აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და ყველა ჩვენგანი ცდილობს, წინასწარ მოემზადოს მისთვის. ზოგი ჯეჯილს რგავს, ზოგი ენდროს იმარაგებს და პასქისთვის საჭირო ინგრედიენტებს.
დღეს სააღდგომოდ ტრადიციულ წითელ კვერცხთან ერთად კვერცხისგან სხვადასხვაგვარ დეკორაციასაც ქმნიან, რაც, ვფიქრობთ, შესანიშნავია სადღესასწაულოდ ინტერიერისა თუ სუფრის გასალამაზებლად.
იდეები, რომლებსაც ახლა გთავაზობთ, უმარტივესია და დარწმუნებულები ვართ, ბევრ თქვენგანს მოეწონება.. ამიტომაც გირჩევთ, შეიარაღდეთ პატარ-პატარა დეტალებით: მსხვილი საქსოვი ძაფებით, ლენტებით, მაქმანებით და შეუდგეთ საქმეს.
იმისათვის, რომ მსგავსი დეკორაციები შექმნათ, დაგჭირდებათ:
- წებოს პისტოლეტი
- კვერცხის ნაჭუჭი ან პენოპლასტის კვერცხები.
- მულინეს ძაფები
სამუშაო პროცესი:
დააწებეთ ძაფის ბოლოები წებოს პისტოლეტით კვერცხზე. დაიწყეთ შემოხვევა კვერცხის ბასრი ბოლოდან.
დააფიქსირეთ ძაფი და ნელა და მჭიდროდ დაიწყეთ სპირალისებურად შემოხვევა. ადგილ-ადგილ აუცილებლად დააწებეთ დეკორი კვერცხზე.
შეგიძლიათ შეუხამო ძაფის რამდენიმე ფერი, რათა უფრო ეფექტური ორნამენტი მიიღოთ.
ნახეთ სააღდგომო კვერცხის მორთვის კიდევ მეტი იდეა. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, გამოიყენეთ მოსართავად ქსოვილის ყვავილები, ლენტები, მძივები და სხვა დეტალები.
ასევე იხილეთ: მოემზადეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის: დეკორის 15 გენიალური იდეა