ნიკალას შემოქმედება ჭიქებზე, ყელსაბამად ქცეული გალაქტიკა, ჭიქიდან კოვზამდე აფრენილი ალის ნინო - ეს ნათია ხაჩიძისა და მედეა ზაქარაიას კოლექციის მხოლოდ მცირე და გამორჩეული ნაწილია.
„ზოლების“ გოგონები სხვადასხვა მასალაზე ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ, რომლებიც ნებისმიერის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ახალგაზრდა შემოქმედებმა marao.ge-ს თავიანთი პროდუქცია გააცნეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
ძირითადად რაზე მუშაობთ? საიდან იღებთ ინსპირაციას, როგორ იბადება ახალი იდეები?
- ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ: ტიხრულ მინანქარს, პოლიმერული თიხის სამკაულებს, მოხატულ ჭურჭლებს, მოხატულ დღიურებს, თოვლის ბურთულებს, მოხატულ ტანსაცმელს და სხვა. საინტერესო ის არის, რომ ამ ყველაფერს ინდივიდუალური დიზაინით ვქმნით. ყველაზე მოთხოვნადი არის ჭიქები რელიეფური ფიგურით. ხშირად გვიკვეთავენ თავიანთი მეგობრების ფიგურებს, რომლებსაც უნიფორმა აცვიათ, მაგალითად, ექიმის ან ჯარისკაცის. ასევე, ძალიან ბევრი ფეხმძიმე ქალბატონი გვყავს გამოძერწილი.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
რა მასალას იყენებთ?
- სხვადასხვა ნაკეთობისთვის სხვადასხვა მასალას ვიყენებთ. ისეთებს, როგორიც არის ვერცხლი, მინა, პოლიმერული თიხა, აკრილის საღებავი. ვცდილობთ, საქართველოში წარმოდგენილი მასალებისგან ყველაზე ხარისხიანი ავარჩიოთ.
სახელი თუ აქვს თქვენს პროდუქციას და როგორ შეარჩიეთ ის?
- ძალიან დიდი ხანი მოვანდომეთ სახელზე ფიქრს. გვინდოდა, რამე მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი დაგვერქმია. ბოლოს გადავწყვიტეთ, „ზოლები“ ვყოფილიყავით.
თუ გაქვთ რაღაც მიმართულება არჩეული? თქვენს პროდუქციაზე უფრო რეალური საგნებია გამოსახული თუ ფანტაზიის ნაყოფია?
- როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვა სეგმენტზე ვმუშაობთ. როდესაც ვქმნით ნამუშევრებს ტურისტებისთვის, რა თქმა უნდა, ამაში ჩართულია ქართული თემატიკა - ჩვენი ქალაქების ხედები, მხატვრების მინიმალისტური რეპროდუქციები, სიმბოლური ნივთები და ასე შემდეგ. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ჩვენს გემოვნებას ენდობა და გვიკვეთავს უბრალოდ რამეს, მაგალითად, თავისი ფეხბურთელი მეგობრისთვის. ჩვენ ვთავაზობთ კომპოზიციას პროფესიის, საყვარელ პერსონაჟის, კუთხის ან ჰობის მიხედვით.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ყველა ნივთთან რაღაც მოგონებები გაკავშირებთ, მაგრამ რომელიმეს შექმნა რაიმე ისტორიას ხომ არ უკავშირდება?
- ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნამუშევრები იყო, როდესაც მე და ნათია ჩვენი საყვარელი ფილმების პერსონაჟებს ვაკეთებდით. გამოვძერწეთ: მერი და მაქსი, მაკრატელა ედვარდი, კორალაინი... ეს ჭიქები დიდად მოთხოვნადი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ დღემდე ყველაზე მეტად მოგვწონს.
ერთხელ ბათუმში ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვეთ, სადაც ერთმა ძალიან საყვარელმა ფრანგმა გოგონამ იყიდა ორი ვერცხლის კულონი. ორივე ყველაზე მეტად მომწონდა. რატომღაც ძალიან გამიხარდა მისი არჩევანი.
რა არის თქვენი, როგორც შემოქმედის მიზანი?
- სექტემბრიდან დიდი სახელოსნოს და სამხატვრო სკოლის გახსნას ვაპირებდით, მაგრამ სამწუხაროდ, დაფინანსებაზე უარი გვითხრეს. არ ვიცით, მოვახერხებთ თუ არა, თუმცა იმედი მაინც ჯერ კიდევ გვაქვს.
რითი გამოირჩევა თქვენი პროდუქცია სხვებისგან?
- რეალურად ძალიან ბევრი მუშაობს პოლიმერულ თიხაზე. მათგან რამდენიმე სუფთა და დახვეწილ ფორმებს ქმნის. ყველას თავისი ხელწერა აქვს და ნამუშევრებიც განსხვავებული გამოდის. ვინც ახლა იწყებს პოლიმერული თიხით მუშაობას, ჩვენი ან სხვისი ნამუშევრების ასლებს აკეთებენ, მაგრამ რასაკვირველია, განსხვავება მაინც დიდია. ჩვენ მოგვწონს მინიმალისტური ფიგურები და მაინც ვცდილობთ, ისე ძალიან არ გავამარტივოთ ფიგურები, რომ ადვილად გასამეორებელი იყოს.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც წარმატებით შეგვისრულებია იმ სირთულის შეკვეთები, რომლების შესრულებაზეც ჩვენზე გამოცდილ ხელნაკეთი ნივთების სპეციალისტებს უარი უთქვამთ.
თუ შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს ურჩიოთ, რა უნდა გაითვალისწინონ ხელნაკეთი ნივთის შეძენისას?
- აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ნამუშევრის სისუფთავეს და მასალის ხარისხს. შეკვეთის მიცემის დროს გასათვალისწინებელია, რამდენად მრავალფეროვანია შემოქმედის პროდუქცია და რამდენად ჰგავს შემკვეთის სასურველ სტილს ნამუშევრები.