ხელსაქმე

რა არის კრიტიკული აზროვნება და თამაში, რომელიც მოზარდს განვითარებაში დაეხმარება

რა არის კრიტიკული აზროვნება და თამაში, რომელიც მოზარდს განვითარებაში დაეხმარება
განათლების თანამედროვე სტანდარტები დღითი დღე წინ მიიწევს და მოძველებულ სახელმძღვანელოებს სიახლეებით ვავსებთ, თუმცა რატომღაც ინოვაციური განათლება მხოლოდ კომპიუტერულ სისტემებთან, ხელოვნურ ინტელექტთან ასოცირდება და უგულებელვყოფთ სხვა ინიციატივებს, რომელთაც ისევე შეუძლიათ ბავშვის განვითარება, როგორც ამ უკანასკნელს.
კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა 21-ე საუკუნისთვის აუცილებელი უნარებია. მათგან უკანასკნელი შემოქმედებითობას, სიახლეებისადმი სწრაფვას გულისხმობს, მაგრამ რა შეიძლება ითქვას კრიტიკულ აზროვნებაზე? მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის უამრავი დეფენიცია არსებობს, ამბობენ, რომ სრულყოფილი არც ერთი მათგანი არაა და მეტიც, ზოგიერთი იმდენად ვიწრო და
არაფრის მომცემია, რომ ამ უნარის შინაარსს აკნინებს კიდეც.
ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები კრიტიკულ აზროვნებას ასე განმარტავენ:

„კრიტიკული აზროვნება ესაა ფიქრის რეჟიმი - საკითხის, საგნისა თუ პრობლემის მიმართ, რა დროსაც ანალიზისა და შეფასების გზით მოაზროვნე აუმჯობესებს აზროვნების ხარისხს. კრიტიკული აზროვნება არის თვითმმართველობის, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ის გულისხმობს ეფექტურ კომუნიკაციასა და პრობლემის მოგვარების გზების დახვეწას. ასევე, გვეხმარება გადავლახოთ ეგოცენტრიზმი თუ სოციოცენტრიზმი“.

მოზარდში კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულობის გასაღვიძებლად საჭიროა მას მიეცეს ფიქრის მიზეზი, ახალი იდეების გაჩენის საბაბი, უნდა აწყდებოდეს პრობლემებს, ცდილობდეს დასკვნების გამოტანას და შეცდომების გაანალიზებას.



თანამედროვე სამყაროში მხოლოდ წერა-კითხვა და არითმეტიკა რომ საკმარისი არაა, ამაზე არაერთხელ შევთანხმებულვართ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა არათუ გასაოცარი სიახლე, არამედ საგნების ახლებურად დანახვა. მაგალითად, ძაფებით, თაბახის ფურცლებით, ბისერებითა და მსგავსი საკანცელარიო ნივთებით სრულიად მოულოდნელ თამაშს ვქმნით, რომელსაც კრაფტი ეწოდება და ის მოზარდს გონების ვარჯიშში, საკუთარი იდეების განხორციელებაში ეხმარება. კრაფტით ბავშვს ათასგვარი სილამაზის შექმნა შეუძლია, მისი მთავარი მამოძრავებელი კი შედეგით ტკბობაა. განსხვავებით ტექნოლოგიისგან, ის ხელშესახები და რეალურია, თან არც ჯანმრთელობისთვისაა საზიანო. ბავშვის ამოუწურავი ფანტაზია რეალიზებას სხვადასხვა ფიგურის დამზადებასა და საკუთარი გემოვნებით მორთვაში პოულობს. პერიოდულად უშვებს შეცდომებს და ხვდება უზუსტობებსაც, თუმცა სწორედ ეს აძლევს მას ლოგიკური მსჯელობის, განსხვავებულად ფიქრის საბაბს და უბიძგებს კრეატიულობისკენ.

„კრაფტერი“ ბავშვები ეჩვევიან სიძნელეებს, არ აშინებთ კონკურენცია, ინტერესდებიან ერთმანეთის შემოქმედებით და მზად არიან ახალი იდეების გაზიარებისთვის. საინტერესოა, რომ მათი ყოველი ნამუშევარი უფრო და უფრო დახვეწილ და ორიგინალურ სახეს იღებს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თამაშის ეფექტურობაზე და იმაზე, რომ კრაფტი ბავშვს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ეხმარება. ამ უნარის გარეშე კი 21-ე საუკუნის სიძნელეებისთვის თავის გართმევა შემდეგ თაობებს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ და რა გასაკვირია, რომ მის განვითარებაზე ზრუნვა ადრეულ ასაკშივე უნდა დავიწყოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი