მიმწვარი ზედაპირით გაუთოება ჯოჯოხეთად შეიძლება გვექცეს - გაფუჭებული ტანსაცმელი ან თეთრეული, ლაქები, უსიამოვნო სუნი... გთავაზობთ ზედაპირის გაწმენდის რამდენიმე მეთოდს, რომელთა დახმარებით უთოობის პროცესი გაგიადვილდებათ.
მარილი
1. გასაუთოებელ დაფაზე გაშალეთ ძველი პირსახოცი, რომლის გაფუჭებაც არ გენანებათ.
2. მოაყარეთ პირსახოცს 1 ჩ.კ. მსხვილი მარილი;
3. გააცხელეთ უთო მაქსიმუმამდე
4. დააუთოეთ პირსახოცი იმ ადგილას, სადაც მარილია მოყრილი. ძალდაუტანებლად. მიმწვარი ფენა მარილს მიეკრობა, უთოს ზედაპირი კი ახალივით გახდება.
ძმარი
1. თანაბარი რაოდენობის მარილი და ძმარი მოურიეთ, გააცხელეთ, დუღილამდე არ მიიყვანოთ.
2. გააციეთ ხსნარი. მოირგეთ დამცავი ხელთათმანები, ნარევში დაალბეთ ტილო. გაწმინდეთ უთოს ზედაპირი. თუ ბოლომდე კარგად არ გაიწმინდა, მოუსვით ჯაგრისი.
3. ჯაგრისი აუცილებლად რბილი უნდა იყოს, მეტალიკური - არავითარ შემთხვევაში.
4. შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი სუფთა ტილოთი. ჩართეთ უთო და რაიმე უსარგებლო ნაჭერი გააუთოეთ გაწმენდის საბოლოო ეტაპისთვის.
ქიმიური გამწმენდი საშუალება
1. გადმოასხით უთოდან წყალი
2. ჩართეთ უთო, რეგულატორი დააყენეთ ბამბის ქსოვილის დაუთოებაზე.
3. აიღეთ სქელი ბამბის ქსოვილი, გაშალეთ საუთოებელ დაფაზე. ქსოვილს მოასხით ცოტაოდენი უთოს გასაწმენდი სპეციალური საშუალება.
4. წრიული მოძრაობით გააუთოეთ ქსოვილი. შემდეგ გამორთეთ უთო და ბოლომდე გააცივეთ. თუ მიმწვარი ფენა ისევ დარჩა, გაიმეორეთ პროცედურა. თუ კარგად გაიწმინდა, რაიმე უსარგებლო ნაჭერი გააუთოეთ გაწმენდის საბოლოო ეტაპისთვის.
ორთქლის გამომშვები ნასვრეტების გაწმენდა
1. დაასველეთ ბამბის ჩხირი ძმრისა და მარილის ხსნარში და გაწმინდეთ თითოეული ნასვრეტი.
ასე გაწმენდთ ჭუჭყს, რომელიც საშუალებას არ აძლევს ორთქლს, რომ თავისუფლად გამოვიდეს.
მეორე ეტაპზე გაიმეორეთ იგივე პროცედურა, ახლა უკვე სუფთა წყალში დასველებული ბამბის ჩხირით.
სხვა საშუალებები
სოდა - კარგი საშუალებაა მიმწვარი ზედაპირის გასაწმენდად. მოურიეთ სოდა და წყალი, ისე, რომ სქელი მასა გამოვიდეს. მიღებული მასით გაწმინდეთ ზედაპირი, შემდეგ მოუსვით სუფთა ტილო.
თანაბარი რაოდენობის წყალი და ძმარი ჩაასხით უთოს რეზერვუარში. შემდეგ ჩართეთ უთო და გაააქტიურეთ ორთქლის ფუნქცია. გააუთოეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში რაიმე ბამბის ქსოვილი. ამის შემდეგ ნარევი გადმოასხით, ხოლო ზედაპირი სუფთა ტილოთი გაწმინდეთ.