მშობლების "წყალობით", ეს ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხდებიან ნამდვილი ვარსკვლავები, საკუთარი სატელევიზიო შოუებიც აქვთ და მშვენიერი ანაზღაურებაც. (ვიდეო)
როცა ალანა 6 წლის იყო, მისმა 32 წლის დედა ჯუნ ტომპსონმა სრულიად მოურიდებლად მიიყვანა ბავშვთა სილამაზის კონკურსზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოთხი ქალიშვილიდან ყველაზე უმცროსი ნაკლებად ჰგავდა ბარბის თოჯინას.
ალანა ტომპსონის შესახებ ტელეგადაცემა "ბავშვები და დიადემები" 2012 წლის 4 იანვარს გავიდა ეკრანებზე და გოგონამ მეორე დილას ვარსკვლავად გაიღვიძა, სახელად ჰანი ბუბუ. გადაცემაში გოგონამ მოუთხრო მაყურებელს, რომ სილამაზის კონკურსებში ფულის გამო მონაწილეობს; გამოაცხადა, რომ დოლარის დანახვაზე აკანკალებს და რატომღაც თავის თავს ჰანი ბუბუ შეარქვა.
ასევე, გაირკვა, რომ მოზღვავებული ენერგიისთვის გოგონას დედა თავის გამოგონილ რაღაც წვენს, Go-Go Juice-ს ასმევს, რომელიც ენერგეტიკული სასმლისა და ლიმონათის ერთგვარი ნაზავი ყოფილა.
ტელეარხ TLC-ის პროდიუსერებმა მალევე შენიშნეს კოლორიტული წყვილი და დედა-შვილს რეალურ შოუში გადაღება შესთავაზეს.
ჯუნ ტომპსონს ძალიან უნდოდა, მის ქალიშვილს სახელი გაეთქვა და გამოუვიდა კიდეც - გოგონა ნამდვილ ვარსკვლავად იქცა თავისი საკუთარი რეალური შოუთი "შეეგებეთ: პაწია ბუბუ", რომელიც ეთერში პირველად შარშან აგვისტოში გავიდა.
შოუს შესანიშნავი რეიტინგი ჰქონდა, პირველივე სეზონი აშშ-ში 2,75 მლნ მაყურებელმა ნახა. სულ უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდებოდა არა პოლიტიკით, არამედ იმით, როგორ ჰქონდა საქმეები მრავალშვილიან დედას, რომლის ჰობი ბოლო დრომდე ფასდაკლების კუპონების შეგროვება ყოფილა...
როგორც სპეციალისტები ამბობენ, შოუს წარმატების საიდუმლო მარტივია - ბოლო დროს მაყურებელს სულ უფრო სიამოვნებს ეკრანზე თავისნაირი უბრალო ადამიანების დანახვა, ვიდრე დახვეწილი და მშვენიერი ლამაზმანების ხილვა.
ჯუნი და მისი ქალიშვილი კი ძალიან ჰგვანან რიგით ამერიკელებს, რომელთა დიდი ნაწილი რა ხანია, აღარ ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს და ცხოვრების გალამაზებას სხვადასხვა უცნაური გატაცებით ცდილობს.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)
იხილეთ ვიდეო