გჯერათ თუ არა ცრურწმენების, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდებოდით ადამიანს, რომელიც შავი კატის დანახვისას გზაზე არ გადადის, ჩანგლის დავარდნისას სტუმარს ელოდება, მარილის დაბნევა კი რაღაც ცუდზე მიანიშნებს. ამგვარი რწმენები ადამიანების კოლექტიური მეხსიერების ნაწილია და იშვიათად ვინტერესდებით, როგორ შეიძინა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებმა საკრალური დატვირთვა. ამ რწმენათა რიგს განეკუთვნება მოსაზრებაც, რომ კვირა დღეს სარეცხის გარეცხვა არ შეიძლება. ოდესმე გაგჩენიათ კითხვა, რატომ?
რატომ არ რეცხავდნენ სარეცხს კვირა დღეს ჩვენი წინაპრები
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ცრურწმენები ხშირად რელიგიასთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, კვირა დღე მორწმუნე ადამიანებისთვის ლოცვისა და კეთილი საქმეების კეთების დღეა. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ კვირა ღმერთმა დასვენებისთვის შექმნა. დღეს ამ აზრს ბევრი სასულიერო პირი აღარ იზიარებს, თუმცა, თუკი ისეთი დიდი დღესასწაულები, როგორებიცაა, ბზობა, აღდგომა, შობა და სხვ., კვირა დღეს ემთხევა, გვირჩევენ, რომ სარეცხის გარეცხვისგან თავი შევიკავოთ. როგორც ამბობენ, ამას ოჯახისთვის უბედურებისა და განსაცდელის მოტანა შეუძლია.
ხალხური თქმულებები
როგორც ძველად ამბობდნენ, სარეცხის ორშაბათს გარეცხვას ფინანსური პრობლემების მოტანა შეუძლია. არსებობდა ასეთი აზრიც, რომ პარასკევს სახლის დალაგება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ხელიდან გაგივარდებათ, გაგიტყდებათ ჭიქები, თეფშები და ა.შ. ეს კი ნიშანი იქნება იმისა, რომ დალაგება ხვალისთვის უნდა გადადოთ.
კვირა, როგორც საკრალური დღე
როგორც უკვე მიხვდით, კვირა დღე ჩვენი წინაპრებისთვის დასვენების დღე იყო. ძველად კვირას არავინ მუშაობდა, სახლშიც კი არ საქმიანობდნენ და ამ დღეს სუფთა გონებითა და ხელებით ხვდებოდნენ. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ამ დღეს ხელსაქმეც აკრძალული იყო. ქსოვას, ქარგვასა თუ კერვას კვირას ჯანრმთელობის პრობლემების შექმნა შეეძლო. გარდა ამისა, კვირას თავი უნდა შეიკავოთ ჭორაობისგან, სხვების ცხოვრების განხილვისგან, ფულის გასესხებისა და საჭმლის მომზადებისგანაც კი. ამბობენ, რომ კვირა დღეს სამზარეულოში ტრიალი ფიზიკური დაზიანების, მაგალითად, ხელის დაწვის მიზეზი შეიძლება გახდეს.
თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს, რთულია, კვირა დღე დასვენებას მიუძღვნას, რადგან სწორედ ესაა ერთადერთი დღე, როცა სახლის საფუძვლიანად დალაგება, რამდენიმე დღისთვის საკმარისი სადილის მომზადება თუ მთელი კვირის განმავლობაში დაგროვებული სარეცხის გარეცხვა შეიძლება. ასეთ დროს, რთულია, გადაწყვიტო, რა გირჩევნია, სუფთა პერანგი თუ დამწვარი ხელი.