ხანგრძლივი და მოსაწყენი პროცესის გამო დიასახლისების დიდი ნაწილისთვის გაუთოება ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო საოჯახო საქმიანობაა. თუმცა არსებობს გარკვეულ ნორმები, რომლის სწორად შესრულების შემთხვევაში ამ ერთობ არასასიამოვნო საქმიანობას გაცილებით ეფექტიანად და სწრაფად დაასრულებთ. ეს არის მარტივი წესები.
• სანამ გაუთოებას დაიწყებთ, გაეცანი ქსოვილზე არსებულ იარლიყს, რომელზეც აღნიშნულია, თუ როგორ უნდა მოუაროთ აღნიშნულ ქსოვილს, შეიძლება თუ არა მისი გაუთოება და ა.შ. თუმცა ცხადია, აღნიშნული იარლიყი ყოველთვის არ გვხვდება. ამიტომ საჭიროა, კარგად ვიცოდეთ თითოეული ქსოვილის და მისი გაუთოების წესები.
• გააუთოეთ აუცილებლად სუფთა ქსოვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არსებული მანამდე შეუმჩნეველი ლაქები შესამჩნევი გახდება.
• დაიცავით უსაფრთხოების წესები. ყოველთვის შეამოწმეთ, არ იყოს გადახლართული უთოს კაბელი. არ დაგავიწყდეთ წყლის სათავსოს შევსება.
• დაუთოებისას არ შეეხოთ სამოსზე არსებულ ლითონისა და პლასტმასის შალითებსა თუ ღილებს, ვინაიდან დააზიანებენ უთოს ფსკერს.
• მოყავისფრო ნადები, რომელიც ხშირად ჩნდება უთოს ფსკერზე, შეგიძლიათ ძმრის, მარილის ან სპეციალური სითხის დახმარებით მოაშოროთ.
• თუ ახალი საუთოო დაფის შეძენას გადაწყვეტთ, შეიძინეთ ისეთი, რომელსაც ექნება სიმაღლის ცვლის საშუალება, რათა ხანგრძლივი უთოობისას იყოთ მაქსიმალურად კომფორტულად და დაიცვათ ხერხემალი ზედმეტი დატვირთვისგან.
• იმისათვის, რომ გაუთოების დრო შეამციროთ, ერთ ხერხს შემოგთავაზებთ: მაგიდის საფარის ქვეშ მოათავსეთ ფოლგის ქაღალდი. მისი მეშვეობით უთოს სითბო ქსოვილზე ორივე მხრიდან იმოქმედებს.
• გაუთოება დაიწყეთ სამოსის პატარა ნაწილებიდან. მაგალითად, მამაკაცის პერანგი ასეთი თანმიმდევრობით გააუთოეთ: საყელო, მანჟეტები, ღილკილოები, სახელო, ზურგი და ბოლოს კალთები.
• საყელოს გაუთოება დაიწყეთ უკუღმა მხრიდან და მერე გადადით წაღმა მხარეს. იგი უთოვდება კიდეებიდან ცენტრისკენ, რათა გარე ნაწილში არ გაჩნდეს ნაკეცები. ასევე ჯერ უკუღმა და შემდეგ წაღმა პირიდან უთოვდება მანჟეტები. ორმაგი მანჟეტის შემთხვევაში, გაშალეთ იგი, დააუთოეთ ნაკეცის გარეშე, შემდეგ კვლავ გადაკეცეთ შესაბამის ადგილას და გადანაკეცი დააუთოეთ.
• მამაკაცის და ქალის პიჯაკების გააუთოება სახელოებიდან დაიწყეთ.
• შარვალს გამობურცული ადგილები რომ აღარ ჰქონდეს, გააუთოეთ უკუღმა მხრიდან კარგად დასველებული ნაჭრით.
• ჰალსტუხის გასაუთოებლად მოათავსეთ მასში მუყაოს მკვრივი შაბლონი და ფრთხილად გადაუსვით უთო.
• თუ სამოსზე ნაქარგები ან აპლიკაციებია, პირველ რიგში, მათი გაუთოება დაიწყეთ უკუღმა მხრიდან.
• რაც შეეხება თეთრეულს, მათი გაუთოება საჭიროა საკმაოდ ცხელი უთოთი, რათა ქსოვილი არ გაყვითლდეს. ასევე, გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება გაუთოებული თეთრეულის შელაგება კარადაში მანამ, სანამ ქსოვილი კარგად არ გამოშრება.
• შალი და ნახევრად შალი. ასეთი ქსოვილები კარგად გააშრეთ და აუცილებლად სველი ნაჭრით, არა უმეტეს 180 გრადუს ტემპერატურაზე გააუთოეთ.
• ნატურალური და ხელოვნური აბრეშუმი - გააუთოეთ უკუღმა პირიდან, ოდნავ ნოტიო, საშუალო ტემპერატურით. თუ ქსოვილი კარგად გამშრალია, სველი ნაჭერი გადააფარეთ და ისე გააუთოეთ. გახსოვდეთ! არავითრ შემთხვევაში არ დანამოთ წყლით ხელოვნური აბრეშუმის ქსოვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე დარჩება შხეფების კვალი.
• სელი და ბამბა. ისინი სასურველია, ნოტიო და წაღმა პირიდან გაუთოოთ, ხოლო თუ ქსოვილი დაქარგულია - უკუღმა პირიდან.
• ხავერდი. უკუღმა პირიდან უთოს მცირე დაწოლით უთოვდება.
• ნატი და პლუში. მათი გაუთოება არ არის რეკომენდებული. ასევე არ საჭიროებს გაუთოებას ბუკლირებული და რელიეფური ტრიკოტაჟი.
• მაქმანი და ნაქსოვი. მათი გაუთოებისას, მით უმეტეს, რელიეფურად ნაქსოვი ქსოვილის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოათავსეთ მის ქვეშ რაიმე რბილი ქსოვილი, ზემოდან კი აუცილებლად გამოიყენეთ ნაჭერი. გააუთოეთ დაბალი ტემპერატურით, უთოზე მცირედი ზეწოლით და აუცილებლად ნოტიო და უკუღმა მხრიდან.
ნინო ჯანიძე
ჟურნალი "... და ქალი"