მანქანით რეცხვის საიდუმლოებები - Marao

მანქანით რეცხვის საიდუმლოებები

2018-06-06 12:45:43+04:00

სარეცხი მანქანის წყალობით ჩვენი ბებიების მსგავსად ხელით რეცხვა აღარ გვიწევს. მაგრამ არის წესები, რომელთა გათვალისწინებაც ყველას გვჭირდება.

რბილი სათამაშოები

აუცილებელია გარეცხვამდე სათამაშოს იარლიყს გაეცნოთ, ზოგიერთი პენოპლასტის ბურთულებითაა გამოტენილი და მისი გარეცხვა დაუშვებელია. თუ რბილი სათამაშო გარეცხვას ექვემდებარება, იგი სპეციალურ ბადეში ან ძველი ბალიშის პირში მაინც უნდა მოათავსოთ, რომ გარეცხვისას არ დაუზიანდეს ბეწვი.

ბოტასები

სპორტული ფეხსაცმელი დეფორმაციას რომ გადაარჩინოთ, ცივ წყალში უნდა გარეცხოთ. ამასთანავე, მასთან ერთად მანქანაში მოათავსეთ ძველი პირსახოციც რათა რეცხვა უფრო შეარბილოთ. გარეცხვამდე კი, ბოტასიდან ამოიღეთ მასში ჩასაფენი ქსოვილი (`სუპინატორი~) და თასმა. ისინი ცალკე უნდა გარეცხოთ.

ბალიშები

თანამედროვე ბალიშები ან ბამბითაა დატენილი, ან ე.წ. `სინტიპონით~ ამიტომ მათი გარეცხვა მაქნანაში თავისუფლად შეგიძლიათ, რასაც ვერ ვიტყვით ბუმბულის ბალიშებზე, მაგრამ გარეცხვის წინ მაინც გაეცანით იარლიყს.

ზურგჩანთები

გარეცხვამდე ჩანთას უნდა მოხსნათ ქამარი და ყველა მეტალის დეტალი. სასურველია, იგი ან გადმოაბრუნოთ და ისე მოათავსოთ მანქანაში ან ძველ ბალიშის პირში ჩადოთ და ისე გარეცხოთ.

რეზინისძირიანი ხალიჩები

თუ თქვენი ხალიჩა ბამბის ან სინთეთიკური ქსოვილისგანაა დამზადებული მისი გარეცხვა თამამად შეგიძლიათ. მთავარია, ძველი პირსახოციც ჩაუდოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რეზინისძირიანი ხალიჩა მანქანაში ორ თვეში ერთხელ უნდა გარეცხოთ, უფრო ხშირად არა, თორემ რეზინი დეფორმირდება.

მანქანის ხალიჩები

სანამ ხალიჩას მანქანაში მოათავსებდეთ, იგი ლაქების ამომყვანი სითხით უნდა დაამუშაოთ.

ფარდები

სარეცხ მანქანაში მხოლოდ დელიკატური ქსოვილის ფარდებს ვერ გარეცხავთ, _ დანარჩენს თავისუფლად. მთავარია, სწორად შეურჩიოთ რეცხვის რეჟიმი.

სუფრები, გადასაფარებლები

იმავეს თქმა შეიძლება, რაც ფარდებზე, მხოლოდ დელიკატური ქსოვილების გარეცხვა მოგიწევთ ხელით.

ჯინსი

გადააბრუნეთ და სარეცხ მანქანაში შიგნითა მხრიდან მოათავსეთ, განსაკუთრებით ჯინსის ის სამოსი, რომელიც ნაქარგებითა და მძივებითაა გაწყობილი. შეკარით ყველა ელვა და ღილი. გამოიყენეთ ფერადი ქსოვილების გასარეცხი ფხვნილი. აირჩიეთ ან დელიკატური რეჟიმი ან `ხელით რეცხვა~. მინიმალურად გაწურეთ (ან საერთოდ არ გაწუროთ) და მანქანიდან გამოღებული კარგად გაჭიმეთ.

ზამთრის ქურთუკები

შეკარით ყველა ღილი და ელვა, მანქანა დააყენეთ რეცხვის დელიკატურ რეჟიმზე. 30 გრადუსი სავსებით საკმარისია. ჩართეთ დამატებითი გავლების პროგრამა და რაც მთავარია, მანქანაში ქურთუკთან ერთად რამდენიმე (3-4 ცალი) ჩოგბურთის ბურთი მოათავსეთ, რათა გარეცხვის შემდეგ ქურთუკის ბამბა ან `სინტიპონი~ ერთ ადგილად არ შეგროვდეს და ქურთუკი უფრო ჰაეროვანი გახდეს.