მსახიობი და ტელეწამყვანი ანკა ვასაძე მეორედ გახდა დედა. მისი პირველი შვილი, ნიკოლოზი, უკვე ათი წლისაა და დის დაბადებას მოუთმენლად ელოდებოდა: „ნიკოლოზიც მთხოვდა, ბავშვი გამეჩინა და ვფიქრობ, პატარა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. რაც წლები გადის, ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რამხელა იმედი და ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე ახლობელი გყავს დის ან ძმის სახით“ - ამბობდა ანკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანკა ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო. მისმა ულამაზესმა ფოტოებმა გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება და მოწონებაც დაიმსახურა. როგორც თავად მსახიობი ამბობდა, მას რთული ორსულობა არ ჰქონია, არც ზედმეტ კილოგრამებს შეუწუხებია.
17 მაისს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორედ გახდა დედა. მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ტუსია (ანასტასია) დაარქვა. ამჯერად ანკა კადრებს შვილის ნათლობიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნათლობა ანკასა და მისი მეუღლის მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში გაიმართა და სტუმრებმა პატარასთან ერთად უმრავი ფოტოც გადაიღეს.
როგორც კადრებიდან ჩანს, ანკა მშობიარობის შემდეგ უმოკლეს დროში ჩადგა ფორმაში და ორი შვილის დედა იდეალურად გამოიყურება.