არანაირი დამცირება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბავშვებს სცემენ, ის არის, რომ მათ ხელის შებრუნება არ შეუძლიათ – ტიბეტური სიბრძნე.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ უნდა აღზარდოთ ბავშვი სხვადასხვა ასაკში ტიბეტური წესებით.
პირველი პერიოდი - 5 წლამდე
ბავშვს უნდა მოექცეთ ისე, როგორც მეფეს. ამ დროს არ შეიძლება არაფრის აკრძალვა. ერთადერთი, რითიც ცუდი საქციელის აღმოფხვრა შეგიძლიათ, მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანაა. თუ ბავშვი რაიმეს აშავებს, მაშინვე მიიღეთ შეშინებული სახე ან შეიცხადეთ.
ბავშვს ეს ენა კარგად ესმის. ამ პერიოდში ბავშვში ვითარდება აქტიურობა, ყველაფრის მიმართ ინტერესი. მას არ შეუძლია გააბას მოვლენების გრძელი, ლოგიკური ჯაჭვი.
მაგალითად, ბავშვმა გატეხა ძვირფასი ვაზა. მას ხომ არ ესმის, რომ იმისათვის, რომ ეს ვაზა შეიძინოთ, თქვენ ბევრი მუშაობა მოგიწევთ. სასჯელს ამ საქციელისთვის ის ძლიერის მხრიდან ჩაგვრად აღიქვამს. თუ ბავშვს დასჯით, ამით იმას კი არ ასწავლით, რომ ვაზა აღარ გატეხოს, არამედ მხოლოდ იმას, რომ ძლიერს უნდა დაემორჩილოს. დაფიქრდით, ეს გჭირდებათ?
მეორე პერიოდი – 5-დან 10 წლამდე
ამ პერიოდში ბავშვს, როგორც მონას, ისე უნდა მოექცეთ. უნდა დაუსახოთ ამოცანები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. შეგიძლიათ დასაჯოთ შეუსრულებელი დავალების გამო (მაგრამ არა ფიზიკურად).
ამ დროს აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვს უნდა შეეძლოს, წინასწარ განჭვრიტოს ადამიანების რეაქცია მის საქციელზე, დაიმსახუროს მხოლოდ დადებითი მოპყრობა და თავიდან აიცილოს გარშემომყოფებისგან ყოველგვარი უარყოფითი რეაქცია. ნუ მოერიდებით ბავშვის ცოდნით დატვირთვას.
მესამე პერიოდი – 10-დან 15 წლამდე
როგორ აღვზარდოთ ბავშვი ამ ასაკში? როგორ მოვექცეთ მას? როგორც თანასწორს. არა როგორც თანატოლს, არამედ სწორედაც, როგორც თანასწორს, რადგან თქვენ მაინც მასზე მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ. ჰკითხეთ რჩევები ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მიეცით იმის საშუალება, რომ გააანალიზოს პრობლემები და რჩევა მოგცეთ.
თქვენი ნება მას მხოლოდ რჩევებით მიაწოდეთ. თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ, მაშინ აქცენტი გააკეთეთ უარყოფით შედეგებზე და თავი აარიდეთ პირდაპირ აკრძალვებს. ამ დროს ბავშვში ყალიბდება დამოუკიდებლობა და თავისუფალი აზროვნება.
ბოლო პერიოდი – 15 წლიდან
ამ დროს ბავშვს პატივისცემით უნდა მოეპყრათ. მისი აღზრდა უკვე გვიანია და თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ მოიმკათ ის, რაც დათესეთ.
რა შედეგი შეიძლება მოიტანოს, თუ ამ წესებს არ დაიცავთ?
- თუ 5 წლის ასაკში ბავშვს დაამცირებთ, მაშინ მის ცხოვრებისეულ აქტიურობას დააქვეითებთ, გაუქრობთ ინტერესს ცხოვრების მიმართ, ჩაუკლავთ ინტელექტსა და იმუნიტეტს.
თქვენდაუნებურად მორჩილს გახდით ყოველივე ძლიერის მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, მისგან მსხვერპლს აქცევთ.
- თუ 5 წლის მერე მას გაანებივრებთ, მაშინ ბავშვი ინფანტილური გახდება, არ იქნება ქმედითუნარიანი.
- თუ თქვენ 10 წლის ზევით ბავშვს კალთის ქვეშ მოაქცევთ, მაშინ ის კომპლექსებიანი იქნება და მუდამ სხვაზე დამოკიდებული.
- თუ ბავშვს 15 წლის შემდეგ პატივისცემით არ მოეპყრობით, ის ამას არასოდეს გაპატიებთ და პირველივე შესაძლებლობისას სამუდამოდ წავა თქვენგან.