14 ნოემბერს მსოფლიოში დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. ტელეკომპანია "ფორმულაზე“ გადაცემა "ჩატს" მსახიობი სანდრო კაკულია სტუმრობდა.
როგორც აღმოჩნდა, ეს თემა წლების წინ პირადად მას შეეხო, როდესაც მის 6 წლის გოგონას პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ელენე ახლა 12 წლისაა და მამას სჯერა, რომ მის სრულწლოვნობამდე დაამტკიცებენ წამალს, რომელიც, მინიმუმ, გოგონას ინსულინზე დამოკიდებულებას მოუხსნის...
სანდრო კაკულია:
"ყველაფერი ერთ წამში იცვლება, მთელი სამყარო, როდესაც ექიმი შემოდის და გატყობინებს, რომ თქვენს შვილს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი. ეს არის ქრონიკული დაავადება და მთელი ცხოვრება ინსულინდამოკიდებული უნდა იყოს, რადგან ჯერ წამალი არ არის გამოგონებული. ელენე 6 წლის იყო, მისი დიაგნოზის შესახებ რომ გავიგეთ. ერთ ჩვეულებრივ დღეს ბავშვი რუტინულ ანალიზზე მივიყვანეთ. იმავე საღამოს, 9 საათზე, ექიმმა სახლში დაგვირეკა, შეშფოთებული ხმა ჰქონდა, - სასწრაფოდ მოიყვანეთ ბავშვი, ერთ-ერთი ანალიზი ძალიან არ მომწონსო.
მახსოვს, ბილეთი მქონდა აღებული და ორ საათში სახლიდან უნდა გავსულიყავი, ჰოლანდიაში მივფრინავდი. ელენეს პირველივე ჯერზე შაქარი 500 აღმოაჩნდა. ამ დროს თავად ვერ გრძნობდა. ეგრევე რეანიმაციაში შეიყვანეს. როდესაც გვითხრეს, უნდა დავტოვოთო, ძალიან მინდოდა ნახვა და პანიკა ავტეხე. გადასხმაზე იყო ბავშვი შეერთებული, მე კიდევ გარეთ ვიდექი, ვტიროდი, ვაკაკუნებდი, ჩემი შვილი მანახეთ-მეთქი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ დროებით ბავშვი გამომიყვანეს. რომ არ მენახა, არ ვიცი, რა მეგონა. ჩავიხუტე და ტირილი დავიწყე, პირველად ექვსი წლის განმავლობაში, ხუთასიანი შაქრით, ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ. ეს რომ მითხრა, მივხვდი, რამდენად ძლიერია თვითონ. ათი დღე დაგვტოვეს საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს, პირველი ღამე რომ გათენდა, პალატაში მე, ელენე და ჩემი მეუღლე ვიყავით, ექიმი რომ შემოვიდა. მშვიდი, ცივი სახით, რაღაც ფურცელი ეკავა ხელში. ჩვენ ამ დროს სერიოზულ პანიკაში ვართ, არც გვსმენია დიაბეტის შესახებ. გვეუბნება, თქვენს შვილს პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა, ინსულინდამოკიდებულიაო. პირველი, რაც ვკითხეთ, როგორ და როდის მორჩებოდა და რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის. ამ ქალმა იმავენაირად მშვიდი, წყნარი სახით გვითხრა, - არასოდეს, ეს მთელი ცხოვრება ექნებაო.... შოკის მდგომარეობაში აღმოვჩნდით, სამუდამო დიაგნოზით და ნული ინფორმაციით.
ამ დროს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორი რთული იქნებოდა დიაგნოზთან ერთად ცხოვრება. არავინ გვითხრა, რომ ეს განაჩენი არ არის.
გააგრძელეთ კითხვა