ტექნიკური პროგრესის წყალობით, დღეს ჩვენი ყოველდღიურობა ბევრად გამარტივებულია და ალბათ, უკვე რთული წარმოსადგენია, როგორ უმკლავდებოდნენ საშინაო საქმეებს საუკუნეების წინ. მიუხედავად იმისა, რომ ბლენდერი, ყავის ელექტრომადუღარა თუ სხვა ჭკვიანი მოწყობილობები ჩვენი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი გახდა, მაინც მოიძებნება ისეთი, ერთი შეხედვით, პრიმიტიული ნივთები, რომელთა გადაყრას ან ჩანაცვლებას სულაც არ ვაპირებთ. თუ თქვენ ახლა თვალწინ ნივრის ძველებური საჭყლეტი წარმოგიდგათ, ის უსიამოვნო გრძნობაც გაგახსენდებოდათ, რომელიც მისი გარეცხვის დროს გეუფლებათ. ამ სტატიაში სწორედ ამ ნივთის სწორად გამოყენების შესახებ ვისაუბრებთ.

მართალია, ნივრის საჭყლეტის გამოყენება ბევრად მარტივია, ვიდრე მისი დანით დაჭრა ან გახეხვა, მაგრამ ამ პროცესს თან დისკომფორტიც ახლავს, მაგალითად, ნივრის თითოეული კბილის გარჩევა, უსიამოვნო სუნი ხელებზე, ნარჩენები საჭყლეტში და ა.შ. ყველა ამ პრობლემის გასაღები მხოლოდ ერთ პატარა საიდუმლოშია - არ გაარჩიოთ ნიორი!

დიახ, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება დავაქუცმაცოთ ნიორი ისე, რომ არ დავაცალკევოთ რბილობი და კანი, თუმცა სცადეთ და ნახავთ, რომ ამაში დროს სულ ტყუილად კარგავდით! საჭყლეტ ნიჟარაში, ძალდატანებისას, გარსი და რბილობი თავისთავად გამოეყოფა ერთმანეთს და შედეგად თქვენ დაზოგავთ დროსაც და ენერგიასაც.
გაითვალისწინეთ, რომ ნიორი მოხმარებამდე კარგად უნდა გარეცხოთ, რათა ჭუჭყი და ბაქტერიები საკვებში არ მოხვდეს.