ბოლო დროს, ვინტაჟური სტილი პოპულარული გახდა არამხოლოდ სამოსის, არამედ ინტერიერის დიზაინშიც. ყოვედღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს სამზარეულოს, საძინებლისა და მისაღები ოთახის ავეჯსა და აქსესუარებს დაძველების ეფექტით. იმისთვის, რომ ამ ტენდენციას ფეხი აუწყოთ, სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კარგად მიმოიხედეთ, რამდენი რამ არის თქვენ გარშემო, რასაც აღარ იყენებთ? მაშინ დავიწყოთ:
ნუ გადააგდებთ ძველ დივანს
იმ შემთვევაში, თუ თქვენი დივანი ისეთივე რბილი და კომფორტული აღარ არის, როგორიც ყიდვისას იყო, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას. მარტივია, შეიძინოთ ბალიშები, რომლითაც დათხელებულ ადგილებს ამოავსებთ, მეტი სიახლისა და ესთეტიკურობისთვის კი გარედან გამოიყენეთ ინტერიერის შესაბამისი ქსოვილი. უპირატესობა მიანიჭეთ ბაც, სადა ფერებს, ეს თქვენს ოთახში ვინტაჟურ გარემოსა და მეტ სიმყუდროვეს შემოიტანს.
შეცვალეთ კომოდი ხის კალათით
პლატმასისა თუ სხვა არაბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ ითვლება ტრენდულად. თუკი თქვენს საძინებელსა ან მისაღებ ოთახში კვლავ შემოგრჩათ ასეთი ნივთები, მაგალითად კომოდი, ჩაანაცვლეთ ის ხის კალათით, რომელიც, თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ, გადაღებოთ კიდეც. ამით ოთახის ინტერიერს უფრო სასიამოვნოს, მყუდროსა და თანამედროვეს გახდით.
ნუ გადააგდებთ გამოუსადეგარ კიბეს
ალბათ, ყველა სახლში მოიძებნება ერთი ძველი ხის კიბე, რომლის არსებობის შესახებ აღარავის ახსოვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მას არასდროს გამოიყენებთ, ნუ იჩქარებთ გადაგდებას. ძველი ხის კიბე მარტივად შეიძლება აქციოთ დეკორატიულ თაროებად, რომელიც გარდა ვიზუალური დატვირთვისა, საკმაოდ ტევადი და საჭირო ნივთი გახდება თქვენთვის. გადაღებეთ ის და გააფორმეთ ინტერიერის შესაფერისად. გამოიყენეთ წიგნების, სუვენირებისა და სხვა ნივთებისთვის.
აქციეთ ყავის მადუღარა დეკორატიულ ქოთანდ
ყავის მოყვარულებისთვის დღეს წარმოუდგენლად ბევრი საშუალება არსებობს მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალურად გემრიელი ყავის მოსამზადებლად. ძველებურ მადუღარას, რომელიც ძალიან პოპულარული იყო გასული საუკუნის მიწურულს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცოტა ადამიანი თუ იყენებს. თუკი თქვენს სახლში ჯერ კიდევ მოიპოვება ის, არ დაიზაროთ, აქციოთ ორიგინალურ ქოთნად ყვავილებისთვის. საჭიროა მხოლოდ მოამზადოთ ნიადაგი და გადაიტანოთ მასში მცენარე. ასეთი ტრანსფორმაცია განსაკუთრებით მოუხდება სამზარეულოს.
ნუ გადაყრით ძველ თეთრეულს
თუკი საგულდაგულოდ გადანახული ძველი თეთრეული თქვენს სახლში ზედმეტ ადგილს იკავებთ და არ იცით, სად წაიღოთ, აი, მარტივი გამოსავალი. ძველი თეთრეული ყოველთვის გამოირჩევა ვინტაჟური ეფექტით, ამიტომ გამოიყენეთ ისინი პინკნიკის დროს, ან შეკერეთ მათაგნ ცხოველებისთვის სხვადასხვა აქსესუარი. შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიული ბალიშების გასაფორმებლადაც. ასეთი დეტალებით თქვენს საცხოვრებელ გარემოს უფრო მყუდრო და მშვიდ ელფერს შესძენთ.