პროდუქტების არასწორმა შენახვამ შეიძლება მათი გაფუჭება და არასასიამოვნო სუნის გაჩენა გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რათა პროდუქტებმა მაქსიმალურად დიდხანს და ჯანმრთელად გაძლონ.
მშრალი პროდუქტები
ბურღულეული, პარკოსნები და სახამებელი უმჯობესია ჰერმეტულად დაცულ კონტეინერებში, მშრალ და ბნელ ადგილას შეინახოთ. იქ ვერანაირი მწერი ვერ შეაღწევს. მაგრამ თავდაცვის მიზნით, კონტეინერის ძირზე შეგიძლიათ პატარა პოლიეთილენის პაკეტით მარილი ან ერთი კბილი ნიორი მოათავსოთ.
ჩაიმ გემო და არომატი რომ არ დაკარგოს, ფაიფურის ან მინის ქილაში მოთავსეთ. ყავაც ასევე მინის ან მეტალის ფორმაში. და აუცილებლად მშრალ ადგილას. ყავის მარცვლები საუკეთესო და ნატურალური არომატიზატორებია, _ მოათავსეთ რამდენიმე მარცვალი კარადაში, სადასც უსიამოვნო სუნის გაქრობა გსურთ.
რძის პროდუქტები
მაცივარში არასწორი შენახვის გამო ყველმა გემო რომ არ დაკარგოს, ფეტასა და ბრინზის მაგვარ ყველებს სველი ნაჭერი, ქაღალდი შემოახვიეთ, ხოლო მაგარ ყველები კონტეინერებში მოათავსეთ და შაქრის ერთი კუბი ჩაუდეთ.
რძემ რომ დიდხანს გაძლოს, ადუღებამდე ცოტაოდენი (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ლიტრ რძეზე) შაქარი ჩაუმატეთ. რძის შესანახად იდეალურია კერამიკული ან ემალირებული ქვაბი, რომელსაც მყარად ეხურება სახურავი.
კარაქი, მაცივარში შენახვამდე, გაუმჭვირვალე ფორმაში უნდა მოათავსოთ.
კვერცხი
გახსოვდეთ, რომ კვერცხი ორ კვირაზე მეტ ხანს არ ინახება. ამიტომ, დიდ მარაგს ნუ გააკეთებთ და ახალ-ახალი მოიხმარეთ.
ხორცი და თევზი
ხორცი, ძეხვი და ცხოველური ცხიმი (კარაქიც კი) სასურველი არაა პოლიეთილენის პაკეტში შეინახოთ. უმჯობესია, იგი ქაღალდში ან კილიტაში ("ფოლგაში") შეფუთოთ.
ხილი და ბოსტნეული
ყველაზე მალე მწვანილი ფუჭდება. იერიც ეკარგება და გემოსაც კარგავს. ამიტომ, ახალნაყიდი მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და მინის ქილაში მოათავსეთ, სახურავი დააფარეთ და მაცივარში შეინახეთ.
ახალ ხილს უმჯობესია სველი ქაღალდი ან ნაჭერი გადააფაროთ.
ნუ დატოვებთ მოხარშულ ბოსტნეულს იმ წყალში, რომელშიც მოხარშეთ. ბოსტნეული წყლით გაიჟღინთება და გემოს დაკარგავს.
შენახვამდე დაანაწევრეთ ბანანები და ისე შეინახეთ; ასე ერთმანეთს არ გადასცემენ დაზიანებასა და გაფუჭებას.
ლიმონი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ვიტამინებსა და იერს, თუ წყლიან ფორმაში შეინახავთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ წყალი ყოველდღე უნდა ცვალოთ.
სხვადასხვა პროდუქტი
ახალმომზადებული სოუსი ყინულის ფორმებში მოათავსეთ და გაყინეთ (განსაკუთრებით ზაფხულში).
გახსნილ კონსერვებს ნუ დატოვებთ თავისავე ფორმაში. გადაიტანეთ მინის ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი.
თუ დროჟიანი ცომი მოგრჩათ, ნუ გადააგდებთ, გაყინეთ. თუ რამდენიმე დღეში ისევ აპირებთ ცომის მომზადებას, გაალხვეთ და გამოიყენეთ.
პური უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ვადას, თუ საპურეში ვაშლის ნაჭერს დადებთ.
სანელებლები გაზის ქურასგან მოშორებით, მშრალ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ.