ბავშვები ყველაფერს ისევე აღიქვამენ და იგებენ, როგორც ეს დიდ, ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ. არც ერთ ბავშვს არ სჭირდება გარემო, სადაც მუდმივად ჩხუბი, ყვირილი და დაძაბულობაა. ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი მშობლების განქორწინებაა. განქორწინების დროს, იმისთვის, რომ მამასა და შვილს შორის გაუცხოება და სიცივე არ წარმოიშვას, მამამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. პირველი, რაც შვილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება მას, ეს ყოფილ ცოლთან ცივილური დამოკიდებულებაა. დაშორების შემდეგაც კი წყვილი მუდმივად უნდა ზრუნავდეს, რომ მათ „კატა-თაგვის“ როლი არ ჰქონდეთ და ამან ზიანი ყველაზე მთავარს, შვილს არ მიაყენოს.
სასამართლოს გზა
სასამართლო შვილთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სასამართლო წყვილს შორის არსებულ უთანხმოებას კიდევ უფრო აღვივებს და დაძაბულობა მატულობს. კონფლიქტმა ასეთ დროს შეიძლება ძალიან სერიოზული სახეც კი მიიღოს. ცალკე პრობლემაა ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ერთი მხარისთვის ხშირად მიუღებელია და ეს მის სისრულეში მოყვანას ართულებს.
ცოტა „ეშმაკობა“
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვის დედა კატეგორიული წინააღმდეგია ყოფილ მეუღლესთან ყველა სახის ურთიერთობის, ეს ღელვისა და კამათის მიზეზი ნამდვილად არ არის, რადგან სწორი მიდგომითა და ცოტა მოთმინებით ყველაფრის დალაგება შეიძლება. მთავარია, რომ მამამ ბავშვის დედის მიმართ მკაცრი მოთხოვნები არ წამოაყენოს და, ამის მაგივრად, რბილი, ჰუმანური დიალოგი აწარმოოს.
ბავშვთან საუბარი
ბავშვები ხშირად სვამენ კითხვას, რატომ არ ცხოვრობენ დედა და მამა ერთად; ხომ არ არის ეს მისი ცუდი საქციელის ბრალი ან იმის დამსახურება, რომ სადილი ბოლომდე არ შეჭამა. ამ დროს ბავშვს ორივე მშობელმა უნდა აუხსნას, რომ მისი ბრალი არაფერია, რომ ასეც ხდება და ზოგჯერ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ უგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი ეზიზღებათ. ბავშვი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ, მშობლების დაშორების მიუხედავად, ისინი ერთმანეთს პატივს სცემენ და უფრთხილდებიან.
სტერეოტიპები
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს მიდგომა, რომ ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს, მამას კი მხოლოდ მუშაობა და ფინანსურად უზრუნველყოფა ევალება. ცხადია, ეს მოძველებული სტერეოტიპია და დაშორების შემთხვევაში მამამ შვილის მიმართ გაასმაგებული ყურადღება, სიყვარული და მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს; დაანახოს შვილს, რომ ის არსად წასულა და ყოველთვის მის გვერდითაა; მასთან ერთად ითამაშოს და ჩართოს საკუთარ საქმიანობაშიც, მაგალითად, ერთად გარეცხონ მანქანა, ერთად წავიდნენ მის შესაკეთებლად და სხვ. მათი ყოველი შეხვედრა ბავშვისთვის დაუვიწყარ ზღაპარს უნდა ჰგავდეს.
სიმშვიდე და ემოციების მართვა
სამყარო ასეთია - ბავშვებს მშობლები უყვართ იმიტომ, რომ უბრალოდ უყვართ და არა იმიტომ, რომ ისინი შოკოლადებსა და ნაყინს ყიდულობენ მათთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმეზე გაბრაზებული, გაღიზიანებული ხართ, ბავშვთან შეხვედრის დროს ეს უარყოფითი ემოციები უნდა დამალოთ და მას თქვენ გვერდით დისკომფორტი არ შეუქმნათ. თუკი ბავშვი იგრძნობს, რომ მასთან ყოფნისას მამა მუდმივად უახასიათოდაა, შესაძლოა, შეხვედრა და დროის მასთან გატარება აღარც კი მოინდომოს. ასე რომ, ფრთხილად ბავშვის ფსიქიკასთან!
ფანატიზმი დამღუპველია
შვილი ემოციურ სათბურში არ უნდა მოაქციოთ, ეს მას კარგს არაფერს მოუტანს. შვილთან ურთიერთობისას მამა არ უნდა თამაშობდეს და უნდა იყოს ის, ვინც სინამდვილეში არის, გარდა ზემოთ მოყვანილი შემთხვევისა, როცა მშობელს სიმშვიდე და ემოციების მართვა მოეთხოვება. მამა უნდა ეცადოს, არ შექმნას საკუთარი თავისგან სუპერგმირი და ამ ხელოვნურობაში ემოციები და გრძნობები არ გააფერმკრთალოს. ის უნდა ეცადოს, შვილს მაქსიმალურად გასაგებად ესაუბროს, აუხსნას საკუთარი წესები, მაგალითად ის, რომ თუ დედა კანფეტის ჭამის უფლებას არ აძლევს, ეს მასთან აკრძალული არ არის, ან პირიქით.
ბავშვთან კომუნიკაციის 5 ოქროს წესი:
ბავშვის დედასთან კომუნიკაციის 4 გზა: