იმედი ყოველთვის და ყველაფერში არსებობს! თუნდაც გეგონოს, რომ შენი უსაყვარლესი ნივთი გადასაგდებია. სცადე ამ მეთოდების გამოყენება და გადაარჩინე შენი საყვარელი ნივთები. შეიძლება, ბევრი მათგანი უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ისინი ნამდვილად მუშაობს!
ტანსაცმლიდან ნებისმიერი უსიამოვნო სუნის მოშორება არყის მეშვეობით შეგიძლიათ – საკმარისია, უბრალოდ, შეასხუროთ ის პრობლემურ ადგილას.
აი, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუკი ჩვეულებრივი რეცხვა შედეგს არ იძლევა!
1. შალის, მჩხვლეტავი სვიტერი
ბევრი ვერ იტანს მჩხვლეტავ სვიტერს. თუკი ასეთი ნივთი თქვენს გარდერობში აღმოჩნდა, ნუ იჩქარებთ მისგან გათავისუფლებას. გაახვიეთ სუფთა, სველი სვიტერი პლასტიკატის ტომარაში და მოათავსეთ საყინულეში რამდენიმე საათით. გამლღვალი სვიტერი აღარასოდეს შეგაწუხებთ.
2. პომადისგან დარჩენილი ლაქები
პომადის ლაქები ტანსაცმლიდან თმის ლაქის მეშვეობით მარტივად სცილდება. დაასხით ცოტაოდენი ლაქი ლაქაზე, კარგად შეაზილეთ ის ხელსახოცის მეშვეობით და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესით. პომადას ასევე კარგად აშორებს ლიმონისა და სოდის ნარევი – საკმაოდ ხელმისაწვდომი ლაქებისამომყვანი.
3. ღილების დაფიქსირება
თბილ სამოსზე ღილები ადვილად წყდება, ხანდახან კი ყველაზე შეუფერებელ მომენტშიც. დააწვეთეთ ცოტაოდენი გამჭვირვალე ლაქი ღილის ცენტრში, პირდაპირ ძაფებზე და ის დიდხანს არ მოეშვება!
4. ტონალური კრემის ლაქები
საპარსი ქაფი ყველაზე ცხიმიან ტონალური კრემის ლაქებსაც აშორებს – დაასხით ლაქაზე ცოტაოდენი ქაფი, გაუსვით და რამდენიმე წუთში გაავლეთ ქსოვილი. თუ საპარსი ქაფი ან კრემი ვერ მოერია ლაქას, შეეცადეთ ამოიყვანოთ ტონალური კრემის ლაქა სამედიცინო სპირტით.
5. დეზოდორანტისგან დარჩენილი ლაქები
დააყარეთ ლაქიან ადგილას მარილი, კარგად შეაზილეთ და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ჩვეულებრივ გარეცხეთ. თუ დეზოდორანტის ლაქა შავ ტანსაცმელს დააჩნდა, დაასველეთ ლაქიანი ადგილი არყით და გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი გარეცხეთ.
6. ზამშის ფეხსაცმელი
ზამშის ფეხსაცმელზე ნებისმიერ ლაქას და ნაკაწრს მოაშორებთ ფრჩილის ქლიბით.
7. ჯინსი
თუკი ჯინსს მოათავსებთ პარკში და შედებთ საყინულეში, მოაცილებთ ნებისმიერ უსიამოვნო სუნს, რომელიც ჯინსის ქსოვილს ადვილად ედება. ჯინსის სრული დეზინფექციის გაკეთება კი ჩვეულებრივი რეცხვით შეიძლება.
8. ცხოველების ბეწვი ტანსაცმელზე
კატის ან ძაღლის ბეწვი ხანდახან ისე აჯდება ტანსაცმელს, რომ მისი უბრალოდ ჩამობერტყვა არ კმარა. თუმცა, ბეწვისგან გასუფთავების საიმედო მეთოდი არსებობს. ჩვეულებრივი ჯაგრისის მაგივრად, გამოიყენეთ სკოტჩი. რამდენიმე წუთი და ყველაფერი წესრიგში იქნება.