართველოში 2014 წელს და ძალიან მალე სამოქალაქო ქორწინება გვქონდა სამხრეთ ესპანეთის ქალაქ რონდაში. შემდეგ, მოგვიანებით, 2018 წლის 3 ივნისს, საქართველოში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქორწინო ცერემონია გაიმართა. დღეს უკვე ველოდებით ჩვენს პირველ შვილს. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურად ვართ ორივე, პირველი შვილისთვის განსაკუთრებით ვემზადებით. ერთ საღამოს, ჩვენს ოჯახურ შეკრებაზე სიურპრიზი გავუკეთე. მაშინ გავუმხილე, რომ შვილს ველოდებოდით. რამდენიმე წამი თითქოს ვერაფერი თქვა, შემდეგ კი ძალიან ემოციურად მიიღო ეს სიახლე."
როგორც AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ირკვეოდა, ქრისტინე მშობიარობას საქართველოში გეგმავდა: "ჩვენი შვილი საქართველოში დაიბადება, რაც ყოველთვის იყო ჩვენი სურვილი. მართლაც ამაღელვებელი და განსაკუთრებული შეგრძნებაა, როცა ბავშვის დაბადების მოლოდინი გაქვს. ვემზადები ჩვეულებრივად ისე, როგორც ყველა დედა მოემზადებოდა. დედაჩემი მეუბნება, რომ საჭიროების შემთხვევაში სულ დამეხმარება. ასევე, იოანეს დედა კარმენს სურვილი აქვს, რომ სულ ჩვენთან იყოს და მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში. როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, აპირებს ჩვენთან ჩამოსვლას."
პრინცმა იოანემ და ქრისტინემ სამეფო ტახტის მემკვიდრეს იოანეს მამის - ბაგრატის სახელი დაარქვეს.
"მარაოს" რედაქცია უერთდება მილოცვებს.