დეკუპაჟი ნივთების გალამაზების ძალიან ძველი ტექნიკაა, რომელსაც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ავეჯის გასაფორმებლად იყენებდნენ გერმანიაში. დღეს კი ეს მეტად აქტუალური ტრენდია და ხშირად იყენებენ ინტერიერის დიზაინერები. დეკუპაჟი ასევე საინტერესო აქტივობაა მოზარდებისთვის, რომლებიც ხელსაქმით არიან დაინტერესებულნი.
დეკუპაჟის შესაქმნელად სასურველი ორნამენტი ან ფიგურა ქსოვილიდან, ქაღალდის ხელსახოცისგან, უბრალო ფურცლისა და ფოტოქაღალდიდანაც შეგიძლიათ გამოჭრათ. შემდეგ იგი სხვადასხვა სახის ავეჯსა თუ აქსესუარზე უნდა დააწებოთ.
ბოლო პერიოდში საქართველოშიც გაიზარდა დაინტერესება ხელსაქმისა და მათ შორის, დეკუპაჟის მიმართაც. სწორედ ამიტომ „ბიბლუსი გალერეის“ სივრცეში არსებულ „არტი და კრაფტის“ სახელოსნოში იგეგმება მასტერკლასის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც დეკუპაჟის შესწავლის მსურველები საკუთარი ხელით ლამაზი და საინტერესო ნივთების დამზადებას ისწავლიან.
მასტერკლასი გაიმართება 23 თებერვალს, შაბათს, 14:00 საათზე. 10 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობა. ღირებულება კი 11 ლარიდან 17 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალას შეარჩევს მონაწილე სამუშაოდ.
რაც შეეხება ზოგადად ხელსაქმეს, ის „ბიბლუსის“ ერთ-ერთი მიმართულებაა და სხვადასხვა აქტივობით ბავშვების, მოზარდებისა და არა მხოლოდ მათ დაინტერესებას ცდილობს კრაფტით. ამ მიზნით შეიქმნა „კრაფტერების კლუბიც“. კლუბი აერთიანებს 10-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც ეხერხებათ ხელსაქმე და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს ამზადებენ.
შეზღუდული ადგილების რაოდენობის გამო დეკუპაჟის მასტერკლასზე დასასწრებად აუცილებელია, რომ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია.