ანი ღონღაძისა და გიორგი თექთურმანიძის წყვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მათ მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაშინ გაიზარდა, როცა 2016 წელს გიორგი მძიმე ავარიაში მოყვა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. საბედნიეროდ, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მან ცხოვრების გაგრძელება ჩვეულ რიტმში შეძლო:
„ოთხი თვის წინ ყველაზე რთული და საშინელი პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში. თან იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, მაგრამ ხშირად მიქრებოდა ეს იმედი. არ მახსოვს პირველი რამდენიმე დღე, არ მახსოვს ბევრი დეტალი, მაგრამ მახსოვს უამრავი ხალხი ჩემ გვერდით, რომლებიც უდიდეს სტიმულს მაძლევდნენ. ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს, ძალიან კარგია, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს გასავლელი გზა. შემიძლია ვთქვა, რომ ღმერთმა ყველაზე საყვარელი ადამიანი მეორედ მაჩუქა“ - წერდა ანი ღონღაძე.
რთული პერიოდის შემდეგ ანისა და გიორგის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა - ისინი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ნიკოლა დაარქვეს: „დღეს ამ ორ სიყვარულს ნიკოლა შეემატა“, "ნიკოლა თექთურმანიძეს გაუმარჯოს" - წერენ წყვილის მეგობრები სოციალურ ქსელში.