როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა გარშემო არავინ ჰყავს, ვინც სწორ რჩევას მისცემს ან უბრალოდ გვერდით დაუდგება? ღირს თუ არა ბავშვის გაჩენა 40 წლის შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი მარტო აღარ იყოს? ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ:
"44 წლის ვარ და გავიგე, რომ ბავშვს ველოდები. ბავშვის მამამ, როგორც კი მას ეს ამბავი მოვუყევი, უარი თქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე. არ მესმის, როგორ მოვიქცე სწორად ამ სიტუაციაში...
მიხაილთან შეხვედრა ქმართან დაშორების შემდეგ დავიწყე. განქორწინება მშვიდობიანი იყო, ზედმეტი სკანდალებისა და შეურაცხყოფების გარეშე. ჩვენ გვეყო გამბედაობა, ეს ნაბიჯი გადაგვედგა, თუმცა დაშორების შემდეგ თავი იჩინა დეპრესიამ, აქამდე არასოდეს მიგრძვნია თავი ასე მარტოსულად... ჩემმა მეგობარმა მიხაილმა, ფაქტობრივად, გადამარჩინა. მან სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და თავი კვლავ ადამიანად მაგრძნობინა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩვენი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. ექვსი თვის ურთიერთობის შემდეგ მისმა ოჯახმა რძლად მიმიღო. მე მჯეროდა, რომ საბოლოოდ ვიპოვე ადამიანი, რომელთან ერთადაც მინდოდა, დავბერებულიყავი და გამეზიარებინა ყველა სიხარული თუ მწუხარება.
როდესაც გავარკვიე, რომ დავორსულდი, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მინდოდა ამ ბავშვის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ეს გადაწყვეტილება დიდ რისკს ნიშნავს. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე იმედგაცრუება, რომელიც განვიცადე, როდესაც მიხაილმა თქვა, რომ შვილი არ უნდა. ტესტის გაკეთებისთანავე დავურეკე მას, სამსახურიდან დაბრუნებასაც კი არ დაველოდე. დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ჩემსავით გაუხარდებოდა... მან უბრალოდ მიპასუხა, რომ ეს არ იყო მისი გეგმების ნაწილი და გათიშა. იმ საღამოს სახლში აღარ დაბრუნებულა... ცხადი გახდა, რომ ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ასე რომ, რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ დავშორდით. ახლა სრულიად დაბნეული ვარ. მარტოობის განცდა კიდევ უფრო ძლიერად მაქვს. იქნებ ბავშვმა შეძლოს ჩემი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ არის ეს სამართლიანი მისთვის? მამის გარეშე ბავშვის აღზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა და არ ვარ დარწმუნებული, შევძლებ თუ არა ამას, თუმცა ბავშვის დაკარგვა არ მინდა! როგორ უნდა მოვიქცე?!"