ძალიან ხშირად სკოლის მოსწავლის მშობლებს უჭირთ ბავშვთან ერთად გაკვეთილების მომზადება. ჯერ ერთი, ძნელია ბავშვის წიგნთან დასმა; მეორეც - სამუშაო დღის შემდეგ, მაშინ, როცა სახლის საქმეებიც მოსასწრებია.
ყოველთვის ვერ ვპოულობთ დროს იმისათვის, რომ შვილს დავუჯდეთ და მას გაკვეთილების მომზადებაში დავეხმაროთ.
რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ყურადღებას გაკვეთილების მომზადებისას დაწყებითი კლასის მოსწავლეები მოითხოვენ, მაგრამ უფროსკლასელებსაც არ აწყენდათ მშობლის დახმარება ამა თუ იმ საგანში.
მოდი, ერთად გავარკვიოთ, როგორ სჯობს დავეხმაროთ ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში, რომ არც მისთვის და არც ჩვენთვის ეს დამღლელი პროცესი არ აღმოჩნდეს.
სკოლის შემდეგ დასვენება
მანამ საშინაო დავალებების შესრულებას შეუდგებოდეს, ბავშვისთვის სკოლის შემდეგ აუცილებელია დასვენება.
გასეირნება სკოლის შემდეგ აუცილებელია! ჰაერზე ყოფნის მინიმალური დრო ნახევარი საათია, მაგრამ უკეთესია, თუ გარეთ ბავშვი საათნახევარს დაჰყოფს.
შემდეგ, სახლში ამოსულმა, ნასადილევმა და ცოტა კიდევ დასვენებულმა ბავშვმა უნდა დაიწყოს გაკვეთილების მომზადება.
ბავშვი სხვადასხვანაირია
ძალიან ცოტა მშობლის შვილი ჯდება ულაპარაკოდ გაკვეთილების მოსამზადებლად. მოწაფეთა უმეტესობა, როგორც წესი, ორი კატეგორიად იყოფა. ერთს ვერ დააძალებ სამეცადინოდ დაჯდომას, მეორენი კი ყველაფერის მაშინვე და ჩქარ-ჩქარა გააკეთებენ, რომ შემდეგ სუფთა სინდისით, მშვიდად გაერთონ. რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი უკეთესია, მაგრამ სიჩქარეში ხშირად კარგად ვერ ითვისებენ. ორივე შემთხვევაში აუცილებელია მშობლის ან სხვა ახლობლის ჩარევა.
თუ ბავშვს არ უნდა გაკვეთილების მომზადება, მაშინ მოგიწევთ გარკვეული წესების შემოღება, რომლებიც თქვენმა შვილმა მკაცრად უნდა შეასრულოს. კარგია, როცა ბავშვი რეჟიმშია, მაგრამ მისი ამ რეჟიმში ჩასმა ყოველთვის მარტივი და მოსახერხებელი არ არის. ამიტომაც დაელაპარაკეთ შვილს წყნარად, მაგრამ კატეგორიულად. მაგალითად, მიეცით უფლება, ითამაშოს ან უყუროს ტელევიზორს გარკვეულ დრომდე, შემდეგ კი დაუყოვნებლივ შეუდგეს გაკვეთილების მომზადებას.
ამასთან, თუ თქვენი გოგონა ან ბიჭი საყვარელ გადაცემას უყურებს, ნუ გამოურთავთ ტელევიზორს შუა ყურებისას, მაგრამ შეახსენეთ, რომ გაკვეთილების მოსამზადებლად (შესაბამისად, შემდეგ სათამაშოდ) დრო ნაკლები რჩება.
პატარა მოჩქარეებთან საქმე უფრო მარტივად არის, მაგრამ მოგიწევთ გააკონტროლოთ, რომ ბავშვმა შეცდომები არ დაუშვას სიჩქარეში. უკეთესია, თუ ურჩევთ, თავდაპირველად შავად დაწეროს, შემდეგ კი გადაათეთროს დავალება. თუ თეთრ რვეულშიც დაუშვა შეცდომა, ასწავლეთ, ლამაზად გამოასწოროს ის. თუ შეცდომა უმნიშვნელოა და ცოტა, ნუ დააძალებთ მას, გადაწეროს მთელი დავალება თავიდან.
რამდენ ხანს უნდა იმეცადინოს
ფსიქოლოგების მტკიცებით, საშინაო დავალებებისთვის საუკეთესო პერიოდი – 15-დან 18 საათამდეა. სასურველია 5-10-წუთიანი შესვენებები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის მოწაფეთათვის. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დაისვენოს თვალებმა, ხელებმა და ზურგმა. კარგი იქნება, თუ ამ შესვენებების დროს ბავშვი ვარჯიშებს შეასრულებს, შეჭამს შოკოლადის ნატეხს ან ხილს.
სასურველია, რომ საშინაო დავალების მომზადებას ბავშვმა მოანდომოს არაუმეტეს 1,5-2 საათისა
სჯობს, დაიწყოს ყველაზე რთული დავალებით, მაგალითად, ქართული ენით ან მათემატიკით, ზეპირი საგნები კი ბოლოს იმეცადინოს.
როგორ დავეხმაროთ გაკვეთილების მომზადებაში?
მშობლის ძირითადი მიზანია – ბავშვი დამოუკიდებელი გახადოს! თუ ის არ ისწავლის დამოუკიდებლად მეცადინეობას, ადრე თუ გვიან გაკვეთილებს საერთოდ აღარ მოამზადებს, ან თქვენ მოგიწევთ ყოველდღიურად დაუჯდეთ და გააკონტროლოთ მისი მეცადინეობა.
რა თქმა უნდა, ბავშვს ყურადღება უნდა დავუთმოთ, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ამას მასთან ერთად უფრო სასიამოვნო საქმიანობისას გამოიყენებთ. რა უნდა გავაკეთოთ?
თავდაპირველად მოგიწევთ ბავშვთან ერთად დავალებების შესრულება, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის მოსწავლესთან ერთად. დახმარების დროს ასწავლეთ ბავშვს სქემებისა და ტაბულების გამოყენება, მათემატიკის ამოცანები კი ფურცელზე დაახატვინეთ ხოლმე. შეუძინეთ ლამაზად დასურათებული ენციკლოპედიები და წიგნები ისტორიულ თემატიკაზე.
პირველივე დღეებიდან მიეცით საშუალება ბავშვს, დამოუკიდებლად იაზროვნოს. ნუ იჩქარებთ, უკარნახოთ ამოცანის ან მაგალითის პასუხი. შესაძლოა, თავდაპირველად დიდი დრო წაგართვათ ერთობლივმა მეცადინეობებმა, მაგრამ თუ თქვენ სხვა საქმეებით დაკავდებით, პატარა აუცილებლად გამოგიძახებთ ყოველი სირთულის დროს და ეს ორივეს უფრო მეტად დაგღლით. თუ არ დაგიძახათ, აუცილებლად შეუმოწმეთ შესრულებული დავალება.
უფროსი ასაკის მოწაფეები (იდეალურია მე-2 კლასიდან) დამოუკიდებლად უნდა ასრულებდნენ საშინაო დავალებებს და მშობელს არ ეძახდნენ წამდაუწუმ დასახმარებლად.
სამწუხაროდ, ცოტა ბავშვი თუ მოიძებნება, რომელიც დავალებას კარგად და ყურადღებით ასრულებს. თუ თქვენი შვილი სწორედ ასეთია, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და არ გააკონტროლოთ ის. დანარჩენ შემთხვევაში აუცილებელია მის მიერ შესრულებული დავალების შემოწმება – როგორც წერითი, ასევე ზეპირის.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უფროსკლასელები ზერელედ აკეთებენ საშინაო დავალებას, ან მხოლოდ ძირითად (საგამოცდო) საგნებს მეცადინეობენ. ამ შემთხვევაში როგორღა მოვიქცეთ? თუ მოზარდი საერთო ჯამში კარგად სწავლობს, ნუ მიიყვანთ საქმეს კონფლიქტამდე, ისწავლეთ მისი ნდობა და მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად აირჩიოს, რა უნდა იმეცადინოს და რა – არა.
თქვენი კონტროლი აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გამუდმებით დაბალ ნიშნებს იღებს. შეეცადეთ, გაარკვიოთ მიზეზი: მას არ უნდა სწავლა თუ უბრალოდ, ვერ ითვისებს? იქნებ დამატებითი მეცადინეობები სჭირდება რომელიმე საგანში?
ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ ბავშვის ნიშნები სკოლის ჟურნალში იმაზე არ აგებს პასუხს, როგორი იქნება მისი ცხოვრება სკოლის დამთავრების შემდეგ. ხშირად ყოფილი წარჩინებული მოწაფეები ხელფასიდან-ხელფასამდე ძლივს იტანენ თავს, ხოლო ”ოროსნები” წარმატებული ადამიანები ხდებიან.
მთავარია – გაზარდოთ კეთილი, წესიერი და გულისხმიერი შვილი, შეინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა და თქვენი თბილი ურთიერთობები.