ახალი სიცოცხლის დაბადება – ეს საოცრებაა. ალბათ, ამიტომაც არსებობს ამდენი ცრურწმენა, მითი და ტაბუ ორსულობასთან დაკავშირებით... ზოგიერთი კი იმდენად დამკვიდრებულია სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში, რომ მეცნიერებს უწევთ შეისწავლონ ეს საკრალური მითები და მათზე დასაბუთებული მეცნიერული პასუხები გასცენ.
ექიმმა შენ ტასონმა შეკრიბა ყველა ეს ცრურწმენა თავისი წიგნში, სახელწოდებით "ხელები შორს მუცლისგან!"
გთავაზობთ წიგნიდან რამდენიმე მითს და მათ მეცნიერულ ახსნას:
გულძმარვა – ბავშვის თმიანობის ნიშანია. ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტმა კვლევა ჩაატარა. დაკვირვების ქვეშ მყოფი 64 ორსული ქალისგან ყველას უკლებლივ აღენიშნებოდა გულძმარვა და ბავშვები მართლაც მომატებული თმიანობით დაიბადნენ. არანაირი სამეცნიერო ახსნა ამას ჯერჯერობით არ აქვს. ამიტომაც სხვა გზა არ დაგვრჩენია, რომ უბრალოდ გვჯეროდეს, ჩვენს პატარას ზედმეტი თმა აუცილებლად დასცვივდება.
ქუდბედით დაბადებული – დიდების, სიმდიდრისა და წარმატების ნიშანია. ბევრი სახელგანთქმული ადამიანი მართლაც დაბადებულა ქუდბედით: ლორდ ბაირონი, ნაპოლეონი, რამდენიმე კეისარი. ქუდბედი წარმოადგენს ერთგვარ ბადეს, რომელიც ხანდახან მუცლადყოფნის დროს ბავშვს თავზე ეკვრის, ხან კი მთლიანად ამ ბადით არის დაფარული და მასთან ერთად იბადება. ეს, უბრალოდ, სახალისოა და გამორჩეული, მეტი არაფერი. ამის იმედად ნუ იქნებით – სიმდიდრე და სახელის მოხვეჭა მაინც თავად მოგიწევთ. მაგრამ თუკი მამიკო პირველ ფოტოს გადაუღებს ბავშვს და შემდეგ აჩვენებს, რომ ის ქუდბედით არის დაბადებული, შესაძლოა, ეს მისთვის სტიმული გახდეს.
ორსული ქალის საყელოც კი ჭამსო – მან ორის მაგივრად უნდა მიირთვას. მერე ნუღარ იწუწუნებთ, რომ სხეული ფორმაში ვეღარ მოგყავთ. დედა, როგორც იყო ერთი, ისევე ერთია, როცა ორსულია; ხოლო მეორე, რომელიც მის მუცლად იმყოფება, მაქსიმუმ 5 კილოგრამია. რამდენი საკვები უნდა დასჭირდეს მას? ექვს თვემდე მიირთვით იმდენი, რამდენსაც მანამდე ჭამდით, ხოლო მას მერე შეგიძლიათ, მიიღოთ 250-300 კალორიით მეტი (კალორიით მეტი და არა საკვებით!). სხვათა შორის, ეს ძალიან მავნებელი მითია.
ორსულობის დროს კბილების პროფესიონალური გაწმენდა არ შეიძლება. ეს საერთოდ პირველყოფილების დროინდელი მითია. კბილების პროფესიონალური წმენდა აუცილებელია ყოველ ექვს თვეში ერთხელ, მით უმეტეს, ორსულობის დროს. და არც ის არის მართალი, რომ ყოველი ორსულობა თითო კბილით გვაზარალებს. ორსულობის დაგეგმვის დროს, პირველ რიგში, პირის ღრუს უნდა მიხედოთ, რადგან ფეხმძიმობის დროს კბილის მკურნალობა გაუტკივარების გარეშე მოგიწევთ.
ორსულობის დროს სექსი ბავშვის თავის ტრავმას იწვევს. აბსოლუტური სიცრუეა! ექიმები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გვირჩევენ ორსულობის დროს სექსს, თუ არის მოშლის საშიშროება ან რაიმე სახის ინფექცია. ამ შემთხვევაში, ბავშვის დაცვის მიზნით, ნამდვილად ღირს თავის შეკავება.