ოჯახის რომელიმე წევრმა შემთხვევით შემოსასვლელში კედელი დასვარა, ნორჩმა მხატვარმა თავისი ნამუშევრებით გაალამაზა შპალერი, საძინებელში ლაქის წარმოშობის საიდუმლო კი ჯერაც ამოუხსნელია? ნუ დაღონდებით, ჩვენ მოგითხრობთ, როგორ მოაცილოთ ნებისმიერი ჭუჭყი შპალერიდან.
შპალერის გაწმენდა
თავიდან უნდა გაერკვიოთ შპალერის სახეობაში: ქაღალდის ან ფლიზელინის შპალერის გაწმენდა საგრძნობლად განსხვავდება ვინილის ზედაპირისგან. რულონზე, როგორც წესი, აღნიშნულია წყალთან კონტაქტის დასაშვები დონე.
განსაზღვრა კი ასე შეგიძლიათ: აირჩიეთ კედლის მცირე ნაწილი, რომელიც თვალსაჩინო არ არის, მოუსვით საპნიან წყალში ჩამბალი ღრუბელი. თუ შპალერს არაფერი მოუვიდა, განაგრძეთ გარეცხვა.
სარეცხი საშუალებები
ეს შპალერის ჭუჭყისგან გაწმენდის ყველაზე სწრაფი ხერხია, ერთადერთი ნაკლით - რეკომენდებული არ არის ქაღალდის შპალერისთვის. ფლიზელინის ან ვინილისთვის კი - ზედგამოჭრილი. გარეცხვამდე მოუსვით ზედაპირს მშრალი ხელსახოცი, შემდეგ დაამუშავეთ სარეცხ საშუალებაში ამოვლებული ღრუბლით. რეცხვის შემდეგ კვლავ ხელსახოცი მოუსვით.
საშლელი ან მელამინის ღრუბელი
პატარა ლაქებს ჩვეულებრივი საკანცელარიო საშლელი წაშლის. მელამინის ღრუბელი კი (ლაქების საწინააღმდეგო თანამედროვე #1 საშუალება) მარკერებისა და მელნის კვალსაც შლის. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ეს საკმაოდ ძლიერი საშუალებაა და შესაძლოა, ფლიზელინის შპალერის ნახატები დააზიანოს. თავიდან სცადეთ პატარა შეუმჩნეველ ნაწილზე.
პურის გული
ამ ხერხს ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. მიაჭირეთ პურის გული რამდენიმე წუთით ლაქას. იგი ჭუჭყს შეიწოვს. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე.
ბენზინი, სპირტი
ეს ხერხი ყველა სახეობის შპალერს უხდება. შეურიეთ ბენზინი და კბილის სახეხი ფხვნილი. მიღებული მასა მოერევა ძველ ლაქებს: წაუსვით საშუალება და აცადეთ, სანამ ბოლომდე არ გახმება. ნარჩენები მოაცილეთ ჯაგრისით.
საწერი კალმის, ფლომასტრის, ყავისა და ჩაის ლაქებს მოაცილებთ სპირტში ჩამბალი ჩვრით.
სოდა, სახამებელი, ტალკი
ფლიზელინის შპალერიდან ლაქების მოსაცილებლად გამოდგება წყლისა და სახამებლის ნარევი (ან სოდის). მიღებული პასტა წაუსვით ლაქას და აცადეთ, სანამ გახმება. ნარჩენები მოაცილეთ ჯაგრისით, შემდეგ გარეცხეთ თბილი წყლით.
ქაღალდის შპალერის გასაწმენდად დაამუშავეთ ლაქა მშრალი ტალკით. ფხვნილის ნარჩენები მოაცილეთ ხელსახოცით.
უთო
მიადეთ ლაქაზე ქაღალდის ხელსახოცი და გააუთოეთ თბილი უთოთი. დროდადრო გამოცვალეთ ხელსახოცი და აცადეთ კედელს გაცივება. იმუშავეთ აკურატულად, რადგან უთოს კვალს შპალერს ნამდვილად ვერ მოაცილებთ.