დიასახლისს სამზარეულოში ბევრი ისეთი საშუალება აქვს, რომლის გამოყენების ყველა საიდუმლო არც იცის. დღეს სწორედ ასეთზე, სახამებლის უჩვეულო გამოყენებაზე გვექნება რჩევები.
ხშირად ფანჯრების გაწმენდისას სასურველ ბზინვარებასა და სისუფთავეს ვერ ვღებულობთ. გამოიყენეთ სახამებელი. მისი დახმარებით მინები სუფთა და კრიალა დიდხანს დარჩება.
სუფრის დანა-ჩანგალი ყიდვის დღესავით იბზინებს, თუ ერთ ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზ სახამებელს გახსნით და ამ ნარევში გარეცხავთ მათ.
სტუმრების მიღების შემდეგ ნოხზე შეიძლება ლაქა გაჩნდეს, მის მოცილებაში კი სახამებელი დაგეხმარებათ. ფხვნილით ლაქა დაამუშავეთ და მტვერსასრუტით მოაცილეთ. თუ ლაქა არ სცილდება, სახამებელს იმდენი ბენზინი დაუმატეთ, რომ ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ და მისით გაწმინდეთ დალაქავებული ადგილი.
თუ კანი მზეზე დაგეწვათ ან მწერმა გიკბინათ, სახამებელი წყალში გახსენით და გაღიზიანებულ ადგილზე წაისვით. სანამ ნაკბენი ან დამწვრობა არ გაგივლით, სამოსის ჩაცმამდე, კანზე სახამებელი დაიყარეთ.
თუ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, მასში სახამებელი ჩაყარეთ და მთელი ღამე გააჩერეთ.
ეს საიდუმლო ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ და ამიტომაც მათ მუდამ უზადოდ გაუთოებული სამოსი ეცვათ. ახლა უამრავი სპრეი არსებობს, რათა სამოსს იდეალური მდგრადობა მიანიჭოს, მაგრამ ნატურალურს ვერაფერი შეედრება. გასაუთოებელი სამოსის საიდუმლო სითხეს შემდეგნაირად მოამზადებთ: გაფილტრულ წყალს (1 ჭიქა) დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი, არომატისთვის საყვარელი ეთერზეთის 2-3 წვეთი დაუმატეთ. ნარევი მოათავსეთ პულველიზატორიან სითხეში და ის მზადაა.
თუ სათამაშო ბანქო წებოვანი გახდა, კარტები მოათავსეთ ჰერმეტულად დაცულ ცელოფნის პარკში, ჩაყარეთ მასში სახამებელი და კარგად შეანჯღრიეთ. ახლა დაფერთხეთ პარკიდან სახამებელი და გაახლებული კარტი ამოიღეთ.
თუ ტყავის ქურთუკი ან სავარძელი დაგილაქავდათ, მასზეც დააფრქვიეთ სახამებელი და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით სველი ჩვრით გაწმინდეთ.
სხეულის პუდრასაც სახამებლისა და საყვარელი არომატიზატორის 1-2 წვეთის დამატებით დაამზადებთ.
დროდადრო პლუშის სათამაშოების მოწესრიგებაც გვიწევს და ამისთვისაც სახამებელი დაგვჭირდება. სათამაშო ჰერმეტულად დაცულ ცელოფნის პაკეტში მოათავსეთ და სახამებელი დააყარეთ. კარგად შეანჯღრიეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით კი მტვერსასრუტით დაამუშავეთ.
შინაური ცხოველების მოვლაშიც სახამებელი დაგეხმარებათ. იგი ადვილად იკარავს ბეწვში არსებულ ჭუჭყს და მის კარგ დავარცხნაშიც დაგეხმარებათ.
ხის ავეჯს იდეალურად დაგისუფთავებთ სახამებლისა და წყლის (1:1) ნაერთი.
ზოგჯერ ძველ წიგნებს უსიამოვნო სუნი უჩნდება. მათგან გასათავისუფლებლადაც სახამებელი დაგეხმარებათ, _ მოაფრქვიეთ წიგნის ფურცლებზე და კარგად დაფერთხეთ.
ნუ დახარჯავთ ფულს მშრალი შამპუნის საყიდლად. მასზე უკეთესი საშუალება სახამებელია. იგი იდეალურად გაგისუფთავებთ თმას. ხოლო თუ რამდენიმე წვეთ ლავანდის ეთერზეთსაც დაუმატებთ, თმას გაცხიმიანებისგანც დაიცავთ.
თუ ახალდაგებული ხის იატაკი ჭრაჭუნობს, მოაფრქვიეთ სახამებელი და მოხვეტეთ. სახამებელი ყველა წვრილ ღრიჭოს ამოავსებს და სახლში მშვიდად გადაადგილების საშუალება მოგეცემათ.
თუ ბავშვს პამპერსისგან კანი უღიზიანდება, აბაზანაში 1 ს/კ სახამებელი ჩაუმატეთ.
სახამებელი სოუსის გასქელებაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, არ გაგასუქებთ, რადგან არ შეიცავს გლუტეინს.
ერბოკვერცხის მომზადებამდე, ათქვეფილ კვერცხს ცოტა სახამებელი დაუმატეთ და თქვენი ერბოკვერცხი ჰაეროვან ომლეტად გადაიქცევა.
ძვირად ღირებული და მავნე დეზოდორანტის ყიდვა აღარ მოგიწევთ, თუ იღლიას სპირტით დაიმუშავებთ (უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიები რომ გაანადგუროთ) და სახამებელს დაიყრით.
ბავშვებისთვის სახატავი საღებავის მომზადებაშიც სახამებელი გამოგადგებათ. ამისათვის დაგჭირდებათ: 5 ს/კ სახამებელი, 2 ს/კ წყალი და საკვები საღებავი. შესაფერის ჭურჭელში ადუღებამდე მიიყვანეთ კარტოფილის სახამებელი და წყალი. უნდა იდუღოს დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. თბილს კი დაუმატეთ სასურველი საღებავის ფერი და აცადეთ გაციება. ახლა უკვე ხატვაც შეიძლება, როგორც ფუნჯით, ასევე ხელებით.